ისევ "ანტიქრისტიანებზე", "ეკლესიის მაგინებლებზე" - საპატრიარქო და პოლიტიკა საქართველოში

"ქართული ოცნების" ლიდერები შობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში. 7 იანვარი, 2024 წელი.

​​​​​​​ხელისუფლების ლიდერები სანთლებით ხელში ეკლესიაში, რელიგიურ დღესასწაულებზე - ეს სურათი, უკვე წლებია, ჩვეულია საქართველოსთვის.  საპატრიარქოს, პატრიარქის ან მღვდელთმსახურთა პოზიციების კრიტიკა კი მკრეხელობად მიიჩნევა.

„ქართული ოცნება", სეკულარული ქვეყნის მმართველი პარტია, ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებს ეპითეტებს - „ეკლესიის მოწინააღმდეგეები“, „ეკლესიის მაგინებლები“. "ანტიეროვნული, ანტიეკლესიური დაჯგუფება".

რელიგიას, მართლმადიდებლობას, ეკლესიის სახელს, მასთან სიახლოვის დემონსტრირებასა თუ მისი გულის მოგებას, როგორც პოლიტიკურ ხერხს, ექსპერტების დაკვირვებით, მცირე გამონაკლების გარდა, თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა მიმართავს ხოლმე საქართველოში - განსაკუთრებით მმართველი პარტიები, და განსაკუთრებით არჩევნების წელს.

2024-იც ასე დაიწყო.

ჯერ კვლავ შობის თარიღი - 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი - გახდა ბრალდებების თემა და შემდეგ დაპირისპირების ხაზი გაივლო სამების ტაძრის მატრონა მოსკოველის ხატზე, რომლის ერთ ფრაგმენტში სტალინიც არის გამოსახული.

საბჭოთა დიქტატორის - სტალინის გამოსახულების ხატზე ნახვამ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. 9 იანვარს სამოქალაქო აქტივისტმა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. ხატი გაწმინდეს და სამებაში უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს. შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. აქტივისტს, და არა მხოლოდ მას, ძალადობრივი ჯგუფები დაემუქრნენ.

ბოლო დღეების ხმაურიან პროცესებში აქტიურად ჩაერთნენ პრორუსული ძალებიც.

საპატრიარქო, თავის მხრივ, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული „კიდევ ერთი ტალღის“ დაწყებაზე ლაპარაკობს.

ხატის ხელყოფის კრიმინალიზაცია?

„ოპოზიციამ უკვე მკაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიეკლესიური ნიშა“, „ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება, - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 7 იანვარს, შობის დღესასწაულის აღსანიშნავად სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.

პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ შობის თარიღთან და საპატრიარქოსთან მიმართებით კრიტიკულ მედიაში მოსმენილმა კომენტარებმა აღაშფოთა და 2024 წლისთვის არჩევანიც გამოკვეთილია:

შესაბამისად, როცა იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება - ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ეყრდნობა საქართველოს ისტორიას, მის სულიერების ისტორიას და, მეორე მხრივ, ოპოზიციას შორის, რომელიც არის ანტიქართული, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და რომელიც არის საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ.

მათ, ვინც შობის აღნიშვნას 25 დეკემბერს ემხრობა, „სექტას“ უწოდებს უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ამბობს, რომ ეს ხალხი მართლმადიდებლობას „დემოკრატიის მუხრუჭად“ მიიჩნევს. კიდევ ერთმა დეპუტატმა უმრავლესობიდან, დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა - „პოლიტიკას, რელიგიასა და სპორტს ერთმანეთში ვერ განასხვავებს" და ყველაფერი პოლიტიკა ჰგონიაო.

თუკი სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, იმ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის - რომლებმაც ხალხს 7 იანვარს შობის დღესასწაული მიულოცეს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ არის; ხოლო პარტიის ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, შობის მილოცვისას, თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო - ანთებული სანთლებით ხელში.

მას შემდეგ კი, რაც მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა, ხაბეიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი“ და „სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული ... ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი!“.

ასევე ნახეთ სამებაში საღებავით დასვრილი ხატი გაწმინდეს და უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს

რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ კრიტიკას არასოდეს ერიდებოდა და ამ მხრივ იმთავითვე გამოირჩეოდა, ოპოზიციის დიდ ნაწილს კვლავ დუმილის გამო აკრიტიკებენ.

„მარტო აღარ ვართ პოლიტიკურ სივრცეში ამ [კრიტიკის] მხრივ, მაგრამ მატრონას და სტალინის ამ ნახატმაც [ხატმა] კი ვერ შეაზანზარა ქართული ოპოზიციის საკმაო ნაწილი - პირში წყალი ჩაიგუბეს და არიან გასუსულები. ასე არ შეიძლება... არ შეიძლება, ლიბერალურ დემოკრატიაზე, თანამედროვე ევროპელობაზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკურ ფიგურებსა და ჯგუფებს არ ჰქონდეთ პრეტენზია რუსული იმპერიალიზმის დანაყოფის ქმედებებზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა.

„რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ფაქტობრივ ქვედანაყოფად“ ბერძენიშვილი დღევანდელ საპატრიარქოს მოიხსენიებს და იმასაც უსვამს ხაზს, რომ „საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ არის რწმენის საკითხი“.

ქართულ რეალობაში, საპატრიარქოსა და სასულიერო პირების კრიტიკა სწორედ რწმენის მტრობად და ღმერთის გმობად მიიჩნევა.

„ეკლესიის მტრები“, „ეკლესიის მაგინებლები“ - ოპოზიციისკენ მიმართულმა ამ ტერმინებმა „ქართული ოცნებისა“ და მისი განაყოფის - „ხალხის ძალის“ ლექსიკონში 2021 წლის გაზაფხულზეც იჩინა თავი, როცა პარლამენტში ხმაურიანი „აგენტების შესახებ კანონი“ განიხილებოდა.

ბოლო დღეებში ამ ტერმინებს სოციალურ ქსელებში აქტიურად იყენებენ მათი მოკავშირეები, მომხრეები თუ ლოიალურად განწყობილი ჯგუფები.

ასევე ნახეთ რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება იგეგმება

10 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა, „ქართული ოცნების“ სახელით, კანონის გამკაცრების პირობა დადო - რათა სამომავლოდ, ხატის ხელყოფაში დადანაშაულებული პირები არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლისსამართლებრივი წესით დაისაჯონ.

ხატისთვის საღებავის შესხმას ოხანაშვილმა „არაქრისტიანული ქცევა“ და „ანტიეკლესიური ქმედება“ უწოდა და თქვა, რომ ეს ქმედება „ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების მხრიდან“ არის მხარდაჭერილი.

10 იანვრამდე, მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებულ დისკუსიებს ხელისუფლება თავს არიდებდა.

პოლიტიკოსების „ფლირტი“ საპატრიარქოსთან

საპატრიარქოსა და პოლიტიკოსების „ფლირტზე“ საქართველოში უკვე წლებია ლაპარაკობენ. ეკლესიის მაღალ იერარქებთან სიახლოვის დემონსტრირებას ხელისუფლებაც ცდილობს და ოპოზიციაც.

ახლო წარსულის არქივში ვხვდებით მრავალ ფოტოს - პოლიტიკოსები პატრიარქთან ერთად, საპატრიარქოში თუ ეკლესიებში.

პატრიარქთან გადაღებული ფოტო ახლახან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემაც გამოაქვეყნა.

„არასდროს დამავიწყდება მის უწმინდესობასთან პირველი შეხვედრა. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა“, - წერს 4 იანვარს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში სოფო ჯაფარიძე.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე - ყველა გამოკითხვით - საქართველოში ყველაზე მაღალი ინდივიდუალური რეიტინგით ლიდერობს და მაჩვენებლები 90%-ს აჭარბებს.

ეკლესიის მრევლი პოლიტიკოსებისთვის ამომრჩეველია.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ეკლესიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებით გამოყენება საქართველოსთვის ახალი არ არის“ და „ქართული ოცნებაც“ ცდილობს, რომ „ულტრაპოპულისტურ ნარატივზე დააშენოს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი“.

„საქართველოში ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერი ხელისუფალი - ეკლესიის, ასეთი ძლიერი, გავლენიანი ინსტიტუციის გამოყენებასა და ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში; რაც პრინციპში ეწინააღმდეგება თავად ეკლესიის სწავლებას - კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა“, - ამბობს მელაშვილი და პრობლემად მიაჩნია, როცა პარტიები „ეკლესიის გულის მოსაგებად, საკუთარ ფასეულობებს გვერდზე გადადებენ“, „ხოლო ამბიონები პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენება“.

ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი და ილია მეორე

საარჩევნო პერიოდი ეკლესიასთან პოლიტიკოსების ურთიერთობის განსაკუთრებულად აქტიურ ფაზას წარმოადგენს.

2018 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა „ოცნების“ იმედები გააცრუა, მეორე ტურის წინ, მმართველი პარტია საპატრიარქოს წინაშე აშკარა კომპრომისზე წავიდა.

მაშინ უმრავლესობამ პარლამენტში უკან გაიწვია კანაფის კულტივაციის საკითხთან დაკავშირებული სადავო კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგ გამოდიოდა საპატრიარქო და რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაუმალავი ინტერესები უკავშირდებოდა.

სასულიერო პირები იმუქრებოდნენ, რომ ხმას არ მისცემდნენ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს.

2018 წლის ნოემბერის დასაწყისში, კანაფის თემით ძალიან განაწყენებულ საპატრიარქოში თავად მივიდნენ - პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი - გიორგი გახარია.

შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ კანაფის კულტივაციის საკითხი დაიხურა.

ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ დაკარგულთა ხმების ძიებაში

პერიოდულად, ქართულ პოლიტიკაში თავს იჩენს რელიგიური შინაარსის ბრალდებები - ოპოზიციის წარმომადგენლებს შორისაც.

  • 2019 წლის სექტემბერში, „მთავარი არხის“ ეთერში, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილი თანაგუნდელი - „ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელი თავმჯდომარე გიგა ბოკერია "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" დაახასიათა, საკუთარ თავზე კი თქვა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია და 600 ეკლესია აქვს აშენებული. "ევროპული საქართველოს" მაშინდელმა ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ სააკაშვილი ტყუილის თქმაში დაადანაშაულა და ისიც თქვა, რომ, გიგა ბოკერიასთან ერთად, მისთვისაც მიუღებელი იყო "შავი ჯიპების ჩამორიგება ეკლესიის მსახურებისთვის“.
  • 2019 წლის ოქტომბერში, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენების ხმაურიანი ამბების დროს, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ - „მიდის ყველაზე მაღალი ინსტიტუციის დისკრედიტაციის მცდელობა“ და ეს, „ქართული ოცნების“ გარდა, ახასიათებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასაც.

„ხელისუფლება და საპატრიარქო შეზრდილია ერთმანეთში“, - გვეუბნება დავით ბერძენიშვილი და განმარტავს, რომ „რაც უფრო ცვდება ხელისუფლება, რაც უფრო აკლდება მას ამომრჩეველი, მით უფრო ძლიერდება საპატრიარქოს გავლენა მასზე“ და „მერე მოდის ჯიპების ჩუქება, მერე მოდის სულ უფრო მზარდი დაფინანსება ბიუჯეტიდან, რამაც უკვე მიშას [სააკაშვილის] დროს მიაღწია 25-26-მილიონიან ნიშნულს“.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ვიდრე საპატრიარქოსა და ხელისუფლების „ფლირტი არ დასრულდება“, სახელმწიფოს მუდმივად ექნება პრობლემები.

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ლოცვით მსვლელობას

ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს ბოლო ორ დღეში ორჯერ შეხვდა

გიორგი მელაშვილი რადიო თავისუფლებასთან კიდევ ერთ პრობლემას გამოყოფს - "წლების განმავლობაში ვხედავთ მცდელობებს, რომ პატრიოტული, ეროვნული, კონსერვატიული პროექტი იყოს გამოყენებული როგორც რუსული ფსევდოკონსერვატიული პროექტების ძალიან წარუმატებელი კალკირება“; ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ფსევდოპატრიოტული და პრორუსული ძალებისთვის შექმნა უაღრესად კარგი ნიადაგი, რომელსაც ეს ძალები აქტიურად იყენებენ“.

„რეალურად ამ პრორუსულ ძალებს არ ადარდებთ არც ქრისტიანობა და არც ეკლესია. ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ - ჯიბის გასქელება და რუსული ნარატივების საზოგადოებაში გავრცელებაა“, - ამბობს გიორგი მელაშვილი.

ბევრი სხვა ექსპერტისა თუ პოლიტიკოსის მსგავსად, სტალინის გამოსახულებიანი ხატის ეკლესიაში მოხვედრა შემთხვევითად არც გიორგი მელაშვილს ეჩვენება. მისთვის ეს „რუსული ოპერაციაა“, რომლის მიზანი კვლავ რელიგიური ხაზის გამოყენებაა რუსული პროპაგანდისთვის.

პრორუსული ჯგუფების ანტიდასავლური აქტიურობა

მალევე, მას შემდეგ, რაც 6 იანვარს, სამების მატრონა მოსკოველის ხატი, რომლის ფრაგმენტზეც სტალინია გამოხატული, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, გაირკვა, რომ ტაძარს ის რუსეთთან კავშირების მქონე „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.

„ეს ხალხი, თუ საშუალება მიეცა მათ - ღმერთმა არ ქნას - მღვდლებს სამოსს გახდიან და წვერს შეკრეჭენ - აი, იმას იზამენ, გასული საუკუნის 20-იან წლებში, ძალიან მგზნებარე წითელი ბოლშევიკები რასაც აკეთებდნენ“, - თქვა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა 9 იანვარს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. ასე მან მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმას უპასუხა.

ბოლო დღეებში, ინაშვილმა არაერთი პოსტი გამოაქვეყნა და „ეკლესიის მტრები“ უწოდა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ არაერთ პირს - რომელთა პოზიციებიც განსხვავებულია მარტონა მოსკოველთან თუ კონკრეტულ ხატთან დაკავშირებით.

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ხატზე სტალინის ფრაგმენტი არა მათ, არამედ ხატმწერმა შეარჩია და მის სახელს ჟურნალისტებისგან დაცვის მიზნით არ ასახელებენ. ასევე ხაზი გაუსვა შესაძლებლობას, რომ სტალინის გამოსახულება ხატზე სხვა ფრაგმენტით ჩანაცვლდეს.

რუსეთის მიერ წმინდანად აღიარებული მატრონა მოსკოველის სახელი და რეპუტაცია დღემდე სადავოა თავად რუსეთშიც და ეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც აღნიშნა, მაგრამ - მას შემდეგ, რაც ხატი საღებავისგან გაწმინდეს, ტაძარში ის უფრო თვალსაჩინო ადგილზე გადაიტანეს და ჟურნალისტების სამებაში შესვლა ორი დღით შეუზღუდეს. ეს ახლა მხოლოდ „შესაბამისი აკრედიტაციით“ არის შესაძლებელი.

მიმაჩნია რომ, იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან დააკნინონ ქართული ეკლესია“, - დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ, კრიტიკულ მედიაზე მითითებით, 8 იანვარს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში მას შემდეგ, რაც სტალინის გამოსახულების სამების ტაძარში აღმოჩენას დიდი ხმაური მოჰყვა.

ჯაღმაიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ მედიამ ამ ამბის გამომზეურება შობას "შეგნებულად დაამთხვია" და დღესასწაულის „მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს“. დეკანოზის პოზიციაა, რომ სტალინი ამ ხატზე დადებით პერსონაჟად არ არის გამოყვანილი, რასაც ბევრი არ ეთანხმება.

"200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არც ერთი მათგანი არ გაუშუქებია იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს", - თქვა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

ასევე ნახეთ ირმა ინაშვილი სამებაში სტალინის გამოსახულებიან ხატზე: ჩვენ შევწირეთ ტაძარს ეს ხატი

საპატრიარქოსა და სასულიერო პირებთან ყველაზე დიდ სულიერ სიახლოვეს დღეს პრორუსული რადიკალური ჯგუფი - „ალტ-ინფო“ და მისი პარტია - „კონსერვატიული მოძრაობა“ იჩემებენ.

„ლინჩის წესით უნდა გავუსწორდეთ სატანებს“, „ამოწვით ცოცხლად...“, „უკვე ეკლესიაშიც შემოგვივარდნენ ეს სატანისტები“ - წერენ კომენტარებში "ალტ-ინფოს" მომხრეები - შობის აღნიშვნის თარიღთან და სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის [სტალინის გამოსახულებიანი] ხატის შესახებ მსჯელობისას.

ასევე ნახეთ შსს ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს

10 იანვარს „ალტ-ინფოს“ ჯგუფი სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან შეიკრიბა - ხატის შეურაცხყოფასა და მართლმადიდებლობასთან ბრძოლის ბრალდებებით.

პრორუსული ძალები „ქართულ ოცნებას“ ნატა ფერაძის დაკავებისკენ მოუწოდებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში „სამართლიანობის აღდგენით“ იმუქრებიან. მათ საკმარისად არ მიაჩნიათ საქმის წარმოება ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით.

მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის თემას „ალტ-ინფო“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიისთვის იყენებს. სატელევიზიო ეთერიდან აუდიტორიას არწმუნებენ, რომ ხატების ხელყოფა ევროკავშირის სტანდარტია, რის დანერგვასაც, თითქოს, ევროპელები საქართველოშიც გეგმავენ.

„ნეტარი მატრონა მოსკოველის ხატის ირგვლივ ატეხილ ისტერიასთან დაკავშირებით ერთი ლოგიკური შეკითხვა მებადება, საერთოდ რატომ ვუსმენთ ქრისტიანების და ეკლესიის მტრების პოზიციას მართლმადიდებლურ ხატთან დაკავშირებით?!“, - დაწერა სოციალურ ქსელში „კონსერვატიული მოძრაობა“ - „ალტ-ინფოს“ თავმჯდომარემ, დავით ქარდავამ, რომელიც გასული წლის მიწურულს, კრემლის პროპაგანდისტულ გადაცემა „სოლოვიოვ ლაივის“ ეთერში ჩაერთო და საქართველოს ეკლესიაზეც ილაპარაკა.

ქარდავამ ეკლესიას უწოდა „მთავარი სულიერი, იდეოლოგიური ბარიერი“ – „რათა დასავლეთმა მთლიანად არ გადაყლაპოს“ საქართველო.

„სასულიერო პირები ყოველთვის ცდილობენ აუხსნან [საზოგადოებას] - როგორ მოიქცნენ, როგორ იცხოვრონ და, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა დასავლეთისთვის“, - თქვა ქარდავამ რუსეთის სახელმწიფო არხზე და თავის ამ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ - საქართველო რუსეთის გარეშე ძალიან დიდ სირთულეებს წააწყდება.

ევროკავშირის გმობისა და რუსეთის მხარდაჭერის ნაწილში სასულიერო პირების არცთუ მცირე ნაწილი ღიად და აქტიურად უჭერს მხარს „ალტ-ინფოს“ - ბოლო კამპანიის დროს, ევროკავშირის დროშა მათგან არაერთმა დაწვა. დაემუქრნენ ხელისუფლებასაც - რომ ის არჩევნებში დამარცხდებოდა.

მაშინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ სასულიერო პირების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება. თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ ერთ მღვდელს [დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს] – „სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის“ და არა ევროკავშირის დროშის დაწვისთვის. ეს აქცენტი ხაზგასმულია საპატრიარქროს მიერ 26 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ საპატრიარქო: დეკანოზმა საეკლესიო სასჯელი არა დროშის დაწვისთვის, არამედ სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის მიიღო