საქართველოს სასარგებლოდ „ჯაშუშობაში“ ბრალდებულები ცხინვალში გაასამართლეს. რა აღიარა დე ფაქტო კაგებემ 2008 წლის ომის დაწყების კონტექსტში?

ფოტო არქივიდან: სერგეი ლიპინი (2019 წელი)

სასამართლოს გადაწყვეტილება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ ცოლ-ქმარ ლიპინებს, რომლებიც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გასული წლის ივლისში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, განაჩენი გამოუტანა.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, სასამართლომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი, სერგეი ლიპინი, და მისი მეუღლე, ნანული ლიპინა (ჭულუხაძე), სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება.

მათი ინფორმაციით, ქმარს 16 წლით, ცოლს კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და, ამასთანავე, დაეკისრათ ჯარიმა 500 და 300 ათასი რუსული რუბლის ოდენობით. ოსური კაგებეს ცნობით, ცოლ-ქმარმა დანაშაული აღიარა და განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებენ.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მათი ქალიშვილი, რომელიც ასევე „სახელმწიფოს ღალატშია“ ეჭვმიტანილი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ცხინვალის ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, სერგეი ლიპინმა საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც 2008 წელს საქართველოს არმიამ გამოიყენა.

ლიპინმა აღიარა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან 2006 წლიდან თანამშრომლობდა- იუწყება ოსური მედია.

ასევე ნახეთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს "ჯაშუში" ცოლ-ქმარი გაასამართლა

რა რეაქცია მოჰყვა ცხინვალში ლიპინების დაკავებას

ცოლ-ქმარი ლიპინები ცხინვალში გასული წლის ივლისში დააკავეს და ამ დაკავებას ოკუპირებულ რეგიონში ხმაურიანი დისკუსია მოჰყვა. სერგეი ლიპინი სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, ბოლოს კი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო. იგი წინა ე.წ. პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა, მიიყვანა ადმინისტრაციაში და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამმართველო ჩააბარა. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროების ცნობით, სერგეი ლიპინი მეგობრობდა ლეონიდ თიბილოვთან და ასევე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბორის ჩოჩიევთან. კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა დღევანდელ დე ფაქტო პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთანაც. ის დაპატიმრებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლა ბიბილოვმა დაკავებული თანამდებობიდან. დე ფაქტო კაგებესა და პროკურატურის ბრალდებებმა ცხინვალში ბევრი გააკვირვა. მას 2006 წლიდან "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში" ადანაშაულებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბრალდების მიხედვით, ლიპინი, ცხინვალის რეგიონში შემოსული რუსეთის არმიის წინააღმდეგ ქართულ სპეცსამსახურებს, ძარის გზაზე ცეცხლის კორექტირების მიზნით, კოორდინატებს აწვდიდა. აი, რა წერია ერთი წლის წინანდელ დე ფაქტო უშიშროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

„საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით შეგროვებული სადაზვერვო მონაცემები და მათი ქართული მხარისთვის გადაცემა 2008 წლის აგვისტოში ქართველ აგრესორებს აძლევდა საშუალებას საარტილერიო დანადგარებიდან და საავიაციო დარტყმებისას მოეხდინათ ცეცხლის კორექტირება სასიცოცხლო ობიექტებზე, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე, სამხედრო ობიექტებზე და სამხედრო კოლონებზე, რომელთა გადასროლა ჯავის რაიონიდან ძარის გზის გავლით საბრძოლო მოქმედებების არეალში ხდებოდა და შედეგად სამხრეთ ოსეთმა მიიღო დიდი დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში, სამხედრო ძალებსა და სამხედრო ტექნიკაში“.

ცხინვალის კაგებეს მიერ გავრცელებულმა ამ განცხადებამ ოსურ საზოგადოებაში უფრო მეტი კითხვა წარმოშვა.

საინტერესოა, თვითონ თუ ესმით, რასაც წერენ? ესე იგი გამოდის, რომ არსებობდა რაღაც მონაცემები სამხედრო კოლონების ჯავიდან ძარის გზით გადმოსროლის შესახებ, რომელიც არსებობდა აგვისტოს ომის დაწყებამდე...
სოსლან თაბუევი

გამოდის, რომ 2006 წლიდან ქართული სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულმა ლიპინმა, რომელიც 2008 წლის ომის დროს საქართველოს ეხმარებოდა, ომის შემდეგ მშვიდად გააგრძელა ცხოვრება და 2012 წლიდან ჯერ თიბილოვის, შემდეგ კი ბიბილოვის ადმინისტრაციაშიც უპრობლემოდ მუშაობდა, იმ დროს, როცა ცხინვალში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, დამლაგებელიც კი არ ინიშნება ისე, რომ რუსული სპეცსამსახურების ფილტრი არ გაიაროს. ცნობისათვის: ამჟამად დე ფაქტო კაგებეს რუსეთიდან ჩაყვანილი კადრი, ოლეგ შირანი, ხელმძღვანელობს.

ლიპინის დაკავებას და „სახელმწიფო ღალატში“ მის დადანაშაულებას სოციალურ ქსელებში მაშინვე დიდი დისკუსია მოჰყვა. ერთ-ერთი ცხინვალელი მომხმარებელი, სოსლან თაბუევი, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოფიციალური ვერსიის შესახებ წერდა:

„საინტერესოა, თვითონ თუ ესმით, რასაც წერენ? ესე იგი გამოდის, რომ არსებობდა რაღაც მონაცემები სამხედრო კოლონების ჯავიდან ძარის გზით გადმოსროლის შესახებ, რომელიც არსებობდა აგვისტოს ომის დაწყებამდე და ეს ყველაფერი ლიპინისთვის გახდა ცნობილი, მან კი ქართველებს გადასცა. მე სწორად მესმის, რომ ეს გამოვლენილი ფაქტები საქართველოს ვერსიაზე ასხამს წყალს იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი 2008-ში?“

თაბუევის კითხვები და კომენტარები ლოგიკურია. თუ ლიპინმა ადრევე იცოდა რუსეთის არმიის გადაადგილების შესახებ ჯავიდან, ძარის გზის გავლით, ცხინვალისკენ და ეს ინფორმაცია ქართულ სპეცსამსახურებს მიაწოდა და ქართულმა არმიამ ცეცხლის კორექტირებაც მოასწრო, გამოდის, რომ 8 აგვისტომდე უკვე შემოდიოდა რუსეთის 58-ე არმია ცხინვალის რეგიონში და ცხინვალის კაგებემ ამ განცხადებით ეს დაადასტურა.

არის კიდევ რამდენიმე საინტერესო კომენტარი, რომლებიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. მაგალითად, თუ ლიპინი 2008 წლიდან ჯაშუშობდა, რატომ დასჭირდა კაგებეს 11 წელი მის მოსაძებნად? ზოგიერთი ვერსიით, ის უფრო ადრე გადაიბირეს. ერთ-ერთი კომენტატორი იმასაც წერს, რომ 70 წელს გადაცილებულ კაცს რაზეც უნდათ, იმაზე მოაწერინებენ ხელს, და ეს უფრო მისი სამეგობროს დაშინების მცდელობად მიაჩნია. ლიპინის მეგობარი კი დიდი პოლიტიკური ამბიციების მქონე ბორის ჩოჩიევია. ამიტომ ცხინვალელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ დაკავებით რუსულმა სპეცსამსახურებმა ჩოჩიევს გაუგზავნეს მესიჯი, რომ პოლიტიკიდან წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი თვითონ იქნებოდა. ბორის ჩოჩიევი, დიდი ხანია, საერთოდ აღარ გამოჩენილა პოლიტიკურ სცენაზე. არადა, მანამდე მას საპრეზიდენტო ამბიციებიც ჰქონდა.

რას ამბობენ ცხინვალელი წყაროები - ვინ არის სერგეი ლიპინი და მისი ცოლი?

რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი ცხინვალელი დამოუკიდებელი წყარო ასეთ ამბავს უყვება:

აქ კიდევ ერთი მომენტია: თუ მართლა ქართველების ჯაშუში იყო, რატომ გამოააშკარავეს რუსულმა სპეცსამსახურებმა? ხომ შეეძლოთ თვითონ გადაებირებინათ და საქართველოს წინააღმდეგ ემუშავებინათ?..

„ლიპინს პირადად ვიცნობ, ის ყველა მთავრობის დროს კომფორტულ თანამდებობებს იკავებდა. მეგობრობდა ჩოჩიევთან და თიბილოვთან. ყოფილი პრეზიდენტი საბჭოთა კაგებეს კადრია და სწორედ ლეონიდ თიბილოვმა 2012 წლიდან დანიშნა ლიპინი საკუთარ ადმინისტრაციაში. ის აქტიურად გვხვდებოდა ხოლმე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს. არ მგონია, რომ მას სამხედრო საიდუმლოებებზე ჰქონოდა ინფორმაცია. აქ კიდევ ერთი მომენტია: თუ მართლა ქართველების ჯაშუში იყო, რატომ გამოააშკარავეს რუსულმა სპეცსამსახურებმა? ხომ შეეძლოთ თვითონ გადაებირებინათ და საქართველოს წინააღმდეგ ემუშავებინათ?“

ჩვენი წყარო ჩიბიროვის ხელისუფლებისდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ჯემალ ქარქუსოვსაც იხსენებს, რომელიც მოგვიანებით სწორედ ორმაგი ჯაშუში აღმოჩნდა.

„ძმები ჯემალ, იანიკ და ურუზმაგ ქარქუსოვები ქართულმა სპეცსამსახურებმა დიდი ფულის ფასად 2006 წელს გადაიბირეს. მაშინ ბევრი ცხინვალელი იღებდა ფულს და თანამშრომლობდა ქართველებთან, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგივე ჯემალ ქარქუსოვი მოსკოვში გაიქცა და იქ რუსულ სპეცსამსახურებს სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. რატომ არ გამოიყენეს ამ შემთხვევაში ლიპინი სათავისოდ? ან ათ წელზე მეტი რატომ დასჭირდათ მის გასაშიფრად, როცა აქ ყველა კომუნიკაცია კონტროლდება? აი, ეს არის მთავარი კითხვა. გარდა ამისა, ისიც ვიცი, რომ ომის შემდეგ საკუთარი ჯაშუშური ქსელი საქართველოს სპეცსამსახურებმა ცხინვალიდან გაიყვანა, - წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის კაგებე მათ მაინც გაშიფრავდა, - რატომ დატოვებდნენ ლიპინს?“

რადიო თავისუფლება ცხინვალში სხვა დამოუკიდებელ წყაროსაც დაუკავშირდა, რომელსაც სჯერა, რომ ლიპინი ქართულ სპეცსამსახურებს გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა. მისი აზრით, ლიპინი აქტიური 2006-2008 წლებში იქნებოდა, თუმცა რამდენად ექნებოდა მას წვდომა სამხედრო საიდუმლო ინფორმაციაზე, ეს არ იცის.

„ლიპინს ქართველი ცოლი ჰყავს, ნანული ჭულუხაძე, და, როგორც ვიცი, ის დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში ცოლის ნათესავებთან ხშირად მიდიოდა ხოლმე. 2006 წლიდან ბევრი ოსი გადადიოდა ქართულ სოფლებში. როგორც ჩანს, გადაბირებაც იქ ხდებოდა. გახსოვთ, ალბათ, კამპანია „კოკოითი ფანდარასტ“. ვოვა სანაკოევი აკეთებდა და ამაში დიდი ფული იხარჯებოდა (2006 წლიდან ვლადიმერ სანაკოევი სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა, ახლა ვლადიკავკაზში ცხოვრობს) და ბევრი ცხინვალელიც ხელს ითბობდა მაშინ ორმაგი თამაშებით. ლიპინიც, ალბათ, ამ ჯგუფში იყო. მისი გოგო ახლა თბილისს აფარებს თავს, ვაჟი კი აქაა. პროკურატურაში თანამდებობაზე მუშაობდა. ახლაც აქაა რომელიღაცა უწყებაში დასაქმებული. ასე რომ, ამ საქმეში ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი“.

ომის შემდეგ საკუთარი ჯაშუშური ქსელი საქართველოს სპეცსამსახურებმა ცხინვალიდან გაიყვანა, - წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის კაგებე მათ მაინც გაშიფრავდა, - რატომ დატოვებდნენ ლიპინს?..

ცოლ-ქმარ ლიპინების დაკავების შემდეგ მალევე დააკავეს ცხინვალში მცხოვრები ძმები ქრისტეფორ და გიორგი თედეევები. ისინი ცხინვალში კომპიუტერულ ცენტრს ფლობდნენ და, კაგებეს ინფორმაციით, თედეევებს ჰქონდათ ლიპინებთან ურთიერთობა და ასევე წვდომა სახელმწიფო ინფორმაციაზე. თედეევების სასამართლო პროცესის შესახებ დე ფაქტო მედია ჯერ არაფერს იუწყება.

რადიო თავისუფლება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ლიპინების საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ.

ეგრეთ წოდებული ჯაშუშური ისტორია

დე ფაქტო კაგებეს ცნობით, უკვე მსჯავრდებული ცოლ-ქმარ ლიპინების ბრალი საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდა:

„ლიპინმა აღიარა, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ის 2006 წელს გადაიბირეს სოფელ ერედვში, სადაც ის მეუღლის ნათესავებთან იყო ჩასული;​

ლიპინს, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან და ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულ პირს, ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე, რასაც აგზავნიდა საქართველოში;

საქართველოს სპეცსამსახურების დავალებას ლიპინი ასრულებდა სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას, საზოგადოებრივ ორგანიზაციაროსსი“-ში (РОССЫ) საქმიანობის პარალელურად;​

ლიპინმა აღიარა, რომ ხანდახან ჯაშუშობას ეწეოდა საკუთარი ინიციატივითაც, კურატორების მხრიდან მოთხოვნის გარეშე“.

თუმცა სერგეი ლიპინის აღიარებითი ჩვენება საზოგადოებას არ მოუსმენია და აღიარების ამსახველი კადრები არც იმ ვიდეოსიუჟეტში მოხვდა, რომელიც ამ ხმაურიან საქმეს მიეძღვნა 2019 წლის 12 ივლისს ცხინვალის „სახელმწიფო“ ტელევიზიის ეთერში.

ლიპინს პირადად ვიცნობ, ის ყველა მთავრობის დროს კომფორტულ თანამდებობებს იკავებდა. მეგობრობდა ჩოჩიევთან და თიბილოვთან...

ვიდეოსიუჟეტის ნახვის შემდეგ ცხინვალში ბევრმა გაიხსენა 2006 წლის „ჯაშუშური ისტორია“, როდესაც სატელევიზიო აღიარებითი ჩვენებით გამოვიდა დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალან ფარასტაევი. მას ბრალად ედებოდა - და შემდეგ ამ ბრალდებით გაასამართლეს კიდეც - სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობა და დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, ფიზიკური განადგურების განზრახვა. მაშინ ეს ამბავიც საქართველოს სპეცსამსახურებს დაბრალდა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, სერგეი ლიპინის მეუღლე, ნანული ჭულუხაძე, ფოტოებს უღებდა სამხედრო ობიექტებს და უგზავნიდა ქალიშვილს თბილისში.

ცხინვალში ამბობენ, რომ ნანული ჭულუხაძის ნათესავებმა ცოლ-ქმრის დაკავების შემდეგ მალევე დატოვეს ქალაქი.

რაც შეეხება ძმებ ქრისტეფორ და გიორგი თედეევებს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მათ პირადი კონტაქტები ჰქონდათ სერგეი ლიპინთან.

„ქრისტეფორ თედეევი დაკავებული იყო სამსახურებრივი კომპიუტერების რემონტითა და მომსახურებით ძალიან ბევრ დაწესებულებასა და უწყებაში. მას ჰქონდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებთან“, - იტყობინებოდა სატელევიზიო სიუჟეტი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის - სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობამ იხილა.