2024 წლის ბოლოდან, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება: დაახლოებით 1,4 მილიარდ ადამიანს, ვიზისაგან გათავისუფლებული 60-ზე მეტი ქვეყნიდან, მოგზაურობის ნებართვა დასჭირდება. განაცხადი გამგზავრებამდე წინასწარ, ელექტრონულად უნდა შეავსონ და 7 ევრო გადაიხადონ.
რა არის ETIAS ანუ ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა?
ეს არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპის 30 ქვეყანაში.
ეს სისტემა წააგავს აშშ-ს მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემას (ESTA), რომელიც მსგავს მიზანს ემსახურება.
ETIAS-ის გავლის სამართლებრივი პროცედურები 2016 წელს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, სისტემა სრულად ამოქმედდება 2023 (განახლებული ინფორმაციით 2025 წლიდან) წლის ბოლოს.
ამ სისტემის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა. მოგზაურობის ავტორიზაციის ეს სისტემა შეაგროვებს, თვალყურს მიადევნებს და განაახლებს ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას.
რატომ გახდა საჭირო ამ სისტემის შემოღება?
ETIAS-ის ავტორიზაციის დამტკიცების მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა.
ევროკომისიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 2016 წლის მიმართვაში თქვა:
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, ვინ მოგზაურობს ევროპაში“.
ეს არის სია იმ ევროპული ქვეყნებისა, რომლებიც ETIAS-სს მოითხოვენ.
ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ეს კი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლის მოქალაქეებსაც მოუწევთ გამგზავრებამდე განაცხადის შევსება
ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
უნდა მივმართო ETIAS-ზე ყოველ ჯერზე, როცა ევროპაში ვიმოგზაურებ?
ETIAS-ი მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, განაცხადსაც აქვს სამწლიანი ვადა. სამი წლის შემდეგ თქვენ ხელახლა უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა.
თუ პასპორტი შევცვალე?
თუ ETIAS-ის მიღების შემდეგ, სამწლიანი პერიოდის გასვლამდე, რაიმე მიზეზით მალევე შეცვალეთ პასპორტი, მაშინ თქვენ თავიდან უნდა გაიაროთ სამგზავრო ავტორიზაცია.
რამდენჯერ შეიძლება ჩავიდე ევროპაში?
რამდენჯერად გსურთ. ETIAS-ის მოქმედი მოგზაურობის ნებართვა ამ უფლებას არ გიზღუდავთ - შეგიძლიათ ევროპაში იმოგზაუროთ რამდენჯერაც გინდათ, მოკლევადიანი ვიზიტით, რაც მოიცავს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. თუმცა, ცხადია, ჩასვლისას, მესაზღვრე ჩვეულებრივ ამოწმებს თქვენს პასპორტსა და სხვა დოკუმენტებს, რათა დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებთ ქვეყანაში შესვლის პირობებს.
ETIAS-ისთვის განაცხადის პროცესი მოიცავს ოთხ მარტივ ნაბიჯს:
- ავსებთ ETIAS-ის ონლაინ განაცხადის ფორმას.
- იხდით ETIAS-ის საფასურს.
- ETIAS-ის აპლიკაცია იგზავნება უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სხვადასხვა ბაზებში გადასამოწმებლად.
- იღებთ თქვენს ETIAS-ს.
ევროპაში „შესვლის საფასური ყველასთვის 7 ევრო იქნება?
ეს წესი ეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებს, 70 წლამდე - ისინი ამ მოსაკრებელს იხდიან.
18 წლამდე და 70 წელს ზემოთ მოგზაურებს საფასურის გადახდა არ დასჭირდებათ.
როგორ გადავიხადოთ ETIAS ვიზის მოსაკრებელი?
ETIAS ვიზის მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელი იქნება ონლაინ, საკრედიტო ან სადებეტო ბარათით. საკმარისია შეიყვანოთ თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალები და განაგრძოთ გადახდა.
გადახდის შემდეგ, განაცხადი განიხილება რამდენიმე წუთში და თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას თქვენი განაცხადის სტატუსის შესახებ.
თუ ჩემი განაცხადი უარყოფილია, მოსაკრებელი მაინც უნდა გადავიხადო?
დიახ, თქვენ უნდა გადაიხადოთ 7 ევრო - თქვენი ETIAS-ის დამუშავების საფასური მაშინაც კი, თუ თქვენი განაცხადი მოგვიანებით უარყოფილია. შეგიძლიათ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება ან ხელახლა მიმართოთ, მაგრამ თანხა არ დაგიბრუნდებათ.
განაცხადის შევსება დასრულებულად არ ჩაითვლება, თუ თანხას არ გადაიხდით.
როგორ ვავსებ აპლიკაციას? დიდი დრო უნდა?
ETIAS განაცხადის შევსებას ელექტრონულად დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.
თქვენ უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი, გვარი, გვარი დაბადებისას, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ინფორმაცია თქვენი მოქალაქეობის შესახებ, მისამართი, ფოსტა და ტელეფონის ნომერი, განათლება და სამუშაო გამოცდილება, ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომლის მონახულებასაც აპირებთ, კითხვები თქვენს ჯანმრთელობაზე (დასაშვებობის ფარგლებში). ომის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ კითხვები, ხომ არ ყოფილხართ ნასამართლევი ან დეპორტირებული და ა.შ.
იარსებებს ოფიციალური პლატფორმა ETIAS აპლიკაციების დასამუშავებლად, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ შუამავლის მეშვეობით განაცხადის შეტანა ან დამატებითი სერვისების გადახდა.
მას შემდეგ, რაც სისტემა გადაამოწმებს თქვენს მონაცემებს და დაადგენს, რომ თქვენი ყოფნა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უსაფრთხოა, ETIAS-ის ცენტრალური სისტემა გასცემს თქვენს მოგზაურობის ავტორიზაციას და თქვენ მიიღებთ დადასტურებას ელექტრონული ფოსტით.
განაცხადი უნდა ამოვბეჭდო?
თქვენი შევსებული განაცხადი ელექტრონულად ინახება ETIA-ის მონაცემთა ბაზაში, ამიტომ მისი ამობეჭდვა არ დაგჭირდებათ. თუმცა, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით (თუ ტელეფონი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა გაგიფუჭდათ), შეგიძლიათ ამობეჭდილიც თან იქონიოთ.
ETIAS-ის უარყოფის მიზეზები
- თუ თქვენს პასპორტს ვადა გაუვიდა.
- ან თუ ETIAS-ის განმცხადებელმა გამოიყენა სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც მოპარულია ან მითვისებული.
- თუ კონკრეტული პირი ითვლება“რისკად“.
- თუ განაცხადი არასრულად არის შევსებული.
"ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ სისტემის ამოქმედებამ, წესით, აღარ უნდა შექმნას ის დისკომფორტი, რაც საზღვრიდან უკან გამობრუნების შემთხვევებს ახლავს ხოლმე. ასეთი შემთხვევები კი, მისი თქმით, მზარდია.
მისი აზრით, საჭიროა ამ საკითხზე საქართველოს საზოგადოების სწორად ინფორმირება და საინფორმაციო კამპანიაც კი, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ანტიევროპულმა ძალებმა ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენონ.
„ეს არ უნდა გახდეს იმის წინაპირობა, რომ ვინმემ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირმა ისევ არადგინა სავიზო რეჟიმი“, - უთხრა ვანო ჩხიკვაძემ რადიო თავისუფლებას.