სარწმუნოა თუ არა "ფულის გათეთრება" ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში?

თიბისი ბანკის დამფუძნებლებისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ პროკურატურას მორიგი პროცედურული ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს - ბრალდების მხარეს ჯერ არ მიუმართავს სასამართლოსთვის 24 ივლისს ბრალდებული ბანკირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ვინაიდან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაკავებულები არ არიან, პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნისთვის 48 საათიანი ვადა არ ზღუდავს. ეს, მეორეს მხრივ, იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, გარკვეული დროით არ გაეცეს პასუხი კითხვას, ემუქრებათ თუ არა ამ ეტაპზე პატიმრობა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. არ გამოირიცხება ისიც, რომ პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არც კი მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიება.

საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე- 3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე ბანკირების წინააღმდეგ აღძრულ საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებას კი ამ პროცედურებისგან დამოუკიდებლად მოითხოვს სამოქალაქო სექტორი. ამის ერთადერთი მიზანი იმაში გარკვევაა, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და ხომ არ იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების პოლიტიკური მოტივი.

ასევე ნახეთ რა ხდება მაშინ, როცა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პროკურატურაში იბარებენ

​ მანამდე კი ვიდრე მტკიცებულებების დეტალები გახდება ცნობილი, ბრალდებულთა ადვოკატი, ეკონომიკური ექსპერტები და სამოქალაქო მონიტორები აღნიშნავენ, რომ საქმეში, რომლითაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წაუყენეს ბრალი, ფულის გათეთრებაზე საუბარი ზედმეტია.

რა არის ფულის გათეთრება?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, „ფულის გათეთრება“ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას გულისხმობს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება კი ნიშნავს უკანონო გზით ნაშოვნი ფულისთვის თუ ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემას, ანდა მასზე ქონებრივი უფლების დამალვას.

უკანონო საქმიანობად ითვლება იარაღით უკანონო ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, კორუფცია, კომპიუტერული მაქინაციები და სხვა. უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფულადი სახსრების კანონიერ სივრცეში გადატანას ძირითადად კრიმინალური წრეები მიმართავენ, მისი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაზე კი დამანგრეველია.

პროკურატურის დადგენილება ანუ ფულის გათეთრების სქემა ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეში

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ თითქმის ერთი წლის წინ, 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. პროკურატურის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა 2008 წლის აპრილსა და მაისში განხორციელებულ ტრანზაქციები. კერძოდ პროკურატურის თანახმად, თიბისი ბანკმა შპს „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი - M” - ზე სათანადო უზრუნველყოფის გარეშე გასცა 17 მილიონ ამერიკულ დოლარამდე სესხი, მას შემდეგ კი რაც თანხა კომპანიების ანგარიშებზე განთავსდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ამავე კომპანიებისგან ზუსტად იმავე ოდენობის თანხა ისესხეს.

ასევე ნახეთ მოიგებს თუ ვერა მამუკა ხაზარაძე

​პროკურატურის თანახმად შემდეგი ნაბიჯი აღნიშნული სესხების ჩამოწერა იყო. კერძოდ, „ 2008 წლის ბოლოს თიბისი ბანკმა აღნიშნული სესხები საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება თუ არა ბანკის კუთვნილი ფულის გათეთრება?

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, ადვოკატი კი აღნიშნავს, რომ პროკურატურამ არ იცის ის, რაც იციან იურიდიული ფაკულტეტის 1-2 კურსის სტუდენტებმა.

ბრალის დადგენილებას გარდა სათაურისა არაფერი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს“, - განაცხადა მედიისთვის მიცემულ კომენტარში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. მისი თქმით, ასეთი ფორმით მომზადებული დადგენილება პროკურატურის დაცინვაა:

„სტუდენტებს ასე ვასწავლი და კოდექსში ასე წერია, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს თიბისი ბანკის ფული. ეს სტუდენტების პირველი, მეორე კურსის პროგრამაა“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ, რომლის შეფასებითაც ფაქტს, რომლის გამოც ბრალი წარუდგინეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, ფულის გათეთრებასთან არაფერი აკავშირებს.

​საბოლოო შეფასებას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეში წარდგენილი ბრალის ფულის გათეთრებად კვალიფიცირება, იურისტები და ექსპერტები მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გააკეთებენ. თუმცა მანამდე „საერთაშორისო გამჭვირვალობა,-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, გია გვილავა ამბობს, რომ ბანკის კუთვნილი ფულის გათეთრებაზე საუბარიც კი პრაქტიკულად გამორიცხულია. არგუმენტები კი რომლებსაც ის ეყრდნობა, შემდეგია:

  • ბანკში აკუმულირებული თანხები, იგულისხმება, რომ სუფთაა
  • მიმდინარეობს ამ თანხების დეტალური აღრიცხვა
  • ამას გარდა არსებობს საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა

გია გვილავა ვარაუდობს,რომ პროკურატურას გაუჭირდება იმის

გია გვილავა

მტკიცება, ბანკიდან წამოსული ფული როგორ შეიძლება იყოს უკანონო შემოსავალი. „ამის დადასტურება იქნება ურთულესი. ამიტომ გაჩნდა ვარაუდები, რომ საქმის წარმოების დაწყება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული“,- გვითხრა გია გვილავამ.

ასევე ნახეთ ანაკლიის პორტი: მამუკა ხაზარაძეს ჩაანაცვლებენ?

​11 წლის წინანდელი საქმე და დღევანდელი ბიზნესი

გიორგი ისაკაძე

​ხაზარაძე - ჯაფარიძის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფორმასა და მის გავლენაზე ამახვილებს ყურადღებას თავის მხრივ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე. მისი შეფასებით,

​გამოძიების ამ ფორმების არჩევით ხელისუფლებამ ბიზნესისთვის ყველაზე დამაზიანებელი გზა აირჩია. გიორგი ისაკაძის აზრით:​

  • საქმე ამოვარდნილია კონტექსტიდან, როგორც დროში, ისე სივრცეში
  • არსებობს უამრავი სხვა ფორმატი, რომელიც შეეძლო ხელისუფლებას ამ საქმის გამოსაძიებლად აერჩია
  • საქმე ცალსახად არ არის ფულის გათეთრება, რასაც სავარაუდოდ დაადასტურებენ სასამართლო ინსტანციებიც
  • საქმის გასაჯაროვებამ დრამატული ასახვა ჰპოვა საინვესტიციო კლიმატზე, მათ შორის პრობლემები შეექმნა ეროვნულ ვალუტასაც.

გიორგი ისაკაძე ვარაუდობს, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ბრალდება ადრე თუ გვიან გაქარწყლდება, თუმცა ფაქტია ის, რომ 2019 წლის 9 იანვრიდან მოყოლებული თიბისი ბანკის დამფუძნებლების სისხლის სამართლის საქმემ დრამატული ასახვა ჰპოვა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.

რაც შეეხება კონკრეტულად ერთი დღის დანაკარგებს, გიორგი ისაკაძის თანახმად, უშუალოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე იზარალა არა მარტო თიბისი ბანკმა, არამედ ოთხივე კომპანიამ - "საქართველოს ბანკმა", "ჯორჯია კაპიტალმა" და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა". პროკურატურის მიერ ხაზარაძე - ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ ოთხივე კომპანიის ზარალი დანაკლისი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი იყო.