Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის თეატრში თემურ წიკლაურის ხსოვნას ხალხმრავალი ღონისძიება ეძღვნება, ის კოვიდით გარდაიცვალა


თელავის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე დღეს ხალხმრავალი კონცერტის გამართვა იგეგმება. კონცერტი კორონავირუსით გარდაცვლილი ცნობილი მომღერლის, თემურ წიკლაურის ხსოვნას მიეძღვნება. ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ თავდაპირველად კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კულტურული ღონისძიებების სპეციალისტმა ლეილა ლეგაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლეგაშვილის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, არსებული შეზღუდვების გამო, კონცერტზე იგეგმება მხოლოდ 300-მდე ადამიანის დასწრება.

"სამწუხაროდ, რეგულაციების გამო მხოლოდ 300 ადამიანი დაესწრება ამ საღამოს. აქედან გარკვეული რაოდენობა ჩამოსული სტუმარი იქნება, რის გამო ბოდიშს ვუხდით დასწრების მსურველებს. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით", - დაწერა ლეგაშვილმა ფეისბუკში, თუმცა მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია წაშალა.

თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პაატა გულიაშვილის განმარტებით, დარბაზის ფართობი რეგულაციების დაცვის საშუალებას იძლევა.

"ეს არ არის ჩვენი ღონისძიება და კონცერტის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. ამისთვის დაუკავშირდით ბესო ჩუბინიძეს. სპექტაკლები არ არის აკრძალული და როგორც გუშინ და გუშინწინ შევუშვით ხალხი, ასევე მოხდება დღესაც. ჩვენ გვაქვს უფლება, ერთი სკამის გამოტოვებით მაყურებელი შევუშვათ და ასე მოხდება დღესაც. ასევე ეკეთებათ პირბადეები და მოხდება თერმოსკრინინგი, იქნება სადეზინფექციო ხსნარი", - ამბობს პაატა გულიაშვილი.

თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის მენეჯერი ბესიკ ჩუბინიძე ამბობს, რომ ღონისძიება ყველა წესის დაცვით ჩატარდება და მისი გაუქმება არ განიხილება.

"მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თემურ წიკლაურის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდება ღირსეულად", - ამბობს ის.

თელავში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ჰკითხეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძესაც. მან თქვა, რომ კონკრეტული ღონისძიების შესახებ არაფერი იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ თუ ხალხმრავალი ღონისძიება გაიმართება, იქ დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია. რადიო თავისუფლება ცდილობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან დაკავშირებას.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია კორონავირუსის 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მოვლენები Covid-ინფიცირების კუთხით ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.

XS
SM
MD
LG