მსოფლიო შედეგებით, სიტუაცია საქართველოში აფრიკისა და წყნარი ოკეანის რამდენიმე სახელმწიფოს შორის ხვდება. მაჩვენებლებში ჯერ კიდევ არ არის ასახული 10 აგვისტოს სტატისტიკა - ბოლო 24 საათში გამოვლენილი 5 697 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვლილი პაციენტი.
ასეულობით ექიმმა განგაში 6 აგვისტოდან ატეხა, თუმცა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ მათი მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაითვალისწინა 10 აგვისტოდან დაწესებულ შეზღუდვებში. ამ შუალედში კი, თავად აუცრელი პრემიერი საზოგადოებამ ხალხმრავალ სუფრასთანაც იხილა.
- რამდენად საკმარისია დაწესებული შეზღუდვები და არის თუ არა ქვეყანაში რეგულაციების აღსრულების იმედი?
- რა არის მოსალოდნელი საქართველოში, თუკი COVID-19-ის სწრაფი გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება?
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 10 აგვისტოს საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოში მოვლენები „ყველაზე ცუდი სცენარით“ ვითარდება, ჯანდაცვის სისტემა სასწაულს ვერ მოახდენს, საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა ამოწურვადია და „საგანგაშო“ ვითარებაში ყველაფერი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
ასევე ნახეთ ტიკარაძე: ვერ შევაგროვებთ ისეთ საწოლებს, რომელსაც ექიმი ვერ მოემსახურება, მასეთი სახლებშიც არის„ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და ჩვენ დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც არის დაწესებული...
ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს, ან ექიმები ვერ მოემსახურებიან. ასეთი საწოლები არსებობს ბინაშიც, რომელსაც შეიძლება ექიმი ვერ მოემსახუროს“, - მინისტრის ამ სიტყვების შემდეგ საზოგადოების ერთი ნაწილი კიდევ უფრო შეშინდა და გაბრაზდა, რადგან, მათი აღქმით, სახელმწიფომ პასუხისმგებლობა მოიხსნა და მთელი ტვირთი ხალხს გადააბარა.
ფეისბუკს თუ გადავხედავთ, საზოგადოების დიდ ნაწილს ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ - შესაძლოა, მათ ოჯახის წევრს, ახლობელს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდეს, იქ კი უბრალოდ ადგილი არ იქნება.
- ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანას კლინიკებში სულ 8 ათასი კოვიდსაწოლის დადგმის შესაძლებლობა აქვს;
- 7 აგვისტოს მონაცემებით 7000-მდე საწოლი იყო მობილიზებული.
- 10 აგვისტოს მონაცემებით, სტაციონარებში მკურნალობს 6552 პაციენტი.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გვითხრა, რომ 10 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 500 საწოლი იყო თავისუფალი. ამჟამინდელ ვითარებას ის „კატასტროფულს“ უწოდებს.
ღია სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნას ჩხაიძე თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და ახლაც გვეუბნება, რომ ვაქცინაციის 6-7%-იანი მაჩვენებლის პირობებში ერთადერთი გამოსავალია „პირბადის ტარების უნივერსალურ და მკაცრად კონტროლირებად წესად ქცევა“. მისთვის მიუღებელია იმ სახის ვალდებულება, როგორსაც 10 აგვისტოდან შემოღებული რეგულაცია ითვალისწინებს.
საქართველოში 10 აგვისტოდან ამოქმედებული წესით, ღია სივრცეში პირბადე სავალდებულო გახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად 5 ადამიანზე მეტი მოიყრის თავს.
ასევე გამოცხადდა, რომ:
- სოციალური ღონისძიებების, მაგალითად - ქორწილი, ქელეხი, იუბილე თუ სხვა მსგავსი შეკრებების მასპინძლობისთვის, კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში ობიექტები დაილუქება;
- აკრძალულია ღამის კლუბების მუშაობა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში;
- კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე.
ექიმებსა და დარგის ექსპერტებს, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ის აშინებთ, რომ მკაცრად კვლავაც არავინ გააკონტროლებს რეგულაციებს და პირბადის გარეშე მოსიარულე ადამიანებს კვლავაც ვნახავთ ყველგან - მაღაზიებში, კაფეებსა თუ აფთიაქებში.
ამასთან, აკრძალული ღონისძიებების ჩამონათვალში არაფერია ნათქვამი, მაგალითად, კონკრეტულად კონცერტების შესახებ და ისიც ფაქტია, რომ 10 აგვისტოს ხელისუფლებას არც თელავში დაგეგმილი კონცერტი გადაუდია.
ასევე ნახეთ თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნას ხალხმრავალი ღონისძიება ეძღვნება, ის კოვიდით გარდაიცვალა„პრობლემა ის კი არ არის მარტო, რომ მთავრობამ ხელი აიღო ჩვენზე. ხელს გვიშლის იმაში, რომ ჩვენს თავს ჩვენ მაინც მივხედოთ... რა დროს კანდიდატების წარდგენის ამხელა ღონისძიებები და კონცერტებია... ეს დანაშაულია. მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავითარი ხალხმრავალი თავყრილობები, სულერთია, დისტანციის დაცვით თუ მის გარეშე... მასობრივი შეკრებები საერთოდ უნდა აიკრძალოს...
ღია სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება რომ მოხსნეს, არავინ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში ავტომატურად გამოიწვევდა პირბადეების მოხსნას დახურულ სივრცეშიც და ასეც მოხდა... არაფრით არ შეიძლებოდა ჯარიმებზე ამნისტიის წინასწარი გამოცხადება. შეიძლებოდა, ვთქვათ, გაენახევრებინათ, მაგრამ სრული ამნისტიით ახლა ყველას ასეთი დამოკიდებულება აქვს - გვაპატიებენ ამ ჯარიმებს 2 ოქტომბერს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯანდაცვის სპეციალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი, ვატო სურგულაძე.
მასშტაბური შეხვედრების გამართვა ხელისუფლებაში ამ ეტაპზე მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაიფიქრა. სალომე ზურაბიშვილმა აღარც ოლიმპიელებს უმასპინძლა.
მასშტაბურ წინასაარჩევნო შეხვედრებზე უარს ამბობს ოპოზიციაც. ამის შესახებ განცხადება გააკეთა, მაგალითად, პარტიამ „ელენე ხოშტარია-დროა“. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურეს ასევე „ევროპულ საქართველოსა“ და „ლელოში“.
„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ პარტია წინასაარჩევნო პერიოდში თავის ძალისხმევას ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობას მოახმარს.
ასევე ნახეთ დაგვეხმარეთ - აიცერით, შესაძლოა ვეღარ გადავარჩინოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები - კლინიკა "ბომონდი"„ხელისუფლებამ მართვის ყველა სადავე დაკარგა, სამწუხაროდ, და ამას ჯანდაცვის მინისტრიც ადასტურებს. რეალურად, ჩვენი ერთადერთი გადარჩენის გზა არის თვითორგანიზება. ხშირი ტესტირებით, იზოლაციაში დროული გადასვლითა და პირბადეების ტარებით შესაძლებელია ვირუსის გავრცელების გარკვეული შეკავება. თუმცა მთავარი სიცოცხლის გადამრჩენი არის ვაქცინა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ვახტანგ კალოიანი.
თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება, დაწესებული რეგულაციები არ შესრულდება და ინფექციის გავრცელების ამჟამინდელი ტემპები შენარჩუნდება, კალოიანი საქართველოს უახლოეს მომავალში იტალიის სცენარს უწინასწარმეტყველებს.
„ვითარება უკიდურესად რთულია და თუკი ეს ტემპი შენარჩუნდება, სულ რაღაც ერთ-ორ კვირაში მივიღებთ იმავე ვითარებას, რაც იტალიაში იყო 2020 წელს. ეს ნიშნავს, რომ საშინლად მოიმატებს ადამიანების სახლში გარდაცვალების ტემპი. საავადმყოფოებში ადგილი ფიზიკურად აღარ იქნება... ქვეყანას ალბათ შეუძლია სამხედრო წესით საწოლების მობილიზება, მაგრამ ეს ალბათ მაქსიმუმ იქნება 2-3 ათასი კიდევ“.
ourworldindata-ს სტატისტიკით, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებლებით საქართველო, მსოფლიოში სავალალო პოზიციებს იკავებს:
- ფიჯისა და ბოცვანას შემდეგ, საქართველო მესამე ადგილზეა 1 მილიონ მოსახლეზე გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით;
- დაღუპულთა მაჩვენებლით, საქართველო მეოთხე ადგილასაა - ბოცვანას, ტუნისისა და ფიჯის შემდეგ.
ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები თითქმის გაორმაგდა მას შემდეგ, რაც 700-ზე მეტმა ექიმმა საქართველოში განგაში ატეხა. 6 აგვისტოს ხელმოწერილი ღია წერილით ისინი მთავრობას არაერთ შეკითხვას უსვამდნენ და როგორც რეგულაციების, ასევე მათზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვდნენ.
ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ არ შეიძლებოდა უსაფრთხოების მთელი პროცესის „ადამიანების პასუხისმგებლობაზე მიშვება“.
აუცილებელი მოთხოვნები წერილში ასეა ჩამოყალიბებული:
- სავალდებულო გახდეს FFP2 და FFP3 პირბადეების ანდა ერთდროულად ორი სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში;
- გამკაცრდეს კონტროლი და დაჯარიმდეს ყველა წესის დამრღვევი;
- აიკრძალოს მრავალრიცხოვანი შეკრებები (მაგალითად - 10 კაცზე მეტი);
- გადაიდოს ფართომასშტაბიანი კონცერტები და ღონისძიებები (რა ლოგიკით ვრთავთ ამ ტიპის კონცერტების ჩატარების ნებას და ამავე დროს - ხალხს მოვუწოდებთ, არ დაესწროს);
- რესტორნებმა და კაფე-ბარებმა მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ სტუმრები (დაშვებულ იქნან მხოლოდ სრულად აცრილები და პირები ბოლო 72 საათში ჩატარებული ნეგატიური ტესტის პასუხებით);
- აიკრძალოს ე.წ. წითელი ზონის ქვეყნებიდან ტურისტების შემოსვლა ან დაუწესდეთ მათ კარანტინი (ცნობები ყალბდება განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში);
- გამკაცრდეს კონტროლი კოვიდპასპორტებსა და მათ ვალიდურობაზე.
ამ საკითხების განხილვა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პრეროგატივაა და ფაქტია, რომ საბჭომ ეს მოთხოვნები არ გაითვალისწინა.
„ჩვენზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მოხსნილია, მხოლოდ საკუთარი თავის და ახლობლების გადარჩენის იმედად ვართ! ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ ვირუსზე!“ - დაწერა სოციალურ ქსელ ფეისბუკში ღია წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა 10 აგვისტოს, მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკის ფონზე.
ექიმების ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ, 7 აგვისტოს - თავად იმ დროისთვის აუცრელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უარი არ თქვა დასწრებოდა ხალხმრავალ ქეიფს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში.
„დანაშაულია ქეიფი?!“ - ასეთი იყო მისი პასუხი ამ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების კვალდაკვალ.
მეტი როგორ აგვიხსნას და მიგვახვედროს პრემიერმა, რომ ეს ვირუსი საერთოდ არ არსებობსო - რიტორიკულ შეკითხვას სვამდნენ ფეისბუკში ანტივაქსერები და ღარიბაშვილს გულმოდგინედ აქებდნენ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს უარი უთხრა, შეეფასებინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქციელი. „მე პოლიტიკურ შეფასებებს არ ვაკეთებ“, - ასეთი იყო მისი პასუხი;
მედიის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. „ჩემს სუბიექტურ აზრს აქ ნამდვილად არ გავაჟღერებ“, - თქვა მან.