უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ორი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსადმი მხარდაჭერას, ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომზე, რომლის სწრაფად დასრულების სურვილიც გამოთქვა და ასევე შეეხო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობას.
„უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებულნი - საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ. შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია და ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს და ქართველ ერს... რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან. რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით - ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა დაინტერესებულ წრეებთან და მხარეებთან. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი მალე დასრულდეს და საქართველოს მოსაზრებაც იგივეა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ორბანის თქმით, ბრიუსელში ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით და მისი სიტყვებით: „ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს, ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება“.
ვიქტორ ორბანის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრს მუშაობს და უნგრეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.
ორბანის თანახმად, შეხვედრაზე ასევე შეეხნენ ენერგეტიკულ საკითხებს.
„მინდა ვაცნობო უნგრეთის საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება. ეს ჩვენთვის არის საინტერესო, რომ ჩვენ გვქონდეს ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, რომ აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს გავლით. ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ამ ინიციატივას ემხრობა და ეს უნგრეთისთვის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის. ჩვენი სურვილია, ენერგეტიკული და მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ენერგეტიკული რესურსების მიღების კუთხით. ჩვენ გვსურს, რომ ამ საკითხებმა არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტაც პოვოს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისი სიტყვებით, მომავალ წელს საქართველოში გაერთიანებული მთავრობათაშორისო შეხვედრა გაიმართება.
ერთობლივ ბრიფინგამდე, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
საქართველოს პრემიერი უნგრეთს 26 ოქტომბერს ესტუმრა. ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ასევე შეხვდა უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერს. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო.
საქართველომ 3 მარტს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი წარადგინა. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.