„მზესუმზირები“ (1970, სსრკ-იტალია, რეჟისორი ვიტორიო დე სიკა)
მუსიკა კინოფილმებიდან „საუზმე ტიფანისთან“, „ვარდისფერი პანტერა“, „სიცოცხლის იმიტაცია“, „დიდი ლებოვსკი“ კინოს ისტორიის მარგალიტებია, მრავალჯერ შესრულებული სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით. 4 „ოსკარი“ საუკეთესო მუსიკისთვის, 20 „გრემი“! ბევრი ვერ დაიტრაბახებს ასეთი წარმატებით. ტყუილად კი არ შეარქვეს იტალიელი ემიგრანტის შვილს „ჰოლივუდის მელოდიების ავტორი“.
მაგრამ ამერიკელ კომპოზიტორს არც იტალია დავიწყებია. 60-იანი წლების ბოლოს იგი მალევე დათანხმდა პროდიუსერ კარლო პონტის, დაეწერა მუსიკა ვიტორიო დე სიკას მელოდრამისთვის „მზესუმზირები“, რომელიც თავიდანვე ჩაფიქრებული იყო როგორც იტალიურ-საბჭოთა პროექტი, სოფია ლორენის და მარჩელო მასტროიანის მონაწილეობით. სხვათა შორის, სცენარზე მუშაობაში ნეორეალისტების „მთავარ კაცთან“, ჩეზარე ძავატინისთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ტონინო გუერამ და გიორგი მდივანმა - მელოდრამების ოსტატმა, შოთა მანაგაძის ფილმის, „კეთილი ადამიანების“ სცენარის ავტორმა.
სცენარი და მუსიკა დაიწერა. პროექტიც განხორციელდა. პრემიერაც დაიგეგმა. „მზესუმზირების“ პირველი ჩვენება ერთდროულად უნდა გამართულიყო მოსკოვსა და რომში. მაგრამ პრემიერის წინ იტალიურ მედიაში საპროტესტო წერილები დაიბეჭდა - გაიხსენეს მეორე მსოფლიო ომის დროს „აღმოსავლეთის ფრონტზე“ მებრძოლი მუსოლინის არმიის ჯარისკაცები, რომლებიც რუსების ტყვედ ჩავარდნენ. იტალიის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, მოსკოვი არ პასუხობდა, როგორ დასრულდა ამ ხალხის ცხოვრება და არ უბრუნებდა იტალიას დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებს.
ასევე ნახეთ მწარე და სასაცილო სიმართლე„მზესუმზირების“ გმირი, ანტონიო (მარჩელო მასტროიანი) ცოლად ირთავს ნეაპოლელ ქალს, ჯოვანას (სოფია ლორენი) იმ იმედით, რომ ახლად დაქორწინებული ომში გაწვევას გადაურჩება. მაგრამ მას მთლად აღმოსავლეთის ფრონტზე აგზავნიან, რუსეთში, სადაც ფაშისტური ქვეყნის ჯარისკაცებს ან ხოცავენ, ან ტყვეთა ბანაკებში ამუშავებენ. ჯოვანას სჯერა, რომ მარჩელოს დაღუპვის ამბავი სიმართლე არაა. იგი მიემგზავრება საბჭოთა კავშირში ქმრის საძებნელად. ანტონიო მართლაც ცოცხალია. მაგრამ მას რუსი ცოლი და შვილი ჰყავს.
პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე „მზესუმზირების“ სცენარით კაგებე დაინტერესდა. ცენტრალურ კომიტეტში გაიგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფილმში „ნაჩვენებია დასავლური ცხოვრების უპირატესობა საბჭოთა ყოფასთან შედარებით. ჩვენი ხალხი კი წარმოდგენილია მასად, რომელსაც ელემენტარული კულტურა არა აქვს. გარდა ამისა. ავტორები ტენდენციურად ამკვიდრებენ ბურჟუაზიული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საბჭოთა კავშირში ომში დაღუპული იტალიელი ტყვეების სასაფლაო არსებობდეს“.
სასაფლაოს ეპიზოდმა განსაკუთრებით გააღიზიანა საბჭოთა მხარე. კრემლიდან გაგზავნილი მოთხოვნის მიუხედავად, კარლო პონტიმ უარი თქვა სცენის ამოღებაზე იმ მოტივით, რომ „ამით დაირღვეოდა ფილმის მხატვრული მთლიანობა“. საბჭოთა კავშირის ელჩი იტალიაში პრემიერაზე არ მივიდა და თანამშრომლებს „მზესუმზირების“ ნახვა აუკრძალა. მოულოდნელად გადაიდო ფილმის პრემიერა მოსკოვში. არადა, ამ ფილმით საბჭოთა კინოგაქირავება წლიური გეგმის შესრულებას აპირებდა - სოფიას და მარჩელოს დუეტი ხომ წარმოუდგენლად პოპულარული იყო ჩვენში, ვიტორიო დე სიკას, „ველოსიპედების გამტაცებლების“ ავტორს კი კვლავაც „საბჭოთა ხალხის მეგობრად“ მიიჩნევდნენ.
ასევე ნახეთ კინო, რომელიც გაყინულ გულს ათბობს„მზესუმზირების“ სკანდალს მყისიერად შეეწირა კიდევ ერთი იტალიურ-საბჭოთა კინოპროექტი - მიხეილ კალატოზიშვილს უარი უთხრეს ახალი ფილმის გადაღებაზე - მისი „ქალაქ ტოლიატიში“ გვიამბობდა იტალიელ მუშაზე, რომელიც ჩავიდა საბჭოთა კავშირში და რუსი გოგონა შეუყვარდა.
მაგრამ „მზესუმზირები“ მაინც გაძვრა. ძალიან დიდი ფული დაიხარჯა ფილმისთვის. მით უმეტეს, რომ პრემიერის შემდეგ, ორივემ, მარჩელომაც და სოფია ლორენმაც ქება-დიდება არ მოაკლეს „უბრალო საბჭოთა ხალხს“, რომელიც „მზესუმზირების“ გადაღების დროს „ახლოს გაიცნეს და შეუყვარდათ“. ფილმის რეაბილიტაციას ხელი შეუწყო ტიტრებში ჩართულმა წარწერამ „ეს ამბავი მოგონილია და არ წარმოადგენს ისტორიულ ფაქტს“. წარწერა ერთადერთი კომპრომისი იყო, რომელსაც იტალიური მხარე დათანხმდა.
რა თქმა უნდა, „იტალიელი ჯარისკაცების სასაფლაო“, როგორც ასეთი, თანაც ობელისკებით, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა. ფაშისტ ოკუპანტებს აქ ადამიანურად არ კრძალავდნენ. და კარლო პონტი არ ფარისევლობდა, როცა ეს სცენა „სახიერ გადაწყვეტად“ მონათლა. „მზესუმზირები“ ხომ ანტისაომარი მელოდრამაა. ამბის სქემატურობა, თხრობის გამარტივება ერთგვარი მხატვრული პრინციპია. მაგრამ შეკვეცილ და შეთხზულ ისტორიას ფილმის პირველივე კადრებიდან აცოცხლებენ ვიტორიო დე სიკას რეჟისორული ოსტატობა, ლუკინო ვისკონტისა და ფედერიკო ფელინის ოპერატორის, ჯუზეპე როტუნოს კამერა (მოძრაობით დახრილი კუთხიდან ფრონტალურ კომპოზიციებამდე) და, ცხადია, დიდი მსახიობების სოფია ლორენის და მარჩელო მასტროიანის დუეტი... და რა თქმა უნდა, მანჩინის მუსიკა, რომელიც „ოსკარზე“ იყო წარდგენილი. თუმცა იმ წელს უფრო პოპულარულმა, ფრანსის ლეის „სიყვარულის ისტორიამ“ გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ „სუფთა კინო“ რეალიზმის წინააღმდეგმიუხედავად იმისა, რომ ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი 60-იანი წლების რუსეთშია გადაღებული (საბჭოთა მსახიობებით), მაყურებლის ხედვის წერტილი ბოლომდე „იტალიაში რჩება“. რუსული ფრონტი ფაქტობრივად სამხედრო ტრიბუნალის ალტერნატივას ჰგავს, სასტიკია და არაადამიანური. თავად საბჭოთა რუსეთის „ხრუშჩოვკებიანი“ პეიზაჟები გაშლილი, ფართო, მაგრამ ღარიბი და სითბოსგან დაცლილია. იშვიათია მელოდრამა, სასიყვარულო სამკუთხედი იხატებოდეს ისე რეალისტურად, როგორც „მზესუმზირებშია“. როგორც ჩანს, საბჭოთა ცენზორებსაც მახვილი თვალი აღმოაჩნდათ, როცა ვიტორიო დე სიკას ფილმში რაღაც საეჭვო დაინახეს.
ფილმის ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ქვემოთ კი, ფილმის საბჭოთა ვერსია, რუსულ ენაზე.