ჩეხურმა მედიამ 10 მაისს ფარდა ახადა იმ ინკოგნიტო რუსი დიპლომატის ვინაობას, რომელსაც, ადგილობრივი სპეცსამსახურების ანონიმური წყაროების ცნობით, ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში უნდა შემოეტანა მომწამვლელი ნივთიერება რიცინი რამდენიმე ჩეხ პოლიტიკოსზე, მათ შორის პრაღის მერ ზდენეკ ჰრჟიბზე, თავდასხმის მიზნით. საუბარია პრაღაში რუსეთის ფედერალური სააგენტო „Россотрудничество“-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ანდრეი კონჩაკოვზე.
ამ ცნობას სასწრაფოდ გამოეხმაურა მოსკოვი. რუსეთის ხელისუფლებამ მისი წარმომადგენლის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას „დაუსაბუთებელი, წმინდა წყლის პროვოკაცია უწოდა“.
ФСБ-ს საფარველქვეშ
რეპორტაჟში, რომელიც ჩეხეთის ტელევიზიით (CT1) კვირის პროგრამა „168 საათში“ გავიდა, ამტკიცებდნენ, რომ ე.წ. რიცინის საქმის „კვალი მიდის ანდრეი კონჩაკოვთან“, რომელიც რუსეთის თანამშრომლობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. „Россотрудничество“ - ეს არის რუსეთის ფედერალური სააგენტო, რომლის ფრთის ქვეშ გაერთიანებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეები, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
ჩეხეთის მედიის ინფორმაციის თანახმად, ამ უწყების თანამშრომელი დიპლომატი მოსკოვიდან 14 მარტს, ჯერ კიდევ კორონავირუსის გამო საავიაციო ფრენების აკრძალვამდე, ჩამოფრინდა პრაღაში და საწამლავი დაუბრკოლებლად შემოიტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, რადგან დიპლომატის ბარგი, საერთაშორისო პრაქტიკით, შემოწმებას არ ექვემდებარება.
ჩეხური გამოცემა Lidové noviny-ის თანახმად, დიპლომატს, რომელიც რუსეთის ФСБ-ს საფარველქვეშ მოქმედებს, პრაღის აეროპორტში შეხვდა რუსეთის საელჩოს უშიშროების თანამშრომელი. ანონიმურ ცნობაში მითითებული იყო, რომ მას შესაძლოა ჰქონოდა არა ერთი, არამედ ორი საწამლავი - როგორც რიცინი, ისე ტოქსიკური საქსიტოქსინი.
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რომ, დაახლოებით, სამი კვირის წინ პრაღაში ჩამოვიდა რუსეთის საელჩოში აკრედიტებული დიპლომატი, რომელსაც ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში კოლეგები შეხვდნენ.
სკანდალური ინფორმაცია აპრილის ბოლოს გამოაქვეყნა ჟურნალმა Respekt-მა, რომელიც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ქვეყანაში შემოსულ დიპლომატს შესაძლოა ჰქონოდა მომწამვლელი ნივთიერება რიცინი.
ასევე ნახეთ მოსკოვსა და პრაღას შორის ვითარება იძაბებაამ თემის მიმართ ჩეხური მედიის ინტერესი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკურებით მას შემდეგ, რაც პრაღის მერმა დაადასტურა, რომ პოლიცია მას 24 საათის განმავლობაში იცავს მას შემდეგ, რაც ჩეხეთში გამომავალმა ჟურნალმა დაწერა, რომ ის და პრაღის კიდევ ერთი ოფიციალური პირი, სავარაუდოდ, მოწამვლის რუსული გეგმის სამიზნეები არიან.
ასევე ნახეთ პრაღის მერს პოლიცია იცავს, მისი მოწამვლის რუსული გეგმის შესახებ ინფორმაციის გამომაისის დასაწყისში სავარაუდო „რიცინიანი კაცის“ ვინაობის შესახებ უკვე აშკარა მინიშნებები გამოაქვეყნა ჩეხურმა საინფორმაციო საიტმა Seznam Zprávy. მის მასალაში ნახსენები იყო ვინმე „ანდრეი ვლადიმიროვიჩ კ.“, 34 წლის დიპლომატი (სწორედ ამ ასაკისაა ანდრეი კონჩაკოვიც), რომელიც პრაღაში ერთ-ერთ რუსულ სტრუქტურას ხელმძღვანელობს.
Seznam-მა ინტერვიუ აიღო ანდრეი კონჩაკოვისგან, რომელმაც უარყო მედიით გავრცელებული ვარაუდები და განაცხადა, რომ ჩემოდნით კანფეტები და დეზინფექციის საშუალებები ჩამოიტანა. ამასთან, რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ მოსკოვთან საკითხის შეთანხმების შემდეგ გააკეთებს.
„კარგადაა განწყობილი ამ ქვეყნისადმი, უყვარს იგი“
ანდრეი კონჩაკოვი, რომელიც ჩეხური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა როგორც ნივთიერება რიცინის სავარაუდო შემომტანი, ჩეხეთში 2017 წლიდან უდგას სათავეში სახელმწიფო სააგენტო „Россотрудничество“-ს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
ამ რანგში ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. აქტიურად იყენებს ფეისბუკს და ბოლო დღეებში საკუთარ გვერდზე ავრცელებდა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ მასალებს.
კონჩაკოვის შესახებ ჩეხურ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობას სასწრაფოდ გამოეხმაურა რუსეთის ფედერალური უწყების, „Россотрудничество“-ს, ხელმძღვანელი, ელეონორა მიტროფანოვა, რომელმაც მისი თანამშრომლის შესახებ ბრალდებებს „დაუსაბუთებელი“ უწოდა.
„ეს ისტორია, დიდი ხანია, გრძელდება. ჩვენი წარმომადგენელი ჩეხეთში ახალგაზრდა კაცია, რომელიც ფლობს ჩეხურ ენას და კარგადაა განწყობილი ამ ქვეყნისადმი, უყვარს იგი. ამიტომ, ცხადია, ეს არის, პირველ ყოვლისა, დაუსაბუთებელი, წმინდა წყლის პროვოკაცია ჩეხეთის ხელისუფლების მხრიდან, მათი ბოლოდროინდელი მოქმედების ლოგიკიდან გამომდინარე“, - განუცხადა რუსულ მედიას ელეონორა მიტროფანოვამ.
რუსეთის ბრაზი და ჩეხეთის პასუხი
მაღალჩინოსანი რუსი მოხელე ქალი მიიჩნევს, რომ ჩეხეთის მუნიციპალური ხელისუფლების მიერ საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ, ანდრეი კონჩაკოვის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები „დამატებით ძაბავს ორმხრივ ჩეხურ-რუსულ ურთიერთობებს“.
ურთიერთობა ჩეხეთსა და რუსეთს შორის, რომლებიც, ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მიუხედავადაც კი, კვლავაც განაგრძობენ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, - ბოლო ხანებში. მართლაც საკმაოდ დაიძაბა.
3 აპრილს პრაღაში მარშალ კონევის ძეგლის დემონტაჟი მოახდინეს. მონუმენტი, რომელიც ჩეხეთის რაიონ პრაღა-6-ში 1980 წლიდან იდგა, მე-20 საუკუნის ხსოვნის მუზეუმში დაიდებს ბინას.
ძეგლის აღების ინიციატორი იყო პრაღის მეექვსე ოლქის მერი, ონდჟეი კოლარი, რომელიც ამჟამად პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება პრაღის მერ ზდენეკ ჰრჟიბთან ერთად.
მარშალ ივან კონევის ძეგლის მოხსნამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია რუსეთის მხრიდან. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ნაციზმის რეაბილიტაციის ბრალდებით.
ჟურნალ „რესპექტის“ თანახმად, ეს ორი პოლიტიკოსი რუსეთის დაზვერვამ გამოყო ლეტალური ტოქსინით მოსაწამლად.
ჩეხური მედიის თანახმად, ზდენეკ ჰრჟიბისა და ონდჟეი კოლარის გარდა, პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება კიდევ ერთი პრაღელი პოლიტიკოსი - რაიონ რჟეპორიეს ხელმძღვანელი, პაველ ნოვოტნი.
პირველი ორი პრაღაში საბჭოთა მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟისა და რუსეთის საელჩოს მახლობლად ბორის ნემცოვის სკვერისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ხეივნის გახსნის ინიციატორია.
პაველ ნოვოტნის ინიციატივით კი რჟეპორიეში 1945 წლის 5 მაისის პრაღის აჯანყებაში მონაწილე „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ (ვლასოვის არმიის) მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა და ძეგლი აღიმართა.
ასევე ნახეთ ჩეხეთში აღიმართა რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის (РОА) მემორიალური დაფაამ ძეგლის გახსნის იდეას მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთში, რომელიც, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, „რუსეთის განმათავისუფლებელ არმიას“ და მის ხელმძღვანელს, გენერალ ანდრეი ვლასოვს, სამხედრო დამნაშავეებად მიიჩნევს.
ჩეხეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ წაუყენებია რუსეთის მისამართით ბრალდება მუნიციპალურ პოლიტიკოსებზე თავდასხმის მომზადებისთვის.
თუმცა ერთი კვირის წინ პრაღის მეექვსე ოლქის მერმა, ონდჟეი კოლარმა, რომელიც რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება, ევროკომისიას მოუწოდა დაგმოს რუსეთის ქმედება, როგორც სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა.
ასევე ნახეთ პრაღის მე-6 ოლქის მერი ევროკომისიას მოუწოდებს დაგმოს რუსეთის ქმედებაევროკომისიის სახელზე გაგზავნილ წერილში ონდჟეი კოლარი წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაკავებულია „ისტორიის გადაწერით“ და „ჰიბრიდულ ომს“ ეწევა ევროკავშირის წინააღმდეგ.
რუსეთის ხელისუფლება რიცინთან დაკავშირებულ ისტორიას უარყოფს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალ „რესპექტის“ პუბლიკაციას უწოდა „სატყუარა“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ ტექსტში არსებული მტკიცებულებები მომწამვლელი ნივთიერებების ჩეხეთში შეტანის თაობაზე „ჯანსაღ აზრს“ ეწინააღმდეგება.
მიუხედავად იმისა, რომ რიცინის საქმეზე ჩეხეთის ხელისუფლებას არ გამოუთქვამს პირდაპირი კრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, არაორაზროვნად განაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა, როგორც „სუერენული სახელმწიფო“, არ შეეგუება არც ერთი „ზესახელმწიფოს მხრიდან“ მის შიდა საქმეებში ჩარევას.