დაახლოებით ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას.
კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა, რომლებიც კანონპროექტის შესახებ კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ოხანაშვილი კი ოპონენტებს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის, შენიშვნას აძლევდა მიკროფონის გამორთვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანრი ოხანაშვილი სადავო კანონპროექტის განხილვისას ბოროტად იყენებდა უფლებამოსილებას და ზღუდავდა დეპუტატების პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გასწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები.
ჯერჯერობით უცნობია, პლენარულ სხდომაზე როდის განიხილავენ კანონპროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად. პარლამენტის პლენარული სესია 30 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა, 15 წუთით ადრე კი ბიუროს სხდომა გაიმართება. სწორედ იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიტანონ თუ არა საკითხი დღის წესრიგში.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა.
„აგენტების კანონი“, რომლის წინააღმდეგაც 10 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, პარლამენტმა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი, მიღების შემთხვევაში, მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათიდან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე.
ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ კონტრაქცია მიმდინარეობს. „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად მმართველმა პარტიამ მოქალაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდინა.