Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება მაშინ, როცა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პროკურატურაში იბარებენ


24 ივლისს დღის 12 საათზე გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ბრალდების წარსადგენად ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ითქვა ისიც, რომ გენერალური პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავდა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

“მაინც ავაშენებთ!!!” - დაწერა მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე პროკურატურის განცხადების შემდეგ, მანამ, სანამ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პროკურატურაში მივიდოდა. მისი სტატუსი ანაკლიის პორტს შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სამართლებრივი პროცესი დაიწყო, დაიწყო საუბრებიც იმის შესახებ, რომ რეალურად ეს არის ანაკლიის პორტის პროექტის ჩასაგდებად გამიზნული პროცესი.

იმაზე, რომ ეს პროცესი ანაკლიის პორტს საფრთხეს უქმნიდა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურასთანაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ ეს არა მისი პირადი პროექტი, არამედ საქართველოს მომავლის პროექტი და ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ სერიოზული და მძლავრი ნაბიჯია და ის გაჩერებას არ აპირებდა, თუმცა არ გამორიცხა არც მისი დაკავების საშიშროება.

უკვე პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ საბჭოთა პროკურატურაში იმყოფებოდა.

“მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ბრიფინგი არის ზუსტად გამეორება იმ წინა ორი ბრიფინგისა, რომელმაც გამოიწვია იანვარ-თებერვალში, ლონდონში, ჩვენი აქციონერების 200 მილიონი დოლარით დაზარალება. დღევანდელი ბრიფინგის გამო, მხოლოდ იმის გამო, რომ აქ ხუთი წუთით მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის, 8%-ით დააგდეს თიბისი ბანკის აქციები და ისევ დააზარალეს რამდენიმე ათეული მილიონით ჩვენი ინვესტორები. ეს არის პირდაპირი მიზანმიმართული ქმედება. ისინი აზარალებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს. ეუბნებიან ინვესტორებს, რომ თქვენ აქ უსაფრთხოდ არ ხართ. ვიღაც ჩინოვნიკს, ბიუროკრატს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტის და მთლიანად ინსტიტუციის რეპუტაცია“ - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის აქციები 24 ივლისს მართლაც მკვეთრად დაეცა. ​

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე 10 პროცენტით შემცირდა. ბანკის ზარალი 79 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

ბანკის ზარალი ეროვნულ ვალუტაში, დაახლოებით, 300 მილიონი ლარია, მოსალოდნელია გაგრძელდეს ფასის ვარდნა და გაიზარდოს ჯამური ზარალიც;

​ბადრი ჯაფარიძის თქმით, ყოველი ასეთი ბრიფინგი პროკურატურაში, არა მხოლოდ მათ ბიზნესზე, არამედ ქვეყნის საინვესტიციო გარემოზეც ცუდად აისახება.

რას ამბობს ხელისუფლება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი

"1995 წლიდან ვარ ადვოკატი და ასეთი აბსურდული ბრალის დადგენილება დღემდე არ მინახავს" - თქვა პროკურატურასთან ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

ზვიად კორძაძე
ზვიად კორძაძე

"კოდექსში ასე წერია, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს თიბისი ბანკის ფული. ეს პირველი, მეორე კურსის პროგრამაა სტუდენტებისთვის, ვინც ამას ვერ გაცდება, მესამე კურსზე ვერ გადადის. მუხლი, რომელიც დარჩა, არის ფულის გათეთრება. არავითარი საერთო ამ შემთხვევას ფულის გათეთრებასთან არ აქვს. "

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე თვლის, რომ ახლა პროკურატურამ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს იმის შესახებ, რა მტკიცებულებები შეაგროვა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალის დასადგენად.

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

ზოგადად ადრეც იყო საუბარი, რომ შეიძლება ამ საქმეს გარკვეული პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს და არა რეალურად სამართლებრივი. ამიტომ გამოძიებას განსაკუთრებით მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს და არ უნდა რჩებოდეს იმის ეჭვი, რომ საქმე მართლაც რაღაც პოლიტიკური მდგენელისგან შედგებოდეს“.

ხაზარაძის საზოგადოებრივ აქტიურობას უკავშირებს პროკურატურის ქმედებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

"ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეს არის 10 წლის წინანდელი საქმე და ამ საქმის აღძვრა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა მამუკა ხაზარაძე. ეს ორი საკითხი ერთმანეთს რომ არ მივაბათ, ეს იქნება არასწორი. აქ მე მგონი უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხაზარაძემ განაცხადა თავის სავარაუდო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებითაც. ამის შემდეგ ვხედავთ უკვე, რომ გააქტიურდა პროკურატურა.“​

პოლიტიკურ მოტივს და ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ განზრახვას გამორიცხავს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურას და სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის არ იყენებენ და ეს მათი ხელწერა არ არის.

ნათია თურნავა
ნათია თურნავა

"პროკურატურამ იმოქმედა თავისი კანონიერი მანდატის ფარგლებში. თქვა თავისი სიტყვა, ახლა საქმე გადაეცემა სასამართლოს და ყველა მოთმინებით უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვიტყვი, რომ ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. აქედან გამომდინარე, მოთმინებით დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას".

"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე იმას, რაც ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის თავს ხდება, ცალსახა პოლიტიკურ დევნას უწოდებს და ამბობს, რომ ამ გზით ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნების ნაცვლად მას დაკარგავს.

"თიბისის ჩაძირვა უნდა?

ანაკლიის პროექტის დამუხრუჭება/შეჩერება უნდა?

პოტენციურად წონიანი პოლიტიკური ოპონენტის პრევენციულად განეიტრალება უნდა?

რა მნიშვნელობა აქვს? სამივე ერთად შეიძლება უნდოდეს

ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური დევნაა!"

​ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობად აფასებს პროცესს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკიც.

გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ და მას შემდეგ, რაც თვალები დათხარეს ახალგაზრდებს, ის არის ბოლომდე გაკოტრებული და ამ ნაბიჯით ებღაუჭება ხელისუფლებას. ამავე დროს, ბრალის წარდგენა არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიც მთავრობის მხრიდან, მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებისა, რომელიც ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად გააკეთა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ პროკურატურის ქმედებებს გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების გარდა, მოკლევადიანი შედეგიც შეიძლება ჰქონდეს მიზნად დასახული - უარი ათქმევინოს მამუკა ხაზარაძეს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაზე.

"ძალაუფლების შენარჩუნება ყველა ხერხებით ივანიშვილისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების მომავალი.

მალე პირადი მოსამსახურეებით შეავსებს უზენაეს სასამართლოს და საბოლოოდ გააფორმებს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაციას.

ის დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც. ამ არჩევნებმა უნდა გადაარჩინოს ქვეყანა.“

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

​"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ საფრთხე შეიძლება დაემუქროს "TV პირველსაც."

"ახლა ვუყურებთ გაშმაგებულ, გაავებულ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს მედია და პოლიტიკური სივრცე მოასუფთაოს და ისე გავიდეს 2020 წლის არჩევნებზე.

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ აქვს 50% მარტომ მოაგროვოს და ჯერჯერობით არც ვინმე სჩანს პოლიტიკურ მოედანზე, რომელიც მათ დათანხმდება და მათთან კოალიციას გააკეთებს, გარდა რუსული პარტიებისა. ხდება ველის მოსუფთავება, სადაც ივანიშვილი ახალ ყვავილებს დათესავს, მაგრამ ყვავილების ნაცვლად ის მიიღებს ტლაპოს, სადაც მარტოს მოუწევს ჩაჯდომა“

პარლამენტარი ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ბანკირებთან დაკავშირებული მოვლენები ცუდ შედეგს მოუტანს ისედაც გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტასაც.

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ქართულ ოცნებას“ უნდა დავუსვათ მარტივი შეკითხვა - ისინი ლარის რყევას ხსნიდნენ რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციებით და ახლა მათ უნდა ვკითხოთ, ქვეყნის ორი მთავარი ბანკირის პოლიტიკური დევნა ახდენს თუ არა გავლენას ლარზე და ქართულ ეკონომიკაზე?"

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე მოკლედ

2018 წლის 12 ივლისს პრესაში იწერება, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ. პროკურატურამ ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. „თიბისი ბანკმა“ პრესაში გავრცელებული ეს ინფორმაცია უარყო.

2018 წლის 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაცია ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ უარყო შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამაც და საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან ჭორების გავრცელებაში დაადანაშაულა.

2018 წლის 24 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზებზე საუბრისას თქვა, რომ "ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური.“

ტელეკომპანია იმედმა ინტერვიუს ფრაგმენტები დამაზუსტებელი ინფორმაციით შემოგვთავაზა, სადაც ნათქვამი იყო, რომ, კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის მიმართ არსებულ პრეტენზიებში ფიგურირებდა TBC ბანკის ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის სახელი და ანაკლიის პორტის პროექტი.

საქართველოს პროკურატურა 2018 წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკში“ 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციას, რომელშიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს ხედავს. ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ და პირადად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.​

2019 წლის 22 იანვარს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, რადგან მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ანაკლიის პროექტზე. ელჩის განცხადებით, მის დაინტერესებას ისიც იწვევს, რომ ამერიკელები „თიბისი ბანკში“ გარკვეულ წილს ფლობენ.

2019 წლის 5 თებერვალს საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიამ „დენტონსმა“ მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვით „თიბისი ბანკის“ სანქცირებისთვის იურიდიული საფუძვლები არ არსებობს. ასევე არ დაეთანხმა, ფულის გათეთრების სქემის არსებობას.

2019 წლის 11 თებერვალს საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ თქვა, რომ : „ბოლო თვეების განმავლობაში სამართლიანობასთან დაკავშირებით, საქართველოდან უარყოფითი სიგნალები მოდის… “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია… შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა – მანამდე“.

2019 წლის 14 თებერვალს „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა (მამუკა ხაზარაძის) და თავმჯდომარის მოადგილის (ბადრი ჯაფარიძის) მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი გაუგზავნა.

9 ივლისს კი მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს.​

XS
SM
MD
LG