- რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა;
- მისი თქმით, ეს ფაქტი გამომდინარეობდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებიდან;
- გავრილოვი იმედოვნებს, რომ დაისჯება ყველა ის პირი, ვინც მათ თბილისში დაესხა თავს და ემუქრებოდა;
- გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო;
- მოსკოვის საგანგებო სამიზნეა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი აკაკი ბობოხიძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ქართული მხარის მიპატიჟებით აღმოვჩნდი, - განმარტავს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, ტელეარხ „როსია 1“-თან (РОССИЯ 1) ინტერვიუში.
ამბობს ასევე, რომ მას, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტს ეკუთვნოდა თბილისში დაგეგმილი სხდომების წაყვანა. სხდომის ადგილი კი, საქართველოს ხელისუფლებამ შეარჩია.
„ჩვენი წესდებისა და პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაიყვანონ პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა - მე და ჩემმა კოლეგამ საბერძნეთიდან. სხდომას ჩვენ პრეზიდიუმიდან ვუძღვებით. მე ნებისმიერ სხვა ადგილზეც თანახმა ვიყავი და მზად ვიყავი პატარა სკამზეც მემუშავა... მაგრამ ქართველებმა ჩათვალეს, რომ საერთაშორისო იმიჯის, სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯის განსამტკიცებლად, სწორი იქნებოდა, რომ 23 ქვეყნის დელეგაციებს თავი მოეყარათ სწორედ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მე, როგორც პრეზიდენტმა, სხდომა გავხსენი და მიმყავდა“.
გავრილოვი ამბობს, რომ ხმაურიანი პროტესტი მისთვის მოულოდნელი იყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს.
ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც 20 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაბლოკეს, სერგეი გავრილოვი ირონიულად „ყოჩაღებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ისინი უყვიროდნენ აბსოლუტურად ყველა ეროვნების დეპუტატს - „გხოცავდით და კვლავაც დაგხოცავთო“.
„ცხადია, ამან გამოიწვია შოკი და არა მხოლოდ ჩემში. მთელმა ასამბლეამ, აფრიკის დელეგაციის ჩათვლით, სოლიდარობის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი და ჩვენ მუშაობა გავაგრძელეთ სასტუმროში, სადაც ასევე იყო თავდასხმის საფრთხე. მაგრამ სხდომა ჩვენ მაინც ჩავატარეთ და ფაქტობრივად, სასტუმროდან გამოსვლის დროს განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - ვისგან მოდიოდა ფიზიკური ანგარიშსწორება? - გავრილოვი პასუხობს, რომ მისი აზრით, „ისენი იყვნენ რადიკალები და მათი ქმედებებიდან გამომდინარე, არაადეკვატურ მდგომარეობაში იყვნენ“.
რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი ასევე ამბობს, რომ მომხდარმა ყველაზე დიდი დარტყმა საქართველოს რეპუტაციას მიაყენა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს შორის (რუსეთსა და საქართველოს შორის) ურთიერთობები ძლიერდება და მყარდება ტურიზმისა და ეკონომიკის დონეზე, არის სურვილი, რომ პოზიტიური განვითარება შეაჩერონ... წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს საქართველოს რეპუტაციისთვის ის ფაქტი, რომ დაპატიჟოს სტუმრები, უსაფრთხოება უზრუნველჰყოს და შემდეგ თავს დაესხას და მკვლელობებით დაემუქროს. ვფიქრობ, რომ ესენი არ არიან ქართველები კლასიკური გაგებით. ესენი არიან რადიკალები, რომლებიც ხელისუფლებისკენ ილტვიან ნებისმიერი გზით, მათ შორის - ანტირუსული რიტორიკით და მათ შორის - საქართველოს საერთაშორისო იმიჯის განადგურებით“.
ასევე ნახეთ კახა კალაძე: წინასწარ უნდა გვეფიქრა ამ შეხვედრის ჩატარება შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის სხდომათა დარბაზშიგამოდის, რომ, საერთო ჯამში, ეს თქვენს გამო არ მომხდარა - ასეთია ჟურნალისტის დასკვნა, რასაც გავრილოვი ეთანხმება.
დეპუტატი გავრილოვი ჟურნალისტს პასუხობს, რომ - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
„ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - უმცირესობა ცდილობს, რომ რადიკალი აქტივების მობილიზებით, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, შევარდეს ხელისუფლებაში და სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ავლენს სისუსტეს რადიკალების საპასუხოდ. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება მიიღებს ყველაზე ხისტ ზომებს მათ გამოსავლენად, ვინც გვემუქრებოდა, თავს დაგვესხა და რომ ამ პირებს, შესაძლოა - დეპუტატების ჩათვლით, დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა“.
სერგეი გავრილოვთან გამომშვიდობებისას, ჟურნალისტმა მუქარით დაამატა, რომ - მთავარია იმ დეპუტატის პოვნა, რომელიც ყვიროდა - რუსებს გხოცავდით და კვლავ დაგხოცავთო - "ამ ადამიანს არ უნდა ასცდეს სამართლიანი შურისგება".
20 ივნისს ამ შინაარსის სიტყვები "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ თქვა. ხოლო შემდეგ რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ აფხაზეთის ომის მონაწილეა და რუსეთის წინაშე უკან არასოდეს დაიხევს, თუმცა - იმედი აქვს,რომ ომის საჭიროება აღარ იქნება.
ასევე ნახეთ აკაკი ბობოხიძე: რუსი დეპუტატის ნაცვლად წყალი ესტონელს შევასხი20 ივნისს, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს, განგაში ატეხეს საპარლამენტო ოპოზიციის წამომადგენლებმა და სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა.
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ - დაუშვებელი იყო სხდომის გაგრძელება.
პროტესტი გამოხატეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლებმა და პირველი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
სერგეი გავრილოვმა და სხვა რუსმა დეპუტატებმა დაგეგმილზე ორი დღით ადრე, სასწრაფო წესით დატოვეს საქართველო. მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სადამსჯელო სანქციები მოჰყვა.
დიდი სამოქალაქო მღელვარების ფონზე, 21 ივნისს პოსტიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; ხოლო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატი დატოვა.
მანამდე, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო. საავადმყოფოში მოხვდა 240-მდე ადამიანი, 305 პირი დააკავეს.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება.