რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში, მომდევნო კვირაში გაიმართება ფრაქციების ხელმძღვანელთა კონსულტაციები რუსეთის კომუნისტური პარტიის მიერ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელზე შემუშავებული მიმართვის პროექტზე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების, დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას ითვალისწინებს.
ოთხშაბათს რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატთა ჯგუფმა და მათმა ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო დუმაში წარადგინეს ქვედა პალატის დადგენილების პროექტი, რომელშიც პარლამენტარები ოფიციალურად მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს, თხოვნით, რომ აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხოს რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
ამ წინადადებასთან დაკავშირებით, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი უგულებელყოფს მინსკის შეთანხმებებს, ხოლო ნატოს სურს „უკრაინის ოკუპირება“. „ერთიც და მეორეც შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ვოლოდინმა და დასძინა, რომ მოსკოვმა უნდა გამოძებნოს გზა ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები თანამემამულეების დასაცავად.
პუტინისადმი დუმის დეპუტატების მიმართვის ფონია დაძაბულობის უპრეცედენტო ესკალაცია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. მრავალრიცხოვანი წყაროები იუწყებიან რეგიონში რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი დაჯგუფებების კონცენტრაციაზე. დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები შიშობენ, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. კრემლი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 21 იანვარს კვლავ დაადასტურა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ახალ შეჭრას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ერთიანი და მკაცრი პასუხი მოჰყვება. შეჭრაში იგულისხმება „რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერი გადალახვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა პირდაპირი შეჭრის ნაცვლად შესაძლოა აირჩიოს უკრაინის მიმართ ნებისმიერ სხვა აგრესია, მაგალითად, კიბერთავდასხმა, რასაც, ბლინკენის განცხადებით, ასევე მოჰყვება რეაგირება დასავლელი მოკავშირეების მხრიდან.