ბელგიის გადაწყვეტილება ექსპერტებისთვის სიმპტომია, რომ საქართველო შესაძლოა წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი თავშესაფრის მაძიებელთა საკითხის განხილვისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურებს უკავშირდება, რასაც, თავის მხრივ, კავშირი აქვს სავიზო ლიბერალიზაციის მექანიზმთანაც.
რატომ აღარ არის სიაში?
„უცხოელების შესახებ“ ბელგიის სამეფოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესული ცვლილებები 10 ივლისს ოფიციალურად გამოქვეყნდა და ამავე დღიდან შევიდა ძალაში. საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში აღარ არის.
„კრიტერიუმები შეეხება არა მხოლოდ ზოგად პოლიტიკას [მაგალითად, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას, პოლიტიკურ სტაბილურობას], არამედ სამართლებრივ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად და პრაქტიკაში მათ გამოყენებას“, - წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
- ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2013 წლის დირექტივების შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების სიის შედგენა „მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით“ ხდება და მხედველობაში მიიღება - კანონის მოქმედების ეფექტიანობა და დაცვის მექანიზმების ხელმისაწვდომობა პირისთვის, რომელიც დევნასა თუ სასტიკ მოპყრობას განიცდის.
ბრიუსელში ამ სიის გადახედვა წელიწადში მინიმუმ ერთხელ ხდება. დოკუმენტში მითითებულია, რომ თუკი ამა თუ იმ ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, ის შესაძლებელია უფრო სწრაფად დაბრუნდეს უსაფრთხო ქვეყნების სიაში.
საქართველოს ელჩმა ბელგიაში, ვახტანგ მახარობლიშვილმა 18 ივლისს განმარტა, რომ „მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ბელგიის სხვადასხვა უწყებასთან“ გადაწყვეტილების მიზეზების დასადგენად.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ჩვენს ბელგიელ კოლეგებთან და მოვიძიოთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა მიზეზით შეიძლება ეს მომხდარიყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და პოზიტიური რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება“, - თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან.
ბელგიის ხელისუფლების მიერ 10 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღება ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის [დამოუკიდებელი სტრუქტურა] შეფასებას ეყრდნობა. თუმცა იქვე მითითებულია, რომ გენერალურ კომისარს, თავისი გამოცდილების გათვალისწინებით, „აქვს განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობები, შეაფასოს ქვეყანაში [უფლებების] დაცვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ვითარება“.
ბელგიის უკეთესად ინფორმირების საჭიროებაზე უთითებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, რომლისთვისაც „ის ჩანაწერი, რაც არსებობს დოკუმენტში, არ იძლევა დამატებით ინფორმაციას“ და „გაურკვევლობასაც ტოვებს... რომ თითქოს არ ჩანს ბელგიის ერთიანი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით“. „საჭიროა ბელგიის შესაბამის უწყებებთან მუშაობა და სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - უთხრა მან 18 ივლისს ჟურნალისტებს.
გადაწყვეტილებას „თავისი შინაარსით“ პოლიტიკურს უწოდებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი და მომხდარს ძირითადად „შიდა მტრების“ მუშაობის შედეგად მიიჩნევს.
„ამ მიმართულებით მათი [ოპოზიციის] მუშაობა ინტენსიურად გრძელდება, რომ როგორმე დამატებით ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ ევროპაში, თუმცა, ფაქტები გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო რჩება ტურისტულ ჰაბად და უსაფრთხო ქვეყანაა... საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე ოპონენტი საგარეო ფორმატში და სივრცეში“, - ამბობს გია ვოლსკი.
ასევე ნახეთ რატომ სთხოვს საქართველო ევროკავშირს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასბელგიის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპაში საქართველოსთვის დასმული დიაგნოზის ძალიან სამწუხარო სიმპტომად მიიჩნევს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია.
„ეს არის დიაგნოზი იმ სიტუაციის ანალიზის მიხედვით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეინიშნება დემოკრატიის უკუსვლის კუთხით - ადამიანის უფლებებისა თუ მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით... ჩვენ გვინახავს არაერთი ანგარიში თუ განცხადება, მაგრამ ახლა გვაქვს ფაქტი, როცა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო. მოსწონს ეს ხელისუფლებას თუ არ მოსწონს, ფაქტია, რომ საქართველოში არსებული ვითარება არ ფასდება დამაკმაყოფილებლად“, - ეუბნება კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლებას.
რა შეიძლება მოჰყვეს?
ბელგიის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა 17 ივლისს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გაახმაურა და შეაფასა შედეგად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კანონის უზენაესობას და საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ ბელგიას შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ და ამ პროცესში, შესაძლოა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხიც დადგეს.
უსაფრთხო ქვეყნების სია ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნები თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობენ.
უარის თქმა ავტომატურ რეჟიმში არ ხდება, მაგრამ უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მიზეზი და საფუძველი, რომ მან ლტოლვილის სტატუსი მიიღოს. მოქმედებს ასევე განაცხადების განხილვის შემჭიდროებული ვადები, რაც, საერთო ჯამში, აპელაციის ჩათვლით, 3 თვეს შეადგენს.
არაუსაფრთხო ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეების განაცხადებს უფრო დეტალურად იკვლევენ და პროცედურაც უფრო ხანგრძლივია.
ბელგიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ხშირად სწუხან იმის გამო, რომ თავშესაფრის მიღება, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის გამო, უჭირდათ. სტატუსის შეცვლა მათ შანსებს ზრდის
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 2016 წელს, აგვისტოში შეიყვანა. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო... აკმაყოფილებს კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - აცხადებდნენ მაშინ საქართველოს მთავრობაში.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე ვარაუდობს, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღება ბელგიისკენ თავშესაფრის მაძიებლების ნაკადის ზრდას გამოიწვევს; რადგან უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაწესებული მკაცრი პირობები საქართველოს შემთხვევაში აღარ იმოქმედებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბელგიაში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მიღების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.
„ეს არ ნიშნავს, რომ ვინც თავშესაფარს მოითხოვს, ყველა მომენტალურად მიიღებს. თითოეული საქმე ინდივიდუალური წესით განიხილება და გადაწყვეტილებაც ასე იქნება მიღებული... თუკი კონკრეტულ შემთხვევაში რეალური საფუძველი არ არსებობს, თავშესაფრის მოთხოვნა დროისა და ფინანსების უაზროდ ხარჯვაა“, - ეუბნება ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გაძლიერებას აპირებსკორნელი კაკაჩია ამბობს, რომ - ბელგიის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საქართველოს ამოღებამ, თუკი იგივე პროცესები სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას - თუკი თავშესაფრის მაძიებლების რიცხვის ზრდა სხვა ქვეყნებშიც აღირიცხება.
თუმცა კაკაჩია ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ასეთ საფრთხეს ვერ ხედავს, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებები, მისი ვარაუდით, დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე - მიანიჭებს თუ არა ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რაც ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებასაც გულისხმობს.
ბელგიაში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმს „საფრთხე არ ემუქრება“ და „აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა“.
ბელგია მუდმივად ყურადღებით აკვირდებოდა და აქტიურად რეაგირებდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე საქართველოს შემთხვევაში.
თუკი ბოლო გადაწყვეტილება მიგრანტების ნაკადს გაზრდის - ვანო ჩხიკვაძის შეფასებით, ბელგიამ, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოსგან მოითხოვოს - აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, „რასაც ბოლო პერიოდში საერთოდ ვერ ვხედავთ“ და ასევე, საქართველოდან გამსვლელი ნაკადების უფრო მკაცრი კონტროლი, უშუალოდ ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან - საქართველოს აეროპორტებში, „რისი გამოცდილებაც არსებობს“.