პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბრიუსელში მორიგი ვიზიტისას, 21 მარტს, სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა პროტოკოლი, რომლითაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებები უქმდება, - თუმცა რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, რომ ეს შეთანხმებები წლებია რაც აღარ მუშაობდა.
წინა დღეს სომხეთმა დიპლომატიური იმუნიტეტი მიანიჭა ევროკავშირის სასაზღვრო მისიას, რომელსაც მოსკოვი „რეგიონში ევროკავშირის მიერ რუსეთის შევიწროების“ ინსტრუმენტად აღიქვამს და ამბობს, რომ ევროკავშირი მას სომხეთის მეზობლებზე „ჯაშუშობისთვის“ იყენებს. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანას მისიის გაძლიერება სურს.
ერევანი აცხადებს, რომ აპრილში ევროკავშირი, აშშ და სომხეთი თანამშრომლობის ახალ ფორმატს გახსნიან, რომელიც ქვეყნის მედეგობას გააძლიერებს.
რა ხდება დსთ-სთან დაკავშირებით?
სომხური მედიის თანახმად, 21 მარტს, მთავრობის სხდომაზე, სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, მიიღოს პროტოკოლი, რომელიც აუქმებს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ-ის) ფარგლებში სომხეთის მთავრობის ხელმოწერილ მრავალმხრივ შეთანხმებებს.
დსთ რუსეთის გარშემო შექმნილი რეგიონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. საქართველომ იგი 2009 წელს, ომის შემდეგ დატოვა, უკრაინამ კი - 2018 წელს.
რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის, „სპუტნიკის“ სიტყვებით, შეთანხმებების გამაუქმებელი პროტოკოლი „მხოლოდ ახლა გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდეგ კი პარლამენტს, - მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებებს, რაც დოკუმენტშია აღნიშნული, უკვე დიდი ხანია, ძალა დაკარგული აქვს“.
მთავრობის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ სომხეთი დსთ-ს დატოვებს.
თუმცა ალიანსისადმი სომხეთის ხელისუფლების დამოკიდებულების გაციება რამდენიმე თვეა, ჩანს.
ნიკოლ ფაშინიანმა არ მიიღო მონაწილეობა დსთ-ს სამიტში, რომელიც 2023 წლის 13 ოქტომბერს ყირგიზეთში გაიმართა.
მოგვიანებით, 15 დეკემბერს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „სომხეთის ინტერესში არ არის“, რუსეთთან ალიანსები დატოვოს.
11 დღეში, 26 დეკემბერს, ფაშინიანი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა დსთ-ის ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
რუსეთის გარშემო არსებულ სამ ალიანსს შორის ერთისგან დისტანცირებაზე სომხეთმა უკვე გააკეთა საჯარო განაცხადი.
ფაშინიანმა თებერვალში განაცხადა, რომ „გაყინული“ აქვს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ წევრობა, - რასაც რუსეთით უკმაყოფილება განაპირობებს.
სომხეთი დღემდე რჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად. სომხეთის ეკონომიკა თითქმის სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული.
ასევე ნახეთ ფაშინიანი: სომხეთმა გაყინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა
დიპლომატიური იმუნიტეტი სასაზღვრო მისიას
იმ არაერთ ნაბიჯს, რასაც რუსეთი სომხეთისგან მტრულად აღიქვამს, ბოლო ორ დღეში რამდენიმე გადაწყვეტილება დაემატა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 21 მარტს გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ბელგიელ კოლეგას, ალექსანდერ დე კრუყს შეხვდა და ბელგიის საელჩოს გახსნაზე ესაუბრა.
აქვე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის სასაზღვრო მისიის მნიშვნელობას სომხეთისათვის.
სასაზღვრო მისია ერთი წლის წინ, 2023 წლის თებერვალში ამოქმედდა სომხეთის მთავრობის თხოვნის შემდეგ.
მისიის მიზანია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის პრევენცია და სროლების შემცირება.
თავდაპირველად მისიაში, რომელიც შეუიარაღებელი, სამოქალაქო პირებისგანაა დაკომპლექტებული, 138 დამკვირვებელი ირიცხებოდა. გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა მათი რაოდენობა 209-მდე გაზარდა.
2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, დაძაბულობამ სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო არეალებში გადმოინაცვლა - ზოგიერთ ადგილას შიგადაშიგ დღემდე ისვრიან.
ფაშინიანის ბრიუსელში წასვლამდე, 20 მარტს, სომხეთის ხელისუფლებამ დიპლომატიური იმუნიტეტი მიანიჭა ევროკავშირის სასაზღვრო მისიას.
უფრო ზუსტად, სომხეთის პარლამენტმა მოახდინა რატიფიცირება შეთანხმებისა, რომელიც ევროკავშირის მონიტორებს არათუ იმუნიტეტს ანიჭებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისაგან, არამედ ანიჭებს ქვეყნის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილების საშუალებას, სასაზღვრო პუნქტებზე ჩხრეკისა და სტანდარტული პროცედურების გარეშე.
რუსეთი მისიას „ჯაშუშობაში“ ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 20 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „რუსეთზე, ირანსა და აზერბაიჯანზე ჯაშუშობით არის დაკავებული“, რაც „ზრდის რეგიონში დაძაბულობას“.
მან ასევე თქვა, რომ ამის „მტკიცებულებები არსებობს“, თუმცა არცერთი ასეთი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.
მისია გუშინ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც და თქვა, რომ „საზღვარზე მისი ეფექტურობა საეჭვოა“.
„საკითხავია, რა არის მონიტორინგის მიზანი და რამდენად აღიარებს მას აზერბაიჯანული მხარე. თუ კარგად გვესმის, აზერბაიჯანულ მხარეს ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ამ მისიის ფუნქციონირებისადმი“.
რუსეთი მისიის არსებობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის ნაწილი აშშ-ისა და ევროკავშირის კამპანიისა, რუსეთი „განდევნონ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, - რომელსაც მოსკოვი დღემდე საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს.
სადამკვირვებლო მისიას აკრიტიკებს აზერბაიჯანიც, რომელსაც სურს, სომხეთთან მოლაპარაკებები დამოუკიდებლად აწარმოოს, - რაც მაქსიმალისტური შედეგების მიღებაში დაეხმარება.
გასულ თვეში ბაქოში ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, უსაყვედურეს მისიის „ნეიტრალურობის ნაკლებობის გამო“ და გააფრთხილეს, „ნუ მიაყენებენ ზიანს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“.
მაგრამ სომხეთის ხელისუფლება მისიის არსებობას მედგრად იცავს და აცხადებს, რომ იგი საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის განმუხტვაში წარმატებულ როლს ასრულებს.
გარდა ამისა, სომხეთისთვის ეს მისია არის ევროკავშირთან გაღრმავებული თანამშრომლობის ნაწილი.
„სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ და ყველა სხვა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას", - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა 20 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა, რომელიც ამჟამად ასევე ბრიუსელში იმყოფება, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ სომხეთს სურს, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს სასაზღვრო მისია.
ახალი ფორმატი ბრიუსელსა და ვაშინგტონთან
სომხეთის მთავრობა საუბრობს ევროკავშირში გაწევრების სურვილზეც.
წინა კვირას ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს წინადადებას, განხილულ იქნეს სომხეთისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
პარალელურად, ერევანი დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების შესაძლებლობებს ტესტავს.
21 მარტს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ 2024 წლის 5 აპრილს ბრიუსელში დაგეგმილია ფაშინიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის სამმხრივი შეხვედრა.
ფონ დერ ლაიენმა და ფაშინიანმა ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადეს, რომ ევროკავშირსა და აშშ-სთან საერთო ფორმატში გაიმართებოდა „ღონისძიება, რომლის მიზანიც სომხეთის მხარდაჭერა იქნება“.
უშიშროების საბჭოს მდივანმა გრიგორიანმა განაცხადა, რომ ღონისძიების მიზანია „სომხეთის მედეგობის გაძლიერება“.
დეტალები ჯერ უცნობია. „გვექნება შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ“, - თქვა მან. ვიცით მხოლოდ ის, რომ მხარეები განიხილავენ „სამმხრივი თანამშრომლობის საკითხებს სომხეთის განვითარებისათვის“.
თანამშრომლობის გაძლიერება ნატოსთან
ამავე კვირაში ერევანს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვია რეგიონული, სამხრეთკავკასიური ტურის ფარგლებში.
„იმედი გვაქვს, რომ სომხეთი-ნატოს თანამშრომლობის ახალი ფორმატი, „ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობის გეგმა“ (ITPP), მალე დამტკიცდება“, - განაცხადა ფაშინიანმა ერთობლივ ბრიფინგზე 19 მარტს.
იმავე დღეს სტოლტენბერგმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ITPP ნატოს საშუალებას მისცეს, დაეხმაროს სომხეთს თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
მოსკოვში არც ეს დინამიკა გამორჩენიათ - კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ყველას ესმის, რომ ნატოს მცდელობებმა, როგორმე გააფართოოს საკუთარი გავლენა, ნაკლებად სავარაუდოა, მოუტანოს სტაბილურობა კავკასიას“.
ასევე ნახეთ „ტესტი უკრაინის მხარდასაჭერად“ - ვაჯამებთ სტოლტენბერგის ვიზიტს ბაქოში, თბილისსა და ერევანშისაფრანგეთი - სომხეთის განსაკუთრებული მოკავშირე
გარდა ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა, სომხეთი ცდილობს, მათ წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთანაც განავითაროს ურთიერთობები.
სომხეთი, რომელსაც თავდაცვისუნარიანობის აღდგენის საჭიროება უდგას, გარდა ირანისა და ინდოეთისა, ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს, საფრანგეთისგან მიიღოს ასეთი დახმარება.
21 მარტს ბრიუსელში ვიზიტისას, ბირთვული ენერგიის სამიტზე, ფაშინიანი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. სომხეთის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, „ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, და სურვილს, გაძლიე შერდეს მრავალსექტორული თანამშრომლობა“.
ერთი თვის წინ, 2024 წლის 23 თებერვალს, ერევანს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ ეწვია.
- მინისტრის ვიზიტს (რასაც წინ უძღოდა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი პარიზში) თან სდევდა ღამის ხედვის აღჭურვილობის გადაცემა სომხეთისათვის.
- ვიზიტისას ხელი მოეწერა ფრანგულ კომპანია PGM-თან შაშხანების შეძენაზე შეთანხმებას.
- მიმდინარეობს მოლაპარაკებები მცირე რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, „მისტრალების“ შესყიდვის შესახებ.
- რამდენიმე თვით ადრე სომხეთმა საფრანგეთისგან, საქართველოს გავლით, მიიღო მრავალფუნქციური ტაქტიკური ჯავშანტრანსპორტიორები, „ბასტიონები“.
უკრაინაში რუსეთის ომის გაჭიანურებისა და აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთის ინტერესების შევიწროების შემდეგ, პარიზი, რომელიც მოსკოვისადმი ნაკლებად კონფრონტაციული რიტორიკით გამოირჩეოდა, მკვეთრად აძლიერებს მოსკოვის საწინააღმდეგო რიტორიკას და ამკვეთრებს სტრატეგიულ ფოკუსს ევროპის აღმოსავლეთით.
ასევე ნახეთ რუსეთი მიზანში და აღმოსავლეთი პარიზის სტრატეგიულ ფოკუსში - სად დგას საქართველო?