„უღრმესი პატივისცემით და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ მათ, ვინც რუსეთის ჯარის მიერ იქნა მოკლული, დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების მე-15 წლისთავს ეძღვნება.
ტექსტში ნათქვამია, რომ „უკრაინის მსგავსად, საქართველოს ხალხი დაზარალდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და მეზობლებზე დომინირებისკენ მისი სწრაფვის გამო“.
აშშ კვლავაც შეახსენებს რუსეთს ჯარის უკან გაყვანის და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ანულირების ვალდებულებებს და საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას უჭერს მხარს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მეზობელ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ დღეს უკრაინის მდგომარეობას ყველაზე უკეთესად საქართველოში გაიგებენ, სადაც 2008 წელს გამოცადეს ჩრდილოელი მეზობლის აგრესია.
აგვისტოს ომს ხშირად უკრაინასთან ომის „გენერალურ რეპეტიციადაც“ მოიხსენიებენ.
„15 წლის წინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის მაშინვე ცხადი იყო, რომ უკრაინა იქნებოდა შემდეგი“, - დაწერა ტელეგრამზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა, რომელიც კრემლის მიზნად პოსტსაბჭოთა სივრცეზე ბატონობას ასახელებს.
თავის მხრივ, ექსპერტების შეფასებით, უკრაინის ომის გამო ბევრი რამ შეიცვალა - 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებმა ძველ შეხედულებებსა და მიდგომებს საქართველოსთან მიმართებითაც გადახედეს.
„უკრაინის ომმა აჩვენა, რომ რუსეთს არანაირი მიზეზი არ სჭირდება ომისთვის. რუსეთმა ყირიმიც წაიღო [ანექსია 2014 წელს], მაგრამ ისევ შეიჭრა უკრაინაში... მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოსთან ომიც ზუსტად ისევე არაპროვოცირებული იყო, როგორც ეს მოხდა უკრაინაში... მანამდე ტერმინი „არაპროვოცირებული შეჭრა“, სამწუხაროდ, არ გამოიყენებოდა 2008 წლის აგვისტოს ომთან მიმართებით“, - გვეუბნება უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე, რასაც ის, მათ შორის „ტალიავინის კომისიის“ მიერ მომზადებული ანგარიშის ორაზროვანი ჩანაწერებით ხსნის.
- ექსპერტები ხშირად განმარტავენ, რომ მსოფლიოს 2008 წლის ომის ადეკვატური აღქმა გაუჭირდა, რადგან ამ დროს რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას მისდევდა და კრემლმა დიდწილად მოახერხა სათავისო მოსაზრების ფორმირება - რომ, თითქოს, საქართველოში შეჭრა „მშვიდობისკენ იძულებით“ იყო განპირობებული.
- „[რუსეთმა] გადაჭრით უპასუხა ცხინვალზე მუხანათურ თავდასხმას... ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში", - თქვა 8 აგვისტოს რუსეთის ექსპრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.
ასევე ნახეთ "ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა" - ღარიბაშვილი აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავზე
ომის მე-15 წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეეძლო.
„წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? 20% არის ოკუპირებული.
რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს. ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო, თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით...
პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა პროვოკაციებს, რომელიც ომამდე ხდებოდა“, - თქვა მან 8 აგვისტოს, გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ.
რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე "ცისფერი ჩაფხუტებით" რჩებოდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში.
ირაკლი ღარიბაშვილმა არ განმარტა, რას გულისხმობდა ომამდე პროვოკაციებში და არც ის, თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 7 აგვისტოს შემოსული რუსეთის არმიის შეჩერება. განმარტებების თხოვნის საპასუხოდ პრემიერი მედიას გაუბრაზდა და კვლავ „ჰალსტუხის ღეჭვის“ ამბავი გაიხსენა.
შეიძლებოდა თუ არა ომის აშორება?
„ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა საქართველოს სუვერენიტეტის სანაცვლოდ... თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თავდაცვის ძალები საერთოდ ომში არ უნდა ჩაერთონ, მაშინ გაუგებარია, რისთვის სჭირდება ქვეყანას თავდაცვის ძალები?!" - რიტორიკულ შეკითხვას სვამს ანდრო გოცირიძე.
უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტისთვის ცხადია, რომ რუსეთი მაშინ არა სპონტანურად, არამედ წინასწარ განზრახული, მწყობრი გეგმით მოქმედებდა:
„მაშინ საქართველო ფლაგმანი იყო დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით. რუსეთმა იმიტომ მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება, რომ წარმატებული დემოკრატია არ უნდა შემდგარიყო რუსეთის საზღვრებთან.
რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა და დემოკრატიას საქართველოში, უკრაინასა თუ მოლდოვაში ის ეგზისტენციალურ საფრთხედ ხედავს“.
ასევე ნახეთ შეეძლო თუ არა უკრაინას რუსეთის თავდასხმის არიდება?„უკრაინას რუსეთის თავდასხმის არიდება შეეძლო, მაგრამ ზელენსკიმ ეს არ გააკეთა“, "ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო", "ზელენსკი ახოცვინებს საკუთარ ხალხს", - საქართველოში მოქმედი პრორუსული, ანტიდასავლური ძალები, და არა მხოლოდ, ხშირად გამოთქვამენ მსგავს პრეტენზიებს კიევის მიმართაც.
ფაქტები კი საწინააღმდეგოზე მიუთითებს.
2022 წლის 24 თებერვლამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საერთაშორისო თანამეგობრობამ კრემლის შეჩერება მრავალგვარი ხერხით სცადა, მაგრამ რუსეთი დემონსტრაციულად აგროვებდა სამხედროებს უკრაინის საზღვართან და თან დასავლეთს ახალ-ახალი ულტიმატუმებით მიმართავდა.
- კრემლი უკრაინასთან ომის წინ ითხოვდა, რომ ნატო დაბრუნებულიყო 1997 წლის საზღვრებში, როცა ალიანსის შემადგენლობაში არ იყო პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი თუ აღმოსავლეთ ევროპის არაერთი სხვა ქვეყანა.
- პარალელურად, მოსკოვმა ნატოს უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე უარის თქმაც მოსთხოვა.
პუტინთან შეხვედრის მზაობა პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ გამოთქვა, მაგრამ 2019 წლის დეკემბრის შემდეგ პუტინი მას არ ხვდებოდა და უკრაინის პრეზიდენტს ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერებთან სალაპარაკოდ ამისამართებდა.
„მინსკის შეთანხმებებზე“ დაყრდნობით, მოსკოვი კიევისგან ოკუპაციის დაკანონებას მოითხოვდა. ექსპერტები მაშინაც აღნიშნავდნენ, რომ - დიახ, უკრაინა ომს აიშორებდა ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობისა და სამომავლოდაც, რუსეთის ორბიტაზე დარჩენის შემთხვევაში.
მაგრამ უკრაინელ ხალხს ასეთი მომავალი არ უნდოდა.
საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ საქართველო ამჟამად თამაშობს „ძალიან სახიფათო თამაშს რუსეთთან“, რაც, მათ შორის, „რუსეთის მოქალაქეებისთვის სასათბურე პირობების შექმნასა“ და „[სამომავლოდ ფეთქებადსაშიში] ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში“ ვლინდება. ფონი კი ის არის, რომ „ომის მე-15 წლისთავზე, საქართველოს არც თანამედროვე საფრთხეების შეფასების დოკუმენტი აქვს და არც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“.
ანდრო გოცირიძისთვის უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, რომ ახალი შესაძლებლობების გამოყენების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ კონფრონტაციულ რიტორიკას ინარჩუნებს, რაც საქართველოს მოწყვლადს ხდის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
7 თუ 8 აგვისტო?
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღი საქართველოში, ოფიციალურად, 8 აგვისტოს აღინიშნება. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველოს საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს თვლის, რადგან დადასტურებულია, რომ რუსეთის არმიის შენაერთები საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს შემოიჭრნენ.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ 2008 წლის დაღუპულების ხსოვნას, ყველას ხსოვნას, მათ, ვინც 6 აგვისტოს სამშვიდობოები რომლებიც დაიღუპნენ, 9 აგვისტოს - ანწუხელიძის ხსოვნას, 11 აგვისტოს - დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას, ყველას, ვინც ამ ომში დაიღუპა. ამ თარიღებით მანიპულაცია ძალიან არასწორია. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო 2008 წლიდან მოყოლებული 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას“, - თქვა 8 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და პრეზიდენტი ზურაბიშვილიც გააკრიტიკა იმისთვის, რომ ომის თარიღის წლისთავს ისიც 7 აგვისტოს აღნიშნავს.
„თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა - ერთმანეთს“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც 7 აგვისტოს სვეტიცხოველში მივიდა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის საერთო საფრთხე7 აგვისტო ახირება არ არის.
„სამხედრო აგრესიად ითვლება ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიის გადაკვეთა ამ ქვეყნის ნებართვის გარეშე. ეს ფაქტი ფიქსირდება 7 აგვისტოს“, - გვეუბნება თენგიზ ფხალაძე და განმარტავს, რომ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო რუსეთის პროპაგანდას აძლევს ხელს, რადგან კრემლის განმარტებით, აგვისტოს ომი იყო პასუხი ქართველი სამხედროების მოქმედებებზე და ეს პოზიცია „ეფუძნება „მძინარე ცხინვალზე თავდასხმის“ ცნობილ რიტორიკას“.
- ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღიარება (08.08.2008), სპეციალისტების აზრით, საქართველოს მიერ წაგებული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი არსებითი შემადგენელი ნაწილია; რადგან წლების განმავლობაში - ხშირად, გაუაზრებლად, მათ შორის, მედიაც ომის დაწყების თარიღად სწორედ 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა.
ასევე ნახეთ ერთი ომის ორი თარიღი
ვაშინგტონიდან თუ ევროპის დედაქალაქებიდან 7 აგვისტოს საქართველომ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის არაერთი გზავნილი მიიღო. ამ მხრივ ერთიანობა წელს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო.
„15 წლის შემდეგ ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით, რომელმაც აირჩია პროევროპული და ნატოს გზა“, - დაწერა ტვიტერზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
- 7 აგვისტოს 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.
- 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო შეტევას, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს.
- 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა.
- თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო.
- ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი.
- საკუთარი სახლების დატოვება მოუწია თითქმის 150 000 პირს, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.·
- 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.