უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, იანვრის პირველი რიცხვებიდან დაწყებული, რუსეთი, დაქირავებული მებრძოლებითა და სამხედრო აღჭურვილობით, აქტიურად აძლიერებს დონბასის რეგიონში მოქმედ უკანონო პრორუსულ შეიარაღებულ ძალებს.
ასევე ნახეთ უკრაინის დაზვერვის ცნობით, დონბასში გასაგზავნად რუსეთი აქტიურად აწარმოებს „დაქირავებულთა შეკრებას“
21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატა ემზადება განიხილოს კომუნისტთა ფრაქციის მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ რუსეთის დუმა განიხილავს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების წინადადებას
„ეს იქნება ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისი“
ბოლო დღეებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, უპირატესად კი, შორეული აღმოსავლეთიდან, დასავლეთის მიმართულებით სამხედროებისა და ტექნიკის გადასროლა. როგორც რადიო თავისუფლებისა და პროექტ Conflict Intelligence Team-ის (CIT) გამოძიებამ აჩვენა, სამხედროების ნაწილი მიემგზავრება ბელარუსში, სადაც თებერვალში ერთობლივი, რუსეთ-ბელარუსის ოპერატიული წვრთნა გაიმართება, მაგრამ ნაწილი, ხანგრძლივი მივლინებით, უკრაინის საზღვრისპირა რუსეთის რეგიონებში ჩადის.
ასევე ნახეთ რუსეთის ჯარი უკრაინას ბელარუსის საზღვრიდანაც უახლოვდება
უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებს, რომ რუსეთი ბოლო კვირის განმავლობაში აქტიურად აძლიერებს დონბასის რეგიონში მოქმედ უკანონო პრორუსულ შეიარაღებულ ძალებს.
7 იანვრიდან დაწყებული, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დონბასელმა სეპარატისტებმა შეიარაღებაში მიიღეს ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა. ასევე 7 000 ტონა საწვავი.
უკრაინის სამხედრო დაზვერვისვე ცნობით, რუსეთში შექმნილ გადაბირების ცენტრებში ხორციელდება „დაქირავებული მებრძოლების აქტიური შეკრება“, რომლებიც ინტენსიური მომზადების შემდეგ დონეცკსა და ლუგანსკში იგზავნებიან.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი ამზადებს ნიადაგს, რომ „რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის“ საბაბით სამხედრო ძალით დაიპყროს უკრაინის რამდენიმე ტერიტორია, მათ შორის - ხარკოვი. ამის შესახებ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რუსეთს საბაბი სჭირდება: იტყვიან, რომ იცავენ რუსულენოვან მოსახლეობას. ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ ჩვენ გვესმის, რომ ეს შესაძლებელია და ეს შესაძლოა მოხდეს, მაგრამ არ ვიცი, თუ რას აპირებენ, რადგან ეს დიდი ქალაქებია. ხარკოვში მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. ეს არ იქნება უბრალო ოკუპაცია: ეს იქნება ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საერთაშორისო საზოგადოებისადმი აპელირებისა და პრევენციული განცხადებების გარდა, უკრაინა აქტიურად ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ქვეყნის თავდაცვა.
გასული წლის ბოლოს უკრაინამ თურქეთისგან რამდენიმე ერთეული „ბაირაქთარი“ (Bayraktar TB2), ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო თვითმფრინავი შეიძინა.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდება უკრაინისათვის, რათა რუსეთის პოტენციური თავდასხმის მოგერიებაში დაეხმაროს ქვეყანას, რომლის საზღვრებთან კვლავ რჩება თავმოყრილი რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალა.
უკრაინული მედიის თანახმად, საუბარია გერმანიის არმიის შეიარაღებაში არსებულ შვედურ კონცერნ SAAB-ის მიერ გამოშვებულ მსუბუქ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა NLAW-ზე. ამ ყუმბარსატყორცნის მოქმედების პრინციპი ძალიან ჰგავს ამერიკული „ჯაველინისას“, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ისგან ბოლოს შარშან შემოდგომაზე მიიღეს.
ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყნის, ჩეხეთის მთავრობა მომდევნო კვირაში განიხილავს უკრაინისათვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხს.
ასევე ნახეთ ჩეხეთი უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალებს მიაწვდისმიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც ლაპარაკია თავდაცვითი შეიარაღების სისტემებზე, ნატოს კიდევ ერთი ქვეყნის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას „სახიფათოდ“ მიიჩნევს მოსკოვი, რომელსაც 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული.
გაღმა გამოდავების პრინციპით, მოსკოვი და მისი მხარდამჭერი დონბასელი და ლუგანსკელი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ კიევმა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში გადაისროლა 8 ერთეული „სმერჩისა“ და „ურაგანის“ ტიპის რეაქტიული სისტემები, რასაც სეპარატისტები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებისათვის“ სამზადისად მიიჩნევენ.
ამ ცნობების ფონია დაძაბულობის უპრეცედენტო ესკალაცია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. მრავალრიცხოვანი წყაროები იუწყებიან რეგიონში რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი დაჯგუფებების კონცენტრაციაზე. დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები შიშობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. კრემლი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებასა და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში ყველა წაგებული აღმოჩნდება. „დაიკარგება ასობით ათასი სიცოცხლე“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჯერაც შესაძლებელია“ რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციისთვის ხელის შეშლა დიპლომატიური გზით. მაგრამ თუკი ეს არ გაჭრის, დასძინა მან, დასავლეთი მზადაა „ძალით პასუხისთვის“.
ასევე ნახეთ ბლინკენი: ჯერაც შესაძლებელია უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის დიპლომატიური გზით ხელის შეშლა„თუ ნებისმიერი, ვიმეორებ, ნებისმიერი რუსული ქვედანაყოფი გადალახავს უკრაინის საზღვარს - ეს იქნება ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვება მკაცი და კოორდინირებული ეკონომიკური პასუხი. ის მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და სრულიად ცხადად გავაცანი პრეზიდენტ პუტინს“, - განაცხადა 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ხოლო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, გააფრთხილა მოსკოვი, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მას ახალი ავღანეთი და ჩეჩნეთი ელოდება.
21 იანვარს ჟენევის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა დასავლეთს, დასრულდეს „ანტირუსული ისტერია“ უკრაინის კონფლიქტის სფეროში. რუსეთი არავის ემუქრება და არცერთ ქვეყანაში შეჭრას არ აპირებს, თქვა ლავროვმა ჟენევაში.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დამუქრებიან „უკრაინელ ხალხს“.
„ერთიც და მეორეც შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს“
აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს ყირიმს, სადაც ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით რუსეთმა 2014 წლის თებერვალში ჯერ ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა. განდევნა იქიდან კიევის მხარდამჭერი პოლიტიკოსები და იარაღის ქვეშ უზრუნველყო უკანონო რეფერენდუმის გამართვა, რომელზეც ყირიმის, სიმფეროპოლისა და სევასტოპოლის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი რუსეთთან შეერთებას დაუჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით, რუსეთი სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს, მოსკოვში დაწყებულია მზადება რუსეთის ხელისუფლების მიერ უკონტროლო ტერიტორიების აღიარების მიმართულებით.
ოთხშაბათს რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატთა ჯგუფმა და მათმა ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო დუმაში წარადგინეს ქვედა პალატის დადგენილების პროექტი, რომელშიც პარლამენტარები ოფიციალურად მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თხოვნით, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
ამ წინადადებასთან დაკავშირებით, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უგულებელყოფს მინსკის შეთანხმებებს, ხოლო ნატოს სურს „უკრაინის ოკუპირება“. „ერთიც და მეორეც შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ვოლოდინმა და დასძინა, რომ მოსკოვმა უნდა გამოძებნოს გზა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები თანამემამულეების დასაცავად.
21 იანვარს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვს შეკითხვა დაუსვეს სახელმწიფო დუმაში შეტანილი პროექტის შესახებ, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრებზეც განიხილებოდა. მაგრამ რუსეთმა დაარწმუნა დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლები, რომ უარი ეთქვათ დამოუკიდებლობის შესახებ თავიანთ გადაწყვეტილებაზე და დათანხმებოდნენ მინსკის შეთანხმებას იმ პირობით, რომ უკრაინის ხელისუფლება დონეცკსა და ლუგანსკს კონსტიტუციით მიანიჭებდა განსაკუთრებულ სტატუსს ერთიანი უკრაინის შემადგენლობაში.
სახელმწიფო დუმაში დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პროექტის შეტანის შემდეგ, რუსი პოლიტოლოგების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ კრემლი ამზადებდეს სეპარატისტული უკრაინული მიწების დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს.
„რუსეთი აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს და მიიღებს მათ საკუთარი ქვეყნის შემადგენლობაში, თუ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები რაღაც მომენტში ჩიხში შევა“, - აცხადებს რუსული პოლიტოლოგი ვლადიმირ კორნილოვი.
რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში, მომდევნო კვირაში გაიმართება ფრაქციების ხელმძღვანელთა კონსულტაციები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელზე რუსი კომუნისტებისა და მისი ლიდერის მიერ შემუშავებული მიმართვის პროექტზე.
ნიშანდობლივია, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის მოთხოვნებზე წერილობით პასუხს აშშ-ისგან რუსეთი სწორედ მომავალ კვირაში ელოდება.
გასული წლის 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული შეთანხმების პროექტით, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, ნატომ უარი უნდა თქვას ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე.
ასევე ნახეთ კომპრომისი, რომელიც კიევს და თბილისს აშინებსმოსკოვის მოთხოვნის პასუხად, აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ არ იქნება არავითარი კომპრომისი ნატოს ფუძემდებელ პრინციპებთან დაკავშირებით. „მათ შორის, ყოველი ქვეყნის უფლების თაობაზე, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კი რუსეთს შეახსენა, რომ ნატოს მიმართ რუსეთის პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არასოდეს შეუქმნია საფრთხე რუსეთისათვის.
„რუსეთი აცხადებს, რომ პრობლემას ნატო წარმოადგენს, მაგრამ ერთი შეხედვით ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, რუსეთი კი - შეიჭრა. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელსაც არ აქვს აგრესიული ზრახვა რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, რუსეთთან თანამშრომლობისკენ მიმართული ნატოს ძალისხმევა, რომელიც წლებს ითვლის, რუსეთის მიერ იქნა უარყოფილი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა, 20 იანვარს, ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში სიტყვით გამოსვლის დროს.
ასევე ნახეთ ენტონი ბლინკენი: რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, რადგან მოსკოვს მეზობელი სახელმწიფოების მარიონეტებად ქცევა სწადია