ევროკომისიამ ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან დაიწყო კონსულტაციები უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის სრულყოფისთვის. ევროკომისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზია მიგრაციის და უსაფრთხოების პრობლემები.
სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი გაწერილია ევროკავშირის სავიზო რეგლამენტის მერვე მუხლში და ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის მოქმედების შეჩერებას არალეგალური მიგრაციის მნიშვნელოვანი ზრდის ან ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის რისკის შემთხვევაში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრებისა და მესამე ქვეყნებისთვის, მაგრამ გასულმა წლებმა აჩვენა, რომ უვიზო რეჟიმმა შესაძლოა, გამოიწვიოს მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებიც და ქვეყანა, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობს, იქცეს სატრანზიტო გზად ევროკავშირში არალეგალურად მოსახვედრად.
მაგალითად დასახელებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, თუმცა, მათ ტერიტორიას არალეგალური მიგრაციისთვის იყენებენ მოქალაქეები იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს.
ევროკომისიის ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის სრულყოფა შესაძლოა, მოიცავდეს ახალი რისკების გათვალისწინებით შეჩერების ახალ საფუძვლებს, უფრო ეფექტურ და მოქნილ პროცედურებს და მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.
ევროკომისია ევროპარლამენტთან და ევროკავშირის საბჭოსთან განხილვების საფუძველზე მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას 2023 წლის შემოდგომაზე წარმოადგენს.
ევროკავშირს უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან.