Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი


კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
კამალა ჰარისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში, რომელიც მიმდინარე თვეში, 15-16 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.

3 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში თეთრი სახლი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი "ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და გაეროს ქარტიის პრინციპებზე".

განცხადების თანახმად, ჰარისი "კიდევ ერთხელ განუცხადებს მხარდაჭერას უკრაინის ხალხს, როცა ისინი თავს იცავენ რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩასვლას უკრაინის სამშვიდობო სამიტზე, რომელშიც, სულ მცირე, 107 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

თეთრი სახლის თქმით, ბაიდენი სამიტს გამოტოვებს დაფინანსების მოპოვების მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო, რომელსაც უმასპინძლებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერტსი და რომელსაც ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრება. ბაიდენი ემზადება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელშიც მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, იქნება ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

პარალელურად, უკრაინის ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებზე რუსეთის თავდასხმებს 3 ივნისს ემსხვერპლა სამი სამოქალაქო პირი, მათ შორის 12 წლის ბიჭი - იუწყებიან რეგიონების ოფიციალური პირები.

პრეზიდენტი ზელენსკი განაგრძობს ტურნეს აზიაში. 3 ივნისს ის მოულოდნელი ვიზიტით ფილიპინებში ჩავიდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG