„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სოლიდარობას უცხადებს „მთავარ არხს“ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას და მოითხოვს მაქსიმალურად სწრაფად და დეტალურად გასაჯაროვდეს ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ჟურნალისტის სიცოცხლის ლიკვიდაციის მზადების საქმეს. პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვინაიდან ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა დაბალია, საჭიროა პროცესში ჩაერთონ მთავარი საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებიც.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გაბუნიას სიცოცხლის ლიკვიდაციის მზადების საქმის გამოძიების მიმართ მოთხოვნები რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა. მათ შორის:
„ზუსტად დადგინდეს არა მარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ დანაშაულის ორგანიზატორები და დამკვეთები;
ხელისუფლებამ დააფიქსიროს მკაცრი და შეუვალი პოზიცია ამ დანაშაულზე და არ დაიმალოს ისე, როგორც იმალება მაშინ, როდესაც საქმე რუსეთის ფედერაციას ეხება.
და ბოლოს, კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიებაში ჩართონ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირეების შესაბამისი უწყებები, იმიტომ, რომ ხელისუფლების გამოძიებისადმი ნდობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ნულზე დასული”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.
გუშინ, 15 ივნისს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.
გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".