Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ბობოხიძე: რუსი დეპუტატის ნაცვლად წყალი ესტონელს შევასხი


„ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს შეეშალა და წყალი, რუსი დეპუტატის ნაცვლად, ესტონეთის წარმომადგენელს შეასხა. როგორც ბობოხიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, შეცდომისთვის ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ნათქვამ ყველა სიტყვას ძალაში ტოვებს რუსი დეპუტატების მისამართით.

„ადამიანი, რომელსაც წყალი შევასხი, აღმოჩნდა ასამბლეის წარმომადგენელი ესტონეთიდან და არა რუსეთიდან... იმ კონკრეტულ შემთხვევაში მე ის რუსი დეპუტატი მეგონა. მაგრამ ჩემი სიტყვები ძალაშია რუსი დეპუტატების მისამართით.

დიახ, მე ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე და არა მაქვს სურვილი დავიხიო უკან რუსების წინაშე. თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, რომ დაპირისპირება მოხდეს... იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვების შესრულების აუცილებლობა არ დადგება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აკაკი ბობოხიძემ.

წყლის შესხმის ეპიზოდი 20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, ხმაურიანი პროტესტის ფონზე, როდესაც ოპოზიციის ძალისხმევით ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა.

„მე ვკლავდი თქვენიანებს, ვკლავდი და ისევ მოვკლავ... წაეთრიეთ აქედან... თუ არ წაეთრევით... წადით უკან...“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, დეპუტატმა ბობოხიძემ სპიკერატის ტრიბუნიდან შეასხა წყალი ასამბლეის სხდომის მონაწილეს.

მას შემდეგ, რაც აკაკი ბობოხიძემ შეიტყო, რომ წყალი რუსი დეპუტატის ნაცვლად, ესტონეთის წარმომადგენელს შეასხა, ჩავიდა მასთან, გადაეხვია და ბოდიშიც მოუხადა.

20 ივნისს, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატებმა დაიკავეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

ისინი აპროტესტებენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის ადგილის დაკავებასა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომის წაყვანას.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, სწორედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა სხდომას.

ამ ფაქტმა საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია. განრიგის მიხედვით, ასამბლეის 26-ე სესია 22 ივნისამდე გრძელდება. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი გავრილოვმა უკვე დატოვა საქართველო.

XS
SM
MD
LG