ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დაიწყეს გამოძიება სერგეი ლიპინის წინააღმდეგ.
ლიპინს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია პროკურატურის და უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
დე ფაქტო რესპუბლიკის უწყებების ცნობით, ლიპინი მაღალ თანამდებობას იკავებდა არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებაში.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, სერგეი ლიპინმა 2008 წლის ომის დროს ქართულ სპეცსამსახურებს მნიშვნელოვანი სამხედრო ინფორმაცია გადასცა. მათ შორის საარტილერიო - სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ ქართველმა ჯარისკაცებმა "სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია".
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ლიპინის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ამოიღეს დოკუმენტაცია, რომელიც ყოფილი ჩინოვნიკის ქართველ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე მეტყველებს.