Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა" - ღარიბაშვილი აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავზე


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავზე იმეორებს, რომ რუსეთთან ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. გმირთა მემორიალს გვირგვინით შემკობის შემდეგ მან წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა.

"ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ვიცი რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორც ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მას ჟურნალისტმა დაუსვა დამაზუსტებელი კითხვა, როგორ შეიძლებოდა ომის თავიდან არიდება, რასაც პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:

"ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ. თუ არ მისმენთ, მიბრძანდით აქედან, რომ აღარ შემაწყვეტინოთ", - თქვა ღარიბაშვილმა და განაგრძო:

"ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა და ნახა მთელმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები."

7 აგვისტოს 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად უპასუხებს სრულმასშტაბიანი ომით.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

XS
SM
MD
LG