საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქველ X-ში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მხარადაჭერას.
პაპუაშვილი მადლობას უხდის ევროპარლამენტს და აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კონსულტაციებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
"მადლობა ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ძლიერი გზავნილისთვის.
საქართველო გააგრძელებს მჭიდრო კონსულტაციებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, ოკუპაციის პრობლემის დღის წესრიგში მაღალ დონეზე დაყენების მიზნით და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. ევროპელი დეპუტატები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. სამდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის ექსპერტიზის პასუხები.
თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა თქვა, რომ იცის მკვლელის ვინაობა. მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით იგი აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ.
თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი აქვს, პროკურატურამ დაღუპულის უფლებამონაცვლედ ცნო მისი შვილი დიმა გინტური.