სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ჯერ ისევ უამრავი შეკითხვაა პასუხგაუცემელი და უამრავი ეჭვი ჩნდება. საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვენ.
როგორ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინების წლისთავზე? რატომ არავის გაუკვირდა რამზან კადიროვის ხსენება? ამოიწურა თუ არა პრობლემა ერთი კაცის დაჭერით? რატომ არის ეს ყველაფერი სახიფათო საქართველოს სახელმწიფოსთვის?
კვალი უკრაინაში
როგორც 16 ივნისს „მთავარ არხს“ უკრაინაში მცხოვრებმა ყოფილმა სამხედრომ, ვანო ნადირაძემ უთხრა, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობის გეგმა უკრაინელმა სამართალდამცველებმა გენერალ შაითანოვის დაკავების შემდეგ შეიტყვეს.
გენერალ-მაიორ ვალერი შაითანოვის შესახებ უკრაინულ მედიაში მრავალი ცნობის მოძიებაა შესაძლებელი. ირკვევა, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა 57 წლის კაცი 14 აპრილს დააკავა - რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობისა და ეთნიკურად ჩეჩენი პირის, მოხალისე ადამ ოსმაევის შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით:
- ადამ ოსმაევი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში დონბასში, უკრაინის არმიის დასახმარებლად;
- რუსეთის ხელისუფლებამ ოსმაევს 2007 წელს ბრალად დასდო ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მკვლელობის ორგანიზება, ხოლო 2012 წელს თავად ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობაშიც დაადანაშაულა;
- 2017 წელს ადამ ოსმაევს ორჯერ დაესხნენ თავს და მეორე თავდასხმის დროს დაიღუპა მისი მეუღლე, ამინა ოკუევა;
- გამოძიების ინფორმაციით, შაითანოვი კავშირში იყო ФСБ-ს პოლკოვნიკთან, იგორ ეგოროვთან;
- Bellingcat-ის ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ ეგოროვია გარეული მოსკოვის მიერ მოსისხლე მტრად შერაცხული კიდევ ერთი ჩეჩნის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში.
პირი, რომელიც, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, კადიროვის დავალებით მოქმედებდა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია. 40 წლის კაცი საქართველოში 12 ივნისს დააკავეს.
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 15 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ:
- გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა;
- დაკვეთა მოდიოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან;
- ქართულ მხარეს კარანტინის პერიოდში ინფორმაცია უკრაინის სამართალდამცველებმა მიაწოდეს.
ნიკა გვარამიამ ბრიფინგი 20:00-ზე გამართა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი განცხადება ამის შემდეგ რამდენიმე საათში, გვიან ღამით გამოაქვეყნა. სუს-ის მიერ დასახელებული ინიციალები ზუსტად შეესაბამება ვასამბეკ ბოკოვს. ასევე, განცხადებით დასტურდება, რომ - 12 ივნისს დაკავებული კაცი შეკვეთილი მკვლელობის საქმეს უკავშირდება. სხვა საკითხია, რომ მისთვის ამჟამად წაყენებული ბრალი გაცილებით უფრო მსუბუქია.
კერძოდ, სუს-მა განაცხადა:
- დაკავებული რუსეთის მოქალაქეა;
- ის დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში;
- გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო;
- ის დაკავებულია არა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების გამო, არამედ ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით.
მეტი დეტალის დადგენის მიზნით, რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ 15 ივნისის განცხადების მიღმა ამ ეტაპზე აბსოლუტურად არაფერი კონკრეტდება.
უწყებაში გვითხრეს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ფიქრობენ გარკვეული ინფორმაციის გავრცელებაზე, მაგრამ როდის და როგორ - ეს არავინ იცის.
რატომ შურისძიება? რატომ გაბუნია?
რუსეთის შურისძიებასთან დაკავშირებული შეკითხვა ცოტა ვინმეს თუ უჩნდება პუტინ-კადიროვის აწყობილი სადამსჯელო მანქანისა და დიდი მსხვერპლის გათვალისწინებით.
ხოლო გიორგი გაბუნიას რამზან კადიროვი ღიად დაემუქრა 2019 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანმა „რუსთავი-2“-ის პირდაპირი ეთერით, ვრცელი და მრავალსართულიანი გინება რუსულ ენაზე შეუთვალა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
ასევე ნახეთ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას ურჩევს, დაიმალოსგაბუნიას გინება ბევრს არ მოეწონა და მათ შორის არც თავად მის მეგობრებს. ხოლო საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს ძალიან შეეშინდა - რუსეთი ომს დაგვიწყებსო.
მთლად ომით არა, მაგრამ რუსეთი საქართველოს ახალი სანქციებით ემუქრებოდა. დაიძაბა სიტუაცია - რუსეთის დუმაში ძალიან მწვავე დებატებიც გაიმართა.
„ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ დაუყოვნებლივ და ოფიციალურად“, - საქართველოს შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე მოითხოვა 9 ივლისს ვლადიმირ პუტინისს პარტიის - „იედინაია როსიას“ წარმომადგენელმა, დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, პიოტრ ტოლსტოიმ.
მაშინ ახალი სანქციები აღარ დაწესებულა. პუტინმა თქვა - არ არის საჭიროო. რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ - გინებაზე მაღლა დადგა.
ბევრის აზრით, რუსეთში დააფასეს, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებმა ძალიან სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს გიორგი გაბუნიას საქციელის კატეგორიულად დამგმობი განცხადებები და, ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფის გაცეცხლებული მიჭრა „რუსთავი-2“-ის შენობასთან.
ასევე ნახეთ რა ძალა და ფასი აქვს პუტინის გინებას საქართველოში?როცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე ოკუპანტი ქვეყანა ჟურნალისტის მოკვლას გეგმავს, სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათო სიგნალია, - ფიქრობს უსაფრთხოების ექსპერტი, თეონა აქუბარდია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მოახლოებული მნიშვნელოვანი არჩევნების ფონზე, ეს ფაქტი ერთი ჟურნალისტის საკითხზე მეტია.
„ეს შეკვეთილი მკვლელობა რომ შესრულებულიყო, ეს მხოლოდ პუტინისთვის საძულველი მორიგი ჟურნალისტის თავიდან მოშორება კი არ იქნებოდა, არამედ იქნებოდა სერიოზული შიდა დესტაბილიზაციის გამომწვევი საბაბი ამ წინასაარჩევნო პერიოდში... რუსეთი, როგორც ჩანს, ამ გეგმით მოქმედებდა და მიზანი უცვლელია - დაუპირისპირდეს საქართველოს დემოკრატიასა და განვითარებას“.
დამნაშავის დაკავებას თეონა აქუბარდია მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევს. თუმცა ის, რომ ბევრი რამ გაურკვეველია და ამბავი თავდაპირველად არა სახელმწიფომ, არამედ მედიამ გაახმაურა, მისი აზრით, რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს - „საფრთხეები არა თუ შემცირდება, არამედ გაიზრდება“.
შეკითხვები, ეჭვები და საქართველოს ხელისუფლების რეაქცია
16 ივნისს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს საკმაოდ დიდხანს ელოდებოდა მედია. არ გამართულა არცერთი საგანგებო ბრიფინგი და არავის დაუგმია რუსეთის ფედერაციის ქმედებები.
ხელისუფალთა კომენტარებში ჭარბობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქება, მოქალაქეთა (მათ შორის - ჟურნალისტების) დაცვის მიზანი და სახელმწიფოს უნარის ხაზგასმა - რომ შეუძლია მძიმე დანაშაულის თავიდან აშორება.
ასევე ნახეთ თალაკვაძე გაბუნიაზე: ჟურნალისტებზე ანგარიშსწორების უფლებას ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთსაგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი წერილობით გამოგვიგზავნა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.
სახელმწიფო იცავს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას“ .
ასევე ნახეთ ენმ ითხოვს, გაბუნიას ლიკვიდაციის მზადების საქმის გამოძიებაში ჩაერთონ მოკავშირეების უწყებებიხელისუფლებასთან ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ ოპონენტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების გაძლიერებასა და კომფორტულ არსებობაზე ლაპარაკობენ. ოპოზიცია მაქსიმალურად ყველა ინფორმაციის გასაჯაროებასა და ბუნდოვან პროცესებზე პასუხის გაცემას ითხოვს.
ამ ეტაპზე ოფიციალურად პასუხგაუცემლად რჩება ბევრი შეკითხვა და მათ შორის, მაგალითად:
- იყო თუ არა ბოკოვის სამიზნე გიორგი გაბუნია?
- მკვლელობა უშუალოდ დაკავებულ პირს ჰქონდა დავალებული თუ შესაძლოა სხვა თანაზრახველებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე?
- ნაპოვნია თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი და თუ კი - საქართველოშია შეძენილი ის თუ შემოტანილია?
- როგორ მოახერხა ბოკოვმა საქართველოში შემოსვლა და თავისუფლად ცხოვრება რამდენიმე თვის განმავლობაში?
ასევე ნახეთ ვასამბეკ ბოკოვის, იმავე ახმედის, კავშირი პანკისთან - რა ფაქტები არსებობს
„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს, ადვოკატ ლევან სამუშიას, კიდევ ერთი ასეთი შეკითხვა აქვს - როდემდე აპირებდა ხელისუფლება ამ ამბის დამალვას, მედიას რომ არ გაეხმაურებინა?
ამ შეკითხვიდან გამომდინარე, ჩნდება მეორე შეკითხვაც - ხომ არ იგეგმებოდა ყველაფრის მიჩქმალვა, მაშინ როცა დაკავებულს მხოლოდ საბუთების გაყალბებაში ედება ბრალი?
„ინფორმაციის მედიაში გახმაურების შემდეგ გახდა იძულებული სუს-ი, რომ განცხადება გაეკეთებინა. იძულების მთავარი ფაქტორი ალბათ ის იყო, რომ საქმეში სავარაუდოდ უკრაინის სპეცსამსახურები არიან ჩართული... არ არის გამორიცხული, რომ ეს მიჩქმალულიყო და შემდეგ ეს პირი ან გადაეშვათ საზღვარზე, ან გადაეცათ, ან მსუბუქი სასჯელით შემოფარგლულიყვნენ“, - გვეუბნება ლევან სამუშია.