Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: სომხეთმა გაყინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი დაადანაშაულა სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

22 თებერვალს, საღამოს, ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს.

2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.

ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებითვე, ბოლო წლებია რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია".

სომხეთის ქალაქ გიუმრიში 1995 წლიდან განთავსებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა. ერევნის და მოსკოვის ხელშეკრულებას, რომლიც საფუძველზეც ეს ბაზა არსებობს, ვადა 2044 წელს ეწურება.

XS
SM
MD
LG