კონფერენციაზე, რომლის მთავარი მიზანიც უკრაინის აღდგენისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო არაერთი გზით უჭერს მხარს უკრაინას. არ უხსენებია, რომ მთავრობის წევრები ომის დაწყების შემდეგ არცერთხელ არ ჩასულან კიევში.
ბერლინში კობახიძის გამოსვლა დაცლილი იყო უკვე ტრადიციულად ქცეული ანტიდასავლური გზავნილებისაგან, თუმცა შინ კრიტიკოსები ამ ვიზიტს „ფორმალობად“ აფასებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კობახიძის მოგზაურობა, რომელსაც თითქოს „ოცნების“ ამომრჩევლისათვის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მოწესრიგების მცდელობა უნდა ეჩვენებინა, „ჩავარდა“.
ამავდროულად, უცნობია, გაემგზავრება თუ არა საქართველოს მთავრობიდან ვინმე ამავე კვირაში შვეიცარიაში დაგეგმილ უკრაინის მშვიდობის სამიტზე, - რომელზეც რუსეთი მიწვეული არ არის და ამის გამო შეკრებას საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთიც ბოიკოტს უცხადებს.
URC2024: კონფერენცია ბერლინში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამშაბათს, 11 ივნისს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.
კონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ივნისში ევროკავშირი 2 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რათა „მხარი დაუჭიროს უკრაინას ... აღდგენაში“.
საქართველოს მთავრობის მეთაური ბერლინში გაემგზავრა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
- საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი.
მთავრობის პრესცენტრის ცნობით, კობახიძე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, „მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში“.
კობახიძე: ვეხმარებით უკრაინას
საქართველოს პრემიერის სიტყვა ძირითადად საქართველოს მიერ უკრაინის დახმარებაზე იყო ფოკუსირებული. ეს ნაბიჯები, როგორც კობახიძემ ჩამოთვალა, ასეთია:
- „ჯამში საქართველო გახდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული თუ წამოყენებული 600-ზე მეტი რეზოლუციის, განცხადების, ერთობლივი განცხადების და სხვა ინიციატივის ინიციატორი, ხელმომწერი თუ მხარდამჭერი“;
- უკრაინაში გაიგზავნა 1 000-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი;
- საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარება 35 მილიონ ლარს აღემატება;
- საქართველო დღესაც უწევს დახმარებას ომით დაზარალებულ 26 000-მდე უკრაინელს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში;
- 2022 წლის შემდეგ უკრაინელებს, რომლებიც მიმდინარე ომის გამო შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიეწოდებათ იმავე ოდენობის ფინანსური დახმარება, რაც დევნილებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან;
- საქართველოს განათლების სისტემამ მიიღო 2,300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა ეუფლება საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე;
დამატებით, კობახიძემ თქვა, რომ 2024 წლის ზაფხულში საქართველოს ახალგაზრდული ბანაკები უმასპინძლებენ უკრაინელ ბავშვებს.
„კერძოდ, ხსენებულ ბანაკებში მონაწილეობას მიიღებენ ხარკოვსა და კიევში მცხოვრები უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები. ეს ბავშვები უფლებამოსილი მეურვეების თანხლებით დაისვენებენ ჩვენს რეგიონებში, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში“, - თქვა კობახიძემ.
კობახიძე: ვასრულებთ სანქციებს
პრემიერ-მინისტრმა მოკლედ ისაუბრა სანქციებზეც.
„მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველოს არ შემოუღია ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს“, - თქვა მან.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა „ინარჩუნებს მჭიდრო კოორდინირებას ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების აღსრულებას“.
„ჩავარდნილი ვიზიტი“
ოპოზიციური პარტიები პრემიერ-მინისტრის ვიზიტს „ფორმალობად“ აფასებენ და მას წარუმატებლად მიიჩნევენ.
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ვიზიტს უწოდა „კობახიძის მისია ივანიშვილის გადასარჩენად“:
„ის [ბიძინა ივანიშვილი] კარგად ხვდება, რომ პერსონალური სანქციები მიუახლოვდა. ის ნაკლებად ღელავს გუნდის სანქცირებულ წევრებზე, მაგრამ ნამდვილად ღელავს საკუთარ თავზე, საკუთარ კაპიტალზე და მისი მთავარი ამოცანაა, როგორმე გადაირჩინოს თავი პერსონალური სანქციებისგან, ამ დავალებით წარგზავნა მან კობახიძე“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ლევან ბეჟაშვილმა ვიზიტს „ჩავარდნილი მისია“ უწოდა.
„ამ ბოლო მოვლენების ფონზე, პრაქტიკულად, ფარდა ჩამოხსნილია და რეალურად კობახიძე არის რუსული ხელისუფლების „ნამესტნიკი“ საქართველოში. ამას ყველა ხედავს, ამიტომ ეს ვიზიტიც იყო აბსოლუტური ფორმალობა“, - უთხრა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს. მის კომენტარს პარტიის პრესცენტრი ავრცელებს.
ბეჟაშვილის განცხადებით, კობახიძეს „ხელი არავინ არ ჩამოართვა და მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იყო გათვლილი ეს ვიზიტი, რომ აქ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ეჩვენებინა, რომ რაიმე ფორმით დალაგებას ცდილობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს მისია იყო ჩავარდნილი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
„არაფერი აქვს სათქმელი“
სხვა ოპოზიციური პარტიებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი უკრაინისათვის და დასავლელი პარტნიორებისათვის. „გირჩის“ პარლამენტარი, იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან აცხადებს:
„საერთოდ ვერ მივხვდი, რა აქვს სათქმელი ახლა ხელისუფლებას ამ მძიმე დროს. საერთოდ არ მშურს კობახიძის, რომელსაც ფეხბურთზე კი არ უწევს ჩასვლა, არამედ გერმანიაში უკრაინაზე სლაპარაკოდ უწევს ჩასვლა და არაფერი სალაპარაკო არ აქვს ისეთი, რითაც შეიძლება ტაში დაიმსახუროს“.
პარტიის, „საქართველოსთვის“, წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვას ფასი არ აქვს:
„ამას, სამწუხაროდ, სიხარულით არ ვამბობ. რაც უნდა არ მოგვწონდეს ხელისუფლება მე და თქვენ, ქვეყნის გარეთ ჯერ კიდევ ისინი წარმოგვადგენენ. ამიტომ ხელისუფლება, რომლის სიტყვასაც პარტნიორებთან ფასი არ აქვს და ნულის ტოლფასია, სამწუხაროა. ჩვენც ვზიანდებით ამით. მაგრამ ამ მოცემულობამდე "ოცნებამ" მიგვიყვანა“.
ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ „ქართული ოცნება“ „საკუთარმა პარტნიორმა გამოაგდო საკუთარი რიგებიდან, რადგან არ ენდობოდნენ“.
2023 წლის ივნისში PES-მ, - ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“, მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოერთმია ეს სტატუსი. თუმცა „ოცნებამ“ PES-ს დაასწრო და თქვა, რომ ალიანსს ტოვებდა „იდეოლოგიური შეუთავსებლობის“ გამო.
შვეიცარიის ფორუმი
ბერლინში 11-12 ივნისის კონფერენციაც და მანამდე, ივნისის დასაწყისში სინგაპურში „შანგრი-ლას დიალოგზე“ უკრაინის პრეზიდენტის გამოჩენა წარმოადგენდა ერთგვარ „მოსამზადებელ“ ღონისძიებას შვეიცარიაში 15-16 ივნისს დაგეგმილი სამშვიდობო სამიტისათვის.
შვეიცარიის სამიტის მიზანი, თავის მხრივ, არის დიპლომატიური ფრონტის შექმნა, რომელიც აიძულებს რუსეთს, დაეთანხმოს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას გაეროს ქარტიაზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატები შვეიცარიაში მაღალი რანგის დელეგაციას გზავნის - ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანს - და თან სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, დაესწრონ სამიტს.
ასევე ნახეთ აშშ: შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი
სამიტზე მიწვეული არ არის რუსეთი, - BBC-ის ცნობით, შვეიცარიას მოსკოვში ფორმალური მიწვევაც კი არ გაუგზავნია, რადგან პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მანამდე უარი თქვა მონაწილეობაზე.
რუსეთის არყოფნის გამო დასწრებას არც ჩინეთი აპირებს, - აცხადებს, რომ დიალოგში კონფლიქტის ორივე მხარე უნდა მონაწილეობდეს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთი „ყველაფერს აკეთებს“, რათა სამიტი ჩაშალოს და ამისთვის „რეგიონში ჩინეთის გავლენას“ იყენებს.
ასევე ნახეთ საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთს უკრაინა რუსეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს
უცნობია, მიიღებს თუ არა საქართველოს მთავრობა ამ სამიტში მონაწილეობას.
რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ 7 ივნისს, შემდეგ კი 11 ივნისს ჰკითხა, გეგმავს თუ არა საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა მინისტრი, შვეიცარიის ფორუმში მონაწილეობას, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
ღონისძიებას სავარაუდოდ დაესწრება პრეზიდენტი ზურაბიშვილი. 15 მაისს პრეზიდენტმა ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მადლობა გადაუხადა „უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის“.
უდგას მხარში საქართველო უკრაინას?
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ბერლინის კონფერენციაში საქართველოს ჩართულობა უკრაინისადმი აქამდე მრავალჯერ გამოხატული გვერდში დგომის მორიგი დადასტურებაა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „ოცნებიდან“, გია ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კობახიძის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ჩვენს პოლიტიკას, დამოკიდებულებას უკრაინისადმი“.
„არცერთხელ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის ინტერესებს დაუპირისპირდებოდა“, - თქვა მან.
მართალია, საქართველო, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფორმატებში მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა, მეორე მხრივ, უკრაინის მთავრობის წევრებისადმი მკვახე განცხადებებით გამოირჩევა.
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთანრუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის მთავრობისადმი მისი დამოკიდებულებები საქართველოს უფრო ფართო ანტიდასავლურ შემობრუნებასთან ერთად ვითარდებოდა.
- საქართველოს მთავრობის წევრები უკრაინის მთავრობის წევრებს „ომში ჩათრევისა“ და „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში“ სდებდნენ ბრალს, - რაც, საბოლოოდ, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებით ახსნეს;
- საქართველოს პრემიერი ან მთავრობის წევრები ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატად არ ჩასულან, - განსხვავებით დასავლელი პარტნიორებისაგან. მხოლოდ 2022 წლის აპრილში გაემგავრა უკრაინაში, მათ შორის ბუჩაში, პარლამენტის დელეგაცია;
- ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის მაისში, - მაშინ მთავრობის მეთაურის პოსტს იკავებდა, - განაცხადა, რომ „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატოს წევრი“, რის გამოც საშინაო და საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა.
ასევე ნახეთ Говорит Москва! პუტინის საქმე! რა დაემართა საქართველოს? - დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილზე
- ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის აპრილში, როდესაც ყველაზე მეტი დეტალი თქვა ომის შემდგომ საჯაროდ განვითარებულ შეთქმულების თეორიაზე, განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიამ“ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირა რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა.
- ოპონენტები „ოცნების“ ხელისუფლებას ანტიუკრაინულ ნაბიჯად უთვლიან 2024 წლის 5 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას „უკრაინიდან საქართველოს გამოყენებით რუსეთში სავარაუდო ტერაქტის აღკვეთის“ შესახებ.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არც 2022 წლის ომის დაწყებამდე ყოფილა იდეალური, - რაზეც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მოქმედებდა უარყოფითად, - ის ზელენსკიმ 2020 წლის მაისში უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
2020-2021 წლებში ორ ქვეყანას ფაქტობრივად გაწყვეტილი ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები.
ეს ვითარება შეიცვალა 2021 წლის ივლისში, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, შეიწყალა შავ ზღვაში სავარაუდოდ უკრაინიდან იახტით შემოსვლისას დაკავებული მიხეილ ბატურინი (სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი) და ორი უკრაინელი მოქალაქე, - სააკაშვილის გარემოცვის წევრები.
ასევე ნახეთ ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარს