სამი ყოფილი დეპუტატი და მომავალი მინისტრები - რა ვიცით მათზე

მაკა ბოჭორიშვილი; ანრი ოხანაშვილი; დავით სონღულაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს სამი ახალი მინისტრი წარადგინა: საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს, იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს - დავით სონღულაშვილი.

მათ ამ თანამდებობებზე ოთარ შამუგია, ილია დარჩიაშვილი და რატი ბრეგაძე უნდა ჩაანაცვლონ. თუმცა მანამდე პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.

სამივე მინისტრობის კანდიდატი მანამდე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. მათ მხარი დაუჭირეს “აგენტების კანონს”. ისინი “ქართული ოცნების” ახალ სიაშიც მოხვდნენ.

ანრი ოხანაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი “ქართული ოცნების” აქტიური პოლიტიკოსები არიან, დავით სონღულაშვილი კი ჟურნალისტებს არც ისე ხშირად ელაპარაკებოდა.

ამ სტატიაში ვიხსენებთ, რას აკეთებდნენ აქამდე ახალი მინისტრობის კანდიდატები და როგორ დაამახსოვრეს მათ თავი ხალხს.

დავით სონღულაშვილი, მომავალი სოფლის მეურნეობის მინისტრი

დავით სონღულაშვილი განათლებით ეკონომისტია.

უმაღლესი განათლება სამ უნივერსიტეტში აქვს მიღებული:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკურ ინფორმატიკას,
  • კავკასიის ბიზნესის სკოლაში მარკეტინგს,
  • გრენობლის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრის დიპლომი აიღო.

კარიერა 2003 წელს დაიწყო - ტელეკომპანია “მზის“ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მალევე, 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა, იმავე წელს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გახდა, შემდეგ კი „საქართველოს ბანკის“ შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი.

2007 წელს დააფუძნა კომპანია “ედრესი”, რომლის მმართველი დირექტორიც გახდა. ამ პოზიციაზე ის 2016 წლამდე რჩებოდა. კომპანია ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს საქართველოში, როგორიცაა: “ეტამი”, “პრომოდი”, “სელიო”, “ტომ ტეილორი”, “გერი ვებერი” და “ორსეი”. ის კომპანიაში 59%-იან წილს ახლაც ფლობს.
სონღულაშვილი 2016 წლიდან “ქართული ოცნების” მაჟორიტარული სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა. ამავე წელს კომპანიამ “შ.პ.ს. გამსახურდიას 5”, რომლის ერთ-ერთი მეწილე თავად იყო, პარტიას 120 000 ლარი შესწირა. 4 წლით ადრე - 7000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას”.

“ქართული ოცნების” შემომწირველები არიან მისი ძმა იოსებ სონღულაშვილი და მამა - ბიძინა სონღულაშვილი, მათ ჯამში “ქართული ოცნებისთვის” 270 000 ლარი აქვთ შეწირული. თუმცა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ დავით სონღულაშვილი ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით მაშინდელ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემწირველი იყო და მათ 2016-2018 წლებში, ჯამში, 340 000 ლარი ჰქონდათ შეწირული მმართველი პარტიისთვის.

დავით სონღულაშვილი

ბიზნესმენი სონღულაშვილი პარლამენტში

მეცხრე მოწვევის პარლამენტში სონღულაშვილი იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, იკავებდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.

მეათე მოწვევის პარლამენტში სონღულაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ის კვლავ დარჩა “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრად.

ის ასევე იყო “აგენტების კანონის” ერთ-ერთი მხარდამჭერი, თუმცა ამასთან დაკავშირებით პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა.

სონღულაშვილმა 2023 წელს, როდესაც “აგენტების შესახებ კანონპროექტი” პირველად დააინიციირა “ხალხის ძალამ”, პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ ჯერ ხმა მისცა, მერე კი ამისთვის სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა. მოგვიანებით პოსტი წაშალა, თუმცა თქვა, რომ ფიქრობდა იმას, რაც მანამდე დაწერა:

„მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო.

არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი.

ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა.

ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული”, - წერდა სონღულაშვილი.

მოგვიანებით მან აზრი კვლავ შეიცვალა და ამჯერად 2024 წელს ხელახლა ინიციირებული “აგენტების კანონის” საბოლოოდ მიღებას მხარი დაუჭირა, შემდეგ კი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაშიც მიიღო მონაწილეობა.

ის ასევე ერთ-ერთი ავტორია “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებისა. კანონი გასული წლის ოქტომბერში მიიღეს. ექსპერტები და საზოგადოების ნაწილი ცვლილებებს აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ის კრიტიკული მედიის დასჯის მექანიზმად გამოყენების საფრთხეს ქმნიდა.

ის ასევე შედიოდა 2020 წლის აპრილში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ ჯგუფშიც, რომლის მიზანიც პანდემიის პირობებში ეკონომიკური ზიანის შემცირება იყო.

სონღულაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

2024 წლის ქონებრივი დეკლარაციით დავით სონღულაშვილი ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც 2007 წელს 5000 ლარად შეიძინა, 2016 წელს იყიდა ბინა 400 000 ლარად და მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი კოჯორში 120 000 ლარად.

დანაზოგის სახით გაფორმებული აქვს 70 000 დოლარი და 15 000 ლარი. საბანკო ანგარიშებზე კი მას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის შვილებს, საერთო ჯამში აქვთ 70 595 ლარი, 6 819 დოლარი და 6.91 ევრო.

თავად სონღულაშვილი 8 კომპანიაში ფლობს წილებს, მისი მეუღლე, ქეთევან მაღულარია კი 4-ში. სხვადასხვა ბიზნესში წილებს ფლობენ სონღულაშვილის ძმა და მამაც.

ანრი ოხანაშვილი, მომავალი იუსტიციის მინისტრი

ანრი ოხანაშვილი განათლებით იურისტია.

მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს სამართლის მაგისტრის და დოქტორის ხარისხები აქვს:

  • 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გახდა სამართლის ბაკალავრი
  • 2008 წელს იმავე უნივერსიტეტში აიღო სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი
  • 2009 წელს მიიღო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდია და 2010 წელს გერმანიაში დაამთავრა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის წოდება
  • 2012 წელს კვლავ DAAD-ის სტიპენდიატი გახდა, ამჯერად ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაზე სწავლისთვის.

ოხანაშვილი 2007 წლიდან ეწევა აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას უნივერსიტეტსა და პროექტებში. არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.

ის “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში სამჯერ მოხვდა. პირველად - 2016 წელს 49-ე ნომრად, 2020 წელს 21-ე ნომრად, ხოლო 2024 წელს მე-13 ნომრად წარადგინეს.

2016 წელს ოხანაშვილი პარლამენტის თავდაპირველ შემდგენლობაში ვერ მოხვდა. მან მანდატი მას შემდეგ მიიღო, რაც მაშინდელი დეპუტატი და საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლე, მანანა კობახიძე მოსამართლედ აირჩიეს.

მოგვიანებით ოხანაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, რომელიც 2017 წელს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვანის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის საქმის შესასწავლად შეიქმნა.

2019 წლის ბოლოს ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ამ თანამდებობას დღემდე იკავებდა. ამ პოსტზე მან ამჟამად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეკა ბესელია ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვისას, პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოხანაშვილი ასევე სხვადასხვა დროს იყო ამ კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი პარლამენტში

ანრი ოხანაშვილი არის რამდენიმე სადავო კანონპროექტის ინიციატორი, მათ შორის:

  • “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების” კანონპროექტი, რომლითაც 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნა.
  • “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ოლიგარქად ცნობას ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტდა. კანონის არმიღებისკენ მოუწოდებდა ხელისუფლებას ვენეციის კომისია. საბოლოოდ კანონპროექტი პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში ჩააგდო.
  • შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც აქციებზე კარვის გაშლა და სცენის დადგმა იკრძალებოდა. თუმცა კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომლის დაძლევისგან უმრავლესობამ თავი შეიკავა.
  • ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი, რომელიც მოიცავს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ახალ კანონსა და დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას. კანონი მიმდინარე წლის 17 სექტემბერს მიიღეს

მანამდე ოხანაშვილი ერთ-ერთი იყო “ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლებს შორის, ვინც რეგიონებში შეხვედრებზე ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ თუ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა, ქვეყანაში ქალის და კაცის ცნებების გაგება დაიკარგებოდა.

„გავრცელებულია უკვე ტენდენცია, როდესაც მიმართვა ქალბატონებო და ბატონებო ითვლება დისკრიმინაციულად... არის არაერთი ავიახაზები, რომელიც, როდესაც საზღვარგარეთ გაფრინდებით, მოგმართავენ არა როგორც ქალბატონებო და ბატონებო, არამედ როგორც ძვირფასო მგზავრებო. ეს შემთხვევითი არ არის ისევე, როგორც ქალის, კაცის მიმართვა გადახედილია და არის მიდგომები, როცა უნდა ეწოდოს არა ქალი და კაცი, არამედ მშობელი“, - თქვა მან 23 აპრილს, ამბროლაურში ერთ-ერთ შეხვედრაზე.

ოხანაშვილი სხვადასხვა დროს მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მათ შორის ერთ-ერთი შემთხვევა 2022 წლის 30 ივნისს, ამერიკის საელჩოში გამართულ წვეულებაზე მოხდა. მაშინ დეპუტატი და “TV პირველის” დირექტორი ვატო წერეთელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ოხანაშვილი ამ ამბავზე საუბრისას ჰყვებოდა, რომ ვატო წერეთელმა ”ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები” უთხრა. მოგვიანებით წერეთელმა თქვა, რომ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ჩასჩურჩულა მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს: “მე მას [ანრი ოხანაშვილს] ვუთხარი: ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე ჰკიდია", რასაც ჩხუბი მოჰყვა.

ასევე ნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ის, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობდა “აგენტების კანონის” განხილვებშიც. კომიტეტის ერთ-ერთი სხდომიდან მან 7 დეპუტატი გააძევა, რამდენიმეს გამოსვლა შეაწყვეტინა და არ მისცა სიტყვის დამთავრების საშუალება. ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, რომელსაც სხდომა იძულებით დაატოვებინეს, ამბობდა, რომ აპირებდა სარჩელის შეტანას სხდომის დატოვებისას მასზე ფიზიკური ძალადობის გამო. ეს შემთხვევა კომიტეტის იმ სხდომაზე მოხდა, როცა წევრები “აგენტების კანონს” მეორე მოსმენით განიხილავდნენ.

მესამე მოსმენაზე კი, კომიტეტმა, რომელსაც ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა, რეკორდულ 67 წამში განიხილა და მიიღო კანონპროექტი.

ოხანაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

2024 წლის 29 იანვრის დეკლარაციაში ოხანაშვილს თავის სახელზე არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია არ აქვს შეტანილი. თუმცა მის ცოლს, მაკა ხოდელს 2018 წელს აჩუქეს სახლი და მიწა თბილისში, რომლის საერთო ფართობიც 800 კვადრატული მეტრია, მათ შორის 509 კვადრატული მეტრის შენობა-ნაგებობა დგას.

საბანკო ანგარიშებზე ოხანაშვილს და მის მეუღლეს ჯამში 1523 ლარი და 137 ევრო ჰქონდათ, ხოლო ნაღდი ფულით 9500 დოლარი და 8170 ევრო.

მაკა ბოჭორიშვილი, მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი

მაკა ბოჭორიშვილი განათლებით დიპლომატი და იურისტია.

  • 1999 წელს დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემია
  • 2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

მოგვიანებით, 2002 წელს ის თავად გახდა დიპლომატიური აკადემიის ლექტორი.

მისი კარიერაც დიპლომატიას უკავშირდება, რომელიც 1999 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორობით დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა დროს იყო ბელგიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის მდივანი, მრჩეველი და სრულუფლებიანი დესპანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2015-2017 წლებში ვენაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2017-2018 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დროებითი რწმუნებული.

2013 წლის 15 ნოემბერს მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

2020 წლიდან იყო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნების” პარტიული სიით. ამასთან, ის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი იყო და იკავებდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციასაც.

2024 წლის არჩევნებამდე “ქართულმა ოცნებამ” ბოჭორიშვილი საპარლამენტო სიის მეცხრე ნომრად წარადგინა.

ასევე ნახეთ კობახიძე და ბოჭორიშვილი ღალატს უწოდებენ კონგრესში ქართველი მომხსენებლების გამოსვლას

ბოჭორიშვილის საქმიანობა ძირითადად ევროკავშირთან ურთიერთობებს უკავშირდება, თუმცა მას შემდეგ, რაც დასავლელი პარტნიორების მისამართით საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა, ბოჭორიშვილი “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების მსგავსად ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკული გახდა.

მაგალითად, 2022 წელს მან ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ თქვა, რომ ვიწრო ჯგუფები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად ევროპარლამენტის “მიტაცებას” ცდილობდნენ. 2023 წელს კი, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირს შორდება და იღებს რუსული შინაარსის კანონებს, თქვა:

„ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის. ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში“.

ხოლო მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაცია არ გასცა, ბოჭორიშვილი ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველმოკლებული იყო.

ბოჭორიშვილი ლგბტ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონის ერთ-ერთი ავტორია.

მან ასევე მხარი დაუჭირა “აგენტების კანონს” და არჩევნებში ქალთა სავალდებულო კვოტირების გაუქმებაზე ვეტოს დაძლევას.

მაკა ბოჭორიშვილი

ბოჭორიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

2024 წლის 28 ივლისს შევსებულ დეკლარაციის თანახმად, ის არის თბილისში მდებარე ბინის თანამესაკუთრე, რომელიც 2014 წელს 37 000 დოლარად არის შეძენილი, ასევე 2022 წელს აქვს შეძენილი მიწის ნაკვეთი წავკისში, რაშიც 77 000 დოლარი გადაიხადა, ასევე 2019 წელს თბილისში 90 000 დოლარად შეიძინა ბინა. ბოლო ქონება კი 2024 წლის მაისში 180 000 დოლარად შეიძინა. ასევე თანამფლობელობაში აქვს 1000 კვადრატული მეტრი ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი 392 კვ. მ, რომელიც აშენებულია 2010-2015 წლებში.

მის პირად საბანკო ანგარიშებზე იყო 2350 ლარი, 8017 დოლარი და 2013 ევრო.

როგორ ირჩევენ მინისტრებს არჩევნების შემდეგ?

მანამ, სანამ ეს სამი კანდიდატი ამჟამინდელ მინისტრებს ჩაანაცვლებს, საჭიროა პარლამენტმა ნდობა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრს და მის წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს. ეს არჩევნების შემდეგ კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურაა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატს თავდაპირველად არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია, ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება” წარადგენს. ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, რომელსაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევენ, “ქართულო ოცნების” საპარლამენტო სიიდან 89 დეპუტატი მოხვდა პარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ მაღალია შანსი დამტკიცდეს მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

საბოლოოდ, იმისთვის, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დამტკიცდეს, საჭიროა პრეზიდენტის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა. თუმცა, თუ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, პრემიერ-მინისტრი და, შესაბამისად, მთავრობის წევრები მაინც დანიშნულად ჩაითვლებიან.