საოკუპაციო რეჟიმი მკვლელობის გამოვლენას არ გეგმავს და ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო, დამნაშავედ თავად მოკლულს თვლის. რუსეთის პოზიციას ამ შემთხვევაშიც სრულად იზიარებენ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.
ევროკავშირში დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს:
- საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას;
- "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით];
- მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
რეზოლუციის თანახმად, რუსი ოკუპანტები დაუსჯელები რჩებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა სასტიკი მკვლელობის მიუხედავად. ტექსტში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული, ირაკლი კვარაცხელია და ასევე ირაკლი ბებუა, რომელიც, სხვათა მსგავსად, საოკუპაციო რეჟიმის ციხეში რჩება. ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ იმეორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას; მიმართავს რუსეთის ფედერაციას - დაასრულოს ოკუპაცია; გმობს რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამს, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
ასევე ნახეთ "დაისაჯონ გინტურის მკვლელები" - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა ასევე ნახეთ საგანგაშოა და საქართველოს დამნაშავეების პოვნაში უნდა დავეხმაროთ - ვარჰეი გინტურის მკვლელობაზეთამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, მალევე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რეაგირების მოწოდებით, საერთაშორისო თანამეგობრობის გარდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსაც მიმართა - რომ „ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“.
არაფერი მოასწავებს იმაზე, რომ რუსეთი ან მის მიერ ოკუპირებული ცხინვალი გამოძიების დაწყებას გეგმავენ.
საოკუპაციო რეჟიმის პოზიციაა, რომ თამაზ გინტურმა „საზღვარი“ დაარღვია და რუს „მესაზღვრეს“ დანაშაული სულ ტყუილად ბრალდება.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, როცა ის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს ხვდებოდა, ილაპარაკა თბილისთან „უფრო ენერგიული“ მუშაობის აუცილებლობაზე, რათა „არ იქნეს დაშვებული ახალი გამწვავება საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე“.
- მკვლელობის ფონზე, რუსეთში ხელახლა წამოსწიეს მუდმივად სადავო და საქართველოსთვის პრინციპულად მიუღებელი ორი საკითხი: საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია და ძალის არგამოყენების იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის - რაც ოკუპაციის დაკანონების ტოლფასია.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ევროკავშირს აქვს პოლიტიზებული და ცრუ შეფასებები, როცა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში რუსეთს ადანაშაულებს.
კონფლიქტოლოგმა, ზურაბ ბენდიანიშვილმა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში სრულად იზიარებენ რუსეთის პოზიციას და „რუსი მესაზღვრის“ ბრალის აღიარება პრაქტიკულად გამორიცხულია.
ასევე ნახეთ ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე: ევროკავშირი ცდილობს პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაიტანოსსაქართველოს პარლამენტში, უმრავლესობამ არც ოპოზიციის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი გაიზიარა და არც საკუთარი ვარიანტი წარადგინა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ევროპარლამენტმა გააკეთა ის, რაც პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ევალებოდა და ამის საპირისპიროდ - საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „დღემდე ეწინააღმდეგება რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას".
„საქართველოს პარლამენტმა ვერც კი გაბედა, რომ განეხილა ოპოზიციის მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც ითხოვს, რომ დასჯილიყვნენ თამაზ გინტურის მკვლელები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოებით და მასში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის იმ წარმომადგენლების შეყვანით.
ასევე, რომ საქართველოს მთავრობას მიეღო ის დოკუმენტები, რომლებიც დავალებული ჰქონდა წინა რეზოლუციებით, მაგალითად - რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია და სხვა“, - ეუბნება თეონა აქუბარდია რადიო თავისუფლებას.
რეზოლუციის განხილვის აუცილებლობა თეონა აქუბარდიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტს, 24 ნოემბრის სხდომაზეც შეახსენა; ხოლო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მას პროცედურების იგნორირებაში დასდო ბრალი.
მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი„მოითხოვს დამუშავებას და, შედეგად, პოზიციის ჩამოყალიბებას თითოეულ წინადადებასთან დაკავშირებით".
„მუშაობა გულისხმობს კონსულტაციებს ჩემს კოლეგებთან, ესაა აუცილებელი წინაპირობა. ეს მუშაობა მიმდინარეობს და მუშაობის შედეგების თაობაზე თქვენთვისაც ცნობილი იქნება ალბათ, უახლოეს ხანებში“, - აღნიშნავს სარჯველაძე, მაგრამ ზუსტად ვერ ამბობს - დამტკიცდება თუ არა რეზოლუცია საერთოდ - თუნდაც სახეცვლილი ვარიანტით. „ვერ გეტყვით, საკითხი არის ინიციირებული, საკითხს სჭირდება განხილვა და ამის შემდეგ პოზიციის ჩამოყალიბება“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
მანამდე, ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ზოგადი ტენდენციით, მსგავსი ინიციატივები წარმოადგენს გარკვეული ადამიანების მცდელობას, „თემა საკუთარი დივიდენდებისთვის გამოიყენონ, ხოლო რეალური შედეგების მიღწევა მეორეხარისხოვანია“. მისი თქმით, „ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ“, მაგრამ „ასეთ შემთხვევებში ზედმიწევნით რაციონალურობა და სიფრთხილე გვმართებს“.
მსგავსი განცხადება გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამაც. მისი თქმით, „ყოველთვის მაღალ შეფასებას“ იმსახურებს „საქართველოს პრობლემებზე და ასეთ ტრაგედიებზე“ საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ყურადღება, მაგრამ ის შედეგიანი უნდა იყოს.
„ასეთ რეზოლუციებს, მხარდაჭერას, უნდა მოჰყვეს გარკვეული შედეგები, ეს არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ განცხადებას განცხადებისთვის, ოკუპანტის მიმართ უბრალოდ გასროლილ სიტყვებს, რომელიც არ ვიცი რა შედეგის მომტანია“, - თქვა ოდიშარიამ.
ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს მადლობას უხდის გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციისთვისპარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სოციალურ ქსელ X-ში, ევროპარლამენტს მადლობა გადაუხადა „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ძლიერი გზავნილისთვის“.
და რა შედეგი უნდა მოჰყვეს ევროპარლამენტის რეზოლუციას? ვისზეა ეს დამოკიდებული?
ევროპარლამენტის რეზოლუციას განვითარება ევროპულ საბჭოში უნდა მოჰყვეს და სანქცირების ადრესატთა კონკრეტული სია უნდა შედგეს.
დეპუტატი აქუბარდია თვლის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია „ზემოქმედების ბერკეტია“ საქართველოს ხელისუფლების ასამოქმედებლად; თუმცა იმედი არა აქვს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროცესის ბოლომდე მიყვანას მოინდომებს და ბრიუსელს დამნაშავეთა განახლებულ სიას წარუდგენს.
„[ევროპარლამენტის რეზოლუციით] საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა - ის, რაც ხელისუფლებამ წაართვა - რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები - არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს გამო“, - ამბობს დეპუტატი.
გამოძიების შედეგი უცნობია.
შს სამინისტროს თანახმად, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც - განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.
თამაზ გინტური ჯერ დაკრძალული არ იყო, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა - ირაკლი ზარქუამ, სოფელ კირბალში სამძიმარზე ჩასულმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან“ და „როდესაც მიეცემა [შესაძლებლობა] ჩვენს სახელმწიფოს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება და დამნაშავეები ვერ დაიმალებიან“.
როგორც თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა განაცხადა, ჰყავს სანდო წყარო და იცის მკვლელის ვინაობა. კერძოდ, მისი თქმით - თამაზ გინტურს რუსმა ე.წ. მესაზღვრემ ესროლა. ამასვე ამბობს ფაქტის თვითმხილველი - ლევან დოთიაშვილი.
მედიაში სახელდება სავარაუდო დამნაშავეთა რამდენიმე გვარი, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია. თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. პროკურატურამ უფლებამონაცვლედ ცნო თამაზ გინტურის ვაჟი - დიმა გინტური.
ასევე ნახეთ ლევან დოთიაშვილი მოჰყვა, რა მოხდა კირბალის ეკლესიასთანკონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, მათ შორის საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებასთან აღნიშნავს, რომ ცხინვალში მოღალატეების ძებნა დაიწყეს.
„ცხინვალში ლაპარაკობენ მოღალატეობრივ საქმიანობაზე, რომ ვიღაცამ, ან ვიღაცებმა ქართულ მხარეს გადმოსცეს სავარაუდო დამნაშავეთა გვარები, რუსი "მესაზღვრეების" პირადი მონაცემები. ეძებენ ამ პირებს. ხმაურია ატეხილი“, - ზურაბ ბენდიანიშვილისთვის ეს დასტურია იმისა, რომ მედიაში აქამდე დასახელებული პირები, შესაძლოა, მართლაც დამნაშავეები არიან.
უმოქმედო სია
2018 წლის ივნისში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობისას, დაამტკიცა დადგენილება, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის მარტის რეზოლუციის შესაბამისად.
გადაწყდა, რომ ამ სიაში შეიყვანდნენ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს“.
ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რომ ეს სია არასათანადოდ ფართოვდებოდა და მასში არ შეჰყავდათ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. დისკუსიები გამწვავდა 2019 წელს, როდესაც რუსეთის მსხვერპლთა სიას ირაკლი კვარაცხელია დაემატა.
სიაში თავიდანვე 33 დამნაშავე პირი იყო შეყვანილი - ძირითადად 1990-იან წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის. რუსეთიდან - არცერთი. წლებია, სიის შემადგენლობა არ გაზრდილა.
„ამ სიაში მყოფ პირთაგან ბევრი ცოცხალი აღარც იქნება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომლის თქმითაც, არავინ დასჯილა, სია თავიდანვე უმოქმედო იყო და ასეთად დარჩა ამ დრომდე.
„არ განახლებულა, რაც გამოქვეყნდა, მას შემდეგ... რა თქმა უნდა, ძველი, 1990-იანი წლების, დანაშაულებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ სიას აზრი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბოლო პერიოდის დამნაშავეებს აღრიცხავდა... თუ სია მოქმედი არ იქნება და ერთჯერადი პიარისთვის იყო, რა აზრი აქვს“, - ზურაბ ბენდიანიშვილი ასევე გვეუბნება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ძლიერი მხარდაჭერაა, დამნაშავეთა დასჯის პერსპექტივის ჭრილში.
თამაზ გინტურის მკვლელობის ამბის გახმაურების შემდეგ, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარშან უყურადღებოდ დატოვა ფაქტი, როცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თანამონაწილე - ოკუპირებული ახალგორის პროკურორად დაინიშნა. მან დაასახელა დავით გურწიევი, რომელსაც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ პირველ ნომრად ვხვდებით.
მთავრობის 2018 წლის დადგენილების თანახმად, პასუხისმგებელ უწყებებად განსაზღვრულია - იუსტიციის სამინისტრო, შს სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათ დაევალათ, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „რეგულარულად წარუდგინონ ანგარიში ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე“.
რამდენჯერ და ბოლოს როდის იქნა წარდგენილი ასეთი ანგარიში? სად შეიძლება მისი ნახვა? - რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით პასუხი ვერ მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან.
ასევე ნახეთ "მყიფე მშვიდობა", მკვლელობა კირბალის ეკლესიასთან და ზღვარი სიფრთხილესა და შეგუებას შორისარსებობს თუ არა ეს ანგარიშები პარლამენტში? დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, ამ ანგარიშების გაცნობის თხოვნით წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, თუმცა შალვა პაპუაშვილისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ანგარიშები არ შემოსულა პარლამენტში, რაც კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ მთავრობას არაფერი გაუკეთებია, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" ქმედითი ყოფილიყო“, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.