საგანგებო ყურადღებას იპყრობს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ტრანზიტის პერსპექტივა და ძველი თუ ახალი გეგმების აუცილებელ პირობად ისევ უსაფრთხოება და სტაბილურობა რჩება. ევროპის მნიშვნელოვანი ინტერესების ფონზე, ექსპერტების ხედვით, რეალობასთან სულ უფრო შეუსაბამო ხდება ბოლოდროინდელი დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა - დასავლეთის ძალებს საქართველოს "ომში ჩათრევა" სურთ.
რა არის ახალი?
საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ევროპაში გატანის გადაწყვეტილებაზე, გასული კვირის დასაწყისში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში სტუმრობის დროს ისაუბრა; გასული კვირის მიწურულს კი, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის საქართველოს გავლით მიღების ძლიერ ინტერესზე უკვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ლაპარაკობდა, როცა ბუდაპეშტში მან ქართველი კოლეგა, ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო.
ასევე ნახეთ ომი და ეკონომიკა - რის სათქმელად ჩამოვიდა ალიევი? ასევე ნახეთ ორბანმა ღარიბაშვილს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაცხადებული მიზანი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების განულებაა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ახლახან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, ის, რაც წლების საქმე ეგონა, რუსეთის გაზის 2/3-ის ჩანაცვლება, 8 თვეში მოახერხა. თუმცა მარაგების შევსება ევროკავშირს ძვირი დაუჯდა.
იმისათვის, რომ აზერბაიჯანის ელექტროენერგიამ ევროპამდე მიაღწიოს, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი უნდა მოეწყოს, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირის, კერძოდ - რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. წინასწარი ინფორმაციით, კაბელის სიგრძე თითქმის 1200 კილომეტრი იქნება (1100 კმ წყალქვეშ და 95 კმ ხმელეთზე).
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ „ეს პროექტი საქართველოს მიერ იყო ინიცირებული“ და მას ევროკავშირი უჭერს მხარს.
დავითაშვილი ამბობს, რომ „უახლოეს ხანებში, ალბათ - რუმინეთში“, საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის მოხდება შეთანხმება, რომ ეს რამდენიმემილიარდიანი პროექტი ერთობლივად განახორციელონ.
„ეს არის პროექტი, რომელსაც რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია და ამ პროექტში უკვე დაინტერესებული მხარეებიც გვყავს. ასეთია აზერბაიჯანი, რომელთანაც ენერგეტიკულ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია... ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ [გაერთიანების] ორი წევრი ქვეყნა იყოს პროექტში ჩართული და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დიალოგი რუმინელებთან და უნგრეთის ხელისუფლების უმაღლესი პირის [პრემიერი ორბანი] მიერ პირდაპირ იქნა დადასტურებული, რომ მათაც სტრატეგიულ პროექტად მიაჩნიათ... დღეს სახეზე გვაქვს ოთხმხრივი თანამშრომლობა“, - ამბობს დავითაშვილი.
ეკონომიკის დოქტორი, „სფერო ინვესტის“ პროექტების მენეჯერი, რამაზ გერლიანი გვეუბნება, რომ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ენერგეტიკული დერეფანი ამჟამად „აბსოლუტურად უალტერნატივოა, რადგან ერთადერთი ყველაზე უსაფრთხო და ოპტიმალური მანძილის მქონეა ევროპისთვის და სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს როგორც გაზის, ნავთობის, ელექტროენერგიის, ასევე ციფრული ეკონომიკის მიმართულებითაც“.
ბუნებრივი აირი და სხვა
აზერბაიჯანს ევროკავშირი, განახლებადი ენერგიის (წყალი, ქარი, მზე) ექსპორტირების კუთხით, ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ თვლის და ეს ივლისში ბაქოში ჩასულმა ევროკავშირის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმაც აღნიშნა. თუმცა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ მის განცხადებაში საგანგებო ყურადღება მაინც ევროპაში იმპორტირებული ბუნებრივი აირის ნაკადის გაზრდას დაეთმო, რაც უფრო სწრაფად შესასრულებელი, ხელშესახები ამოცანაა.
„ევროკომისია უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას, როგორც ბუნებრვი აირის მნიშვნელოვან, უსაფრთხო, სანდო და პროგნოზირებად მომარაგების წყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის და ასევე, შესაძლოა, დასავლეთ ბალკანეთისთვის, ტრანსადრიატიკული მილსადენის გავლით“, - წერია ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ენერგეტიკული პრობლემების დაძლევის სტრატეგიას ასახავს. ამ ტექსტში, მიღწევების 4-პუნქტიან ჩამონათვალში, მეორე პუნქტად არის მოხსენიებული აზერბაიჯანთან 18 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. აზერბაიჯანისა და ევროკომისიის პრეზიდენტებს იმ დღეს საქართველოზე საჯაროდ არაფერი უთქვამთ, მაგრამ მიწოდების არხი - „სამხრეთის გაზის დერეფნი“ საქართველოზე გადის.
ამ პროექტს, უკვე დიდი ხანია, მხარს უჭერს როგორც ევროკავშირი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.
ასევე ნახეთ მნიშვნელოვანი ენერგომარშრუტი ევროკავშირისთვის - როგორ იყენებს შესაძლებლობებს ბაქო, თბილისი?31 ოქტომბერს „Forbes“-ში დაბეჭდილი პუბლიკაციის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ საქართველოს ევროკავშირი „განიხილავს მოკავშირედ მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებით", რაც ევროკავშირის სამომავლო პრიორიტეტს წარმოადგენს. მწვანე წყალბადის, როგორც ენერგიის, მიღების პროცესში მონაწილეობს განახლებადი ენერგორესურსი - წყალი, ქარი და მზე.
მსოფლიო, უკვე ათწლეულებია, ამ მიმართულებით მუშაობს. „სემეკში (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც იქნება ერთგვარი ფუნდამენტი მწვანე წყალბადის განვითარების ხელშემწყობი დოკუმენტების პროექტების შესაქმნელად“, - წერია სტატიაში, რომელიც დავით ნარმანიას სახელით ქვეყნდება.
მიმდინარეობს დისკუსიები ასევე ყაზახური და თურქმენული ენერგორესურსების ევროპისკენ ტრანსპორტირების პროექტებზე, ასევე საქართველოს გავლით. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სუფსის ტერმინალის კვლავ ამოქმედებაც გახდება საჭირო.
ენერგეტიკის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის, როცა ბიზნესი რუსეთის გვერდის ავლას ცდილობს. ტვირთები ისევ საქართველოს გავლით და ისევ დასავლეთის ძლიერი ინტერესის თანხლებით მოძრაობს.
დასავლეთის ინტერესები და "ომში ჩათრევა"
როცა ევროპა რუსეთის ეგიდით მოქმედი ძველი პროექტების ჩანაცვლებას ცდილობს და მნიშვნელოვანი მარშრუტები საქართველოზე გადის, ექსპერტებისთვის ძნელად სარწმუნოა ვერსია, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.
„თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს რიტორიკა რეალობას იყო აცდენილი, რადგან ყოველთვის ევროპას სჭირდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ალტერნატიული ენერგორესურსების მისაღებად; ხოლო ომის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა ამ მარშრუტების ამოქმედება... მაგრამ ეს რომ ასეა, განსაკუთრებით დადასტურდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჩავიდა ბაქოში, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და აზერბაიჯანი ევროპისთვის იქცა რუსეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჩამნაცვლებლად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, დავით ბრაგვაძე და ასევე განმარტავს, რომ რეგიონში მშვიდობა, ამავე მიზეზით, აშშ-ის ინტერესებშიც შედის:
„ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ამოცანაა, რომ ევროპამ დაძლიოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება და ამ კუთხით ყველა ალტერნატიულ პროექტს [მათ შორის - საქართველოს გავლით] აუცილებლად დაუჭერს მხარს“.
ასევე ნახეთ სჭირდება თუ არა დასავლეთს საქართველოს "ომში ჩათრევა"? - არგუმენტები და კონტრარგუმენტებისაქართველოს „ომში ჩათრევის“ საფრთხეებზე, თვეების წინ, ჯერ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ლაპარაკი, ხოლო შემდეგ, მმართველი პარტიიდან „სიმართლის სათქმელად“ წასულმა დეპუტატებმა („ხალხის ძალა“) ეს თემები კიდევ უფრო განავრცეს და გააღრმავეს.
მათი „სცენარით“, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა მიეწერებათ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით - აშშ-ის ელჩს, ევროპარლამენტარებს, ყოფილ ელჩებს, „დიდ ძალებს“ დასავლეთში და ადგილობრივ ოპონენტებს; მათ მიერ მრავალგზის გაპროტესტების მიუხედავად.
რატომ უნდა წავიდეს დასავლეთი თავისივე ინტერესების წინააღმდეგ? - ექსპერტებისთვის გაურკვეველია.
რამაზ გერლიანი გვეუბნება, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურებული ენერგეტიკული პროცესები კიდევ უფრო განამტკიცებენ საქართველოს უსაფრთხოებასა და დაცულობას, რადგან „მათში იმდენი ქვეყნის ინტერესია თავმოყრილი, რომ მოწინააღმდეგეების ბანაკში თითქმის აღარავინ რჩება“.