Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში აღიმართა რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის (РОА) მემორიალური დაფა


მემორიალური დაფა პრაღის განაპირას
მემორიალური დაფა პრაღის განაპირას

პრაღის განაპირა რაიონ რჟეპორიეში 30 აპრილს, ადგილობრივმა მუნიციპალურმა ხელისუფლებამ აღმართა „რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის“ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დაფა.

„რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის 300 მებრძოლი შეეწირა პრაღის განთავისუფლებას“, - ასეთი წარწერა აქვს სამახსოვრო დაფას.

მის გვერდით სამმეტრიან რკინის სვეტზე დგას ტანკის მინიატურული ფიგურა, რომელსაც ზემოდან გერმანული სამხედრო ჩაჩქანი ადევს.

ძეგლის იდეა ეკუთვნის რჟეპორიეს თავკაცს, ისტორიკოს პაველ ნოვოტნის, რომელიც ამტკიცებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, პრაღის აჯანყების დროს ჩეხ პატრიოტებს დიდი დახმარება გაუწია რუსეთის განმათავისუფლებელი არმიის პირველმა დივიზიამ, გენერალ სერგეი ბუნიაჩენკოს მეთაურობით.

ნოვოტნი აცხადებს, რომ ძეგლის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უკვდავყოს რუსეთის განმათავისუფლებელი არმია არა როგორც ნაცისტების კოლაბორაციონისტული ძალა, არამედ როგორც პრაღის აჯანყებაში მონაწილე უცხოური დანაყოფი.

ამ ძგელის გახსნის იდეამ მწვავე რეაქცია გამოიწვია რუსეთში, რომელიც, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, რუსეთის განმათავისუფლებელ არმიას და მის ხელმძღვანელს, გენერალ ანდრეი ვლასოვს, სამხედრო დამნაშავეებად მიიჩნევს.

პაველ ნოვოტნი, პრაღის მერსა და პრაღა 6-ის ადგილობრივი ხელისუფლების თავმჯდომარესთან ერთად, პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება რუსეთის მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის გამო.

ცნობილ ჩეხურ ჟურნალ Respekt-ის 26 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის დაზვერვამ გამოყო ლეტალური ტოქსინი მოსაწამლად. Respekt-ი ეყრდნობა დაზვერვის სფეროს ანონიმურად დატოვებულ წარმომადგენელს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის დაზვერვის სავარაუდო წარმომადგენელი სამი კვირის წინ ჩავიდა ჩეხეთის დედაქალაქში დიპლომატიური პასპორტით და ჩემოდნით, რომელშიც ნივთიერება რიცინი იდო.

რუსეთის ფედერაციის საელჩომ სტატიას უწოდა „იმ საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება“, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის დისკრედიტაციას და „ჩეხეთის საზოგადოების თვალში მის მტრად წარმოჩენას“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, რუსეთის საელჩოს ნოტა მიიჩნია „უადგილოდ“ და მას პრესის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული უწოდა.

XS
SM
MD
LG