უკვე რამდენიმე თვეა არ ცხრება ხმაური საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტის, „თიბისი ბანკის“ მიმართ. აჟიოტაჟი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გასული წლის აგვისტოში გამოძიება ბანკის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების, ე.წ. ფულის გათეთრების გამო დაიწყო.
ერთგვარი კულმინაცია გამოიკვეთა 14 თებერვალს, როდესაც გაირკვა,რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ითხოვს 2 თვეში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შეუჩერდეთ სამჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს.
რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წლებში “თიბისი ბანკის” კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც შეფასდა, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.
- არის თუ არა ეს ასე?
- ჰქონდა თუ არა ეროვნულ ბანკს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება?
- რატომ არ დაელოდა ეროვნული ბანკი გამოძიების დასრულებას? .რატომ გაახსენდათ საქმე მომხდარიდან 11 წლის შემდეგ?
- ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ ვინმეს კარნახით?
- შეიძლება თუ არა ეს საქმე უკავშირდებოდეს ანაკლიის პორტის მშენებლობას?
ამ კითხვებზე სავარაუდო პასუხები მრავლადაა, ფაქტები კი არა.
ვერსიები და ვარაუდები
მედიაში, პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში გავრცელებული მოსაზრებების თანახმად, „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის სათავეში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას. მან რამდენიმე თვის წინ საჯარო უკმაყოფილება გამოხატა "თიბისის" ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის მიმართ, როცა განაცხადა, რომ 30 მილიონის საქმეზე მას მამუკა ხაზარაძემ მადლობაც კი არ უთხრა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ამ შემთხვევაში ეხებოდა "თიბისი ბანკის" დავას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შუამდგომლობით მოგვარდა.
მედიის გავრცელებული ცნობებით, ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ბიზნესმენის მიერ რუსთავი2-ისთვის ფულის სესხება კრიტიკულ მომენტში.
„მამუკა ხაზარაძეს პირადად არავითარი ფული ჩვენთვის არ უსესხებია არასდროს“ - გვითხრა „რუსთავი2“-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, „თიბისისთან“ მხოლოდ საბანკო ურთიერთობა ჰქონდათ და 2-3 ჯერ აიღეს კრედიტი.“როცა აიკრძალა კრედიტების მიცემა და ფულის მოძრაობის პრობლემა შეგვექმნა, გამოსავალი ვიპოვეთ და ჩვენი გაყიდვების სახლი იღებდა ხოლმე კრედიტს და მერე ფარავდა,“ - გვითხრა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, „თიბისი“ ერთადერთი ბანკი იყო, რომელმაც რუსთავი2-ს კრედიტი მისცა.
მედიაში ასევე მსჯელობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის სავარაუდო ფარულ აუდიოჩანაწერზეც, რომელშიც თითქოსდა საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას ბიზნესი უნდა მართავდეს და არა ოლიგარქი.
კარგადაა ცნობილი ბიძინა ივანიშვილის განმარტებაც მედიასთან იმის თაობაზე, რომ “ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა”, ამ პირობებში კი პრემიერ-მინისტრი არღვევს ბალანსს სახელმწიფო და ბიზნეს-ინტერესებს შორის.
ექსპერტები, თავის მხრივ, არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის “თიბისი ბანკის ხელში ჩაგდება” უნდა.
თუმცა მიზეზების ვერსიებში ერთ-ერთი პირველ ადგილზე დგას დაპირისპირება ანაკლიის პორტის გამო. ამაზე მიანიშნებს თავად მამუკა ხაზარაძემაც. მან განაცხადა, რომ დიდ ეჭვს იწვევს ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ბანკის რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება მაშინ, „როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის-ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებასთან“ .
ანაკლიის პორტი-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ჭიდილი
ანაკლიის პორტი საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდაზე ორიენტირებული პროექტია, რომელსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს. პროექტი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობისას დაიწყო. კონსორციუმში შემავალ ხუთ საერთაშორისო კომპანიას შორისაა „თიბისი ჰოლდინგი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტის დეველოპერია. „თიბისი ჰოლდინგი“ ღრმაწყლოვანი პორტის პარალელურად 2000 ჰექტარზე „ანაკლია სიტის“ გაშენებასაც გეგმავს.
„როდესაც ამ ფონზე ხდება პროკურატურის გააქტიურება 10 წლის წინანდელ საქმეზე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი ლიდერი კომპანიის მენეჯმენტზე გამოძიების დაწყება, ეს უკვე საფრთხეს უქმნის კონსორციუმს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ცალკე ზარალდება ქართული საბანკო სექტორისადმი ნდობა. ამ დროს ხელისუფლება ვერ აყალიბებს არგუმენტირებულად, თუ რატომ გახდა ეს საქმე ახლა აქტუალური და რატომ არ გამოიძიეს აქამდე. ეს კი ლოგიკურ კითხვას აჩენს, ეს საკითხი ხომ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, პროკურატურა კი - ხელისუფლების ხელში არსებული სადამსჯელო იარაღი?” - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებაში. მისი წარმომადგენელი, ბესო ნამჩავაძე კი ამატებს, რომ ამ მოცემულობაში ბანკისთვის, პორტისთვის და შესაბამისად ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავად მამუკა ხაზარაძემ დაიწყოს საუბარი:
„თუ ბანკი არის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და მისი ფინანსური სტაბილურობა გადამდები იქნება სხვა ინსტიტუტებისთვის, ანაკლიის პორტში ეკონომიკასთან ერთად შემოდის პოლიტიკური მნიშვნელობაც. სატრანზიტო ფუნქცია, მოლოდინი რაც ევროპას და ამერიკას აქვს ამ პორტზე, მათ შორის ნატოს ტვირთების დიდი ნაწილის გატარება, გეოპოლიტიკურად აძლიერებს საქართველოს. რუსეთს არაფერი კარგი არ აწყობს საქართველოში და მით უფრო ასეთი გეოპოლიტიკური პორტები. და როცა ამ ფონზე ხდება მშენებლებისთვის ხელის შეშლა, ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.“ - ამბობს ბესო ნამჩავაძე და სვამს შეკითხვას: „თუ საქმე მართლა ისეა, რომ რუსეთს არ უნდა ანაკლიის პორტის აშენება და ამიტომ დაიწყო თიბისი-ზე შეტევა, როგორ შეიძლება მამუკა ხაზარაძემ დეტალებზე არ ისაუბროს. აქ ხომ ბანკზე უკვე აღარ არის ლაპარაკი?!”
თიბისის აქციების ფასი დაეცა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციების ღირებულებამ ბოლო ორი წლის მინიმუმი შეადგინა. ერთი აქციის ფასი 13.23 გირვანქა სტერლინგია, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. 14 თებერვალს აქციები 6.66%-ით გაუფასურდა. ამის შედეგად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 52 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა.
„ის 7 პროცენტი, რაც დააკლდა გუშინ თიბისი ბანკის აქციების ფასს, გადატანითი მნიშვნელობით აკლდება საქართველოს ეკონომიკას. ეს არის უფრო ნაკლები ინვესტორი სამწუხაროდ, მით უმეტეს საფინანსო სექტორში, რომელიც არის სულ განვითარებული. თუმცა ეს არ არის რა თქმა უნდა ინდულგენცია არავისთვის, რომ როდესაც დიდი ხარ რაღაცეების უფლება გაქვს. შენ თუ აშავებ, უნდა დაისაჯო, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვითხოვ მეტ სიცხადეს რეგულატორისგან და კომერციული ბანკისგან,“- უთხრა რადიო თავისუფლებას „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ. თუმცა ეროვნული ბანკისგან და „თიბისი ბანკისგან“განსხვავებით, განმარტებები ძირითადად ექსპერტებისგან და პოლიტიკური სუბიექტებისგან ისმის.
გამოხმაურებები და რეაქციები სოციალურ მედიაში
პოლიტიკოსების განცხადებები „თიბისი ბანკის“ გარშემო, მათი პოლიტიკური კუთვნილების შესაბამისად დალაგდა. ოპოზიციამ თიბისი ბანკში შექმნილი მდგომარეობა ბიძინა ივანიშვილის პირად დაინტერესებად, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მის მეგობარზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და მას ბანკის ხელში ჩაგდების მცდელობაშიც დასდო ბრალი.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ,რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ბანკი და კონკრეტული ადამიანი, ბიზნესი საქართველოში თავისუფალია და ესაა „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათი. აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასთან არ დაადასტურა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ იგი იყო შუამავალი ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის ე.წ. მორიგების მცდელობის პროცესში.
მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაცია გაგრძელდა სოციალურ ქსელ ფეისბუკში. მას ციფრულ პოსტერებში „მევახშედ“ მოიხსენიებენ და დამნაშავედ აცხადებენ.
ეროვნული ბანკის წერილი კი უკვე სამართლებრივი რეაგირების საფუძველიც გახდება. დღეს, თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით.