ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკა "ბომონდი" მოქალაქეებს მოუწოდებს ვაქცინაციისკენ. კლინიკა ამბობს, რომ მძიმე ეპიდსიტუაციის პირობებში ეს მათთვის დახმარება იქნება.
"არ გვიწუწუნია კლინიკაში გადათენებულ მძიმე ღამეებზე, ხშირ შემთხვევაში კვირების განმავლობაში უნახავ ოჯახის წევრებზე - მშობლებზე. არ გვიფიქრია დასვენებაზე, როდესაც ვხედავდით, რომ ჩვენ ვიყავით უამრავი ადამიანის ოჯახის იმედი და მათ იმედს ვერ გავუცრუებდით.
სამწუხაროა, რომ დღეს კლინიკაში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის.
უმორჩილესად გთხოვთ!
ჩვენი რესურსიც ამოწურვადია, ამიტომ გთხოვთ, დაგვიდექით გვერდით - ჩაიტარეთ ვაქცინაცია, შეასრულეთ სპეციალისტების მითითებები, რადგან თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, თუ ერთმანეთს არ დავეხმარებით, შესაძლოა უბრალოდ ვეღარ შევძლოთ თქვენი ოჯახის წევრების დაცვა, ვერ გადავარჩინოთ თქვენი მშობლები, დედმამიშვილები, შვილები, მეუღლეები და უბრალოდ თქვენთვის საყვარელი ადამიანები. Covid-19 ვირუსისგან წართმეულ თითოეულ ადამიანს ჩვენს გულს ვატანთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ განცხადების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი 28 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა.
28 წლის ორსულის გარდაცვალების მონაცემები ხვალინდელ სტატისტიკაში იქნება ასახული.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია ინფიცირების 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მოვლენები COVID-ინფიცირების კუთხით ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.