Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა გინტურის მკვლელობაზე: ევროკავშირი ცდილობს პასუხისმგებლობა რუსეთზე გადაიტანოს


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ნოემბერს რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე. როგორც ბრიფინგზე განაცხადა ზახაროვამ, ევროკავშირი ხელმძღვანელობს პოლიტიზებული და ცრუ შეფასებებით და რუსეთს ადანაშაულებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში.

„გაკვირვებული ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით, იქ იგნორირებულია ოსური მხარის მიერ მიცემული აშკარა ფაქტები და დეტალური განმარტებები. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელში უაპელაციოდ ცდილობენ მომხდარის გამო პასუხისმგებლობის რუსეთზე გადატანას. ეს პოლიტიზებული, ცალმხრივი შეფასებებია, ცრუ... ეს ყველაფერი ცხადყოფს ევროკავშირის აშკარა მიკერძოებულობასა და ანგაჟირებულობას“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

თამაზ გინტური 6 ნოემბერს მოკლეს კირბალის სიახლოვეს, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი რუსმა სამხედროებმა უკანონოდ დააკავეს. საქართველოს ხელისუფლება დოთიაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას, გინტურის სიკვდილში პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და დასჯას მოითხოვს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილმა "პრეზიდენტმა“ ედუარდ კოკოითიმ 2008 წლის ომში მონაწილე გინტურს „ომის დამნაშავე“, საქართველოს კი "ტიფლისის გუბერნია" უწოდა და განაცხადა, რომ "ქართველი რადიკალები [ინტერნეტ] ქსელებში ავრცელებენ პერსონალურ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეების შესახებ და ასევე პირად ინფორმაციას მათი ოჯახის წევრების შესახებ". მისი თქმით, "ასეთი საზიზღარი ქმედებები არ შეგვაშინებს" და "რუს მესაზღვრეებს და მათი ოჯახის წევრებს არავის დააჩაგვრინებს".

გუშინ, 8 ნოემბერს, ოლივერ ვარჰეიმ, ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, საოკუპაციო ძალების მიერ გინტურის მკვლელობას „საგანგაშო ცნობა“ უწოდა და თქვა: „ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ იპოვოს დამნაშავეები“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გინტურის მკვლელობას უწოდა „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეში თავდასხმა“, რომელიც „კიდევ ერთხელ ამხელს „ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გინტურის მკვლელობა და დოთიაშვილის გატაცება დაგმო და რუსეთს უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდა:

„NATO მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანთა უფლებების დარღვევა და გაიყვანოს ძალები საქართველოდან", - დაწერა ხავიერ კოლომინამ სოციალურ ქსელ X-ში.

"რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული", - დაწერა ასევე სოციალურ ქსელ X-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მაიკლ კლეიტონმა.

მომხდარი დაგმო აშშ-მა. "ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG