ვიქტორ ორბანი ახლა „ქართული ოცნების“ დიდი მეგობარია, როგორც მანამდე - „ნაციონალურ მოძრაობის“ იყო. 2012 წელს, მაშინ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა და ქართველებს მოუწოდებდა - წარსულში არ დაბრუნდეთო.
მმართველი მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ფიდესის“ ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. 2024 წლის ივლისში მოსკოვშიც კი იყო ჩასული.
დეკემბრის ბოლომდე - უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ უფლებამოსილებას ვიქტორ ორბანის ქვეყანა 1 ივლისს, 6 თვით შეუდგა.
ვინ არის ვიქტორ ორბანი
80-იან წლების ბოლოს, ვიქტორ ორბანი ხმაურიანი ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო - მქუხარე სიტყვით გამოდიოდა ხალხმრავალ მიტინგებზე და საბჭოთა ჯარის უნგრეთიდან გაყვანასაც მოითხოვდა. უნგრეთში ხშირად იხსენებენ იმ ახალგაზრდა კაცის სარისკო, თამამ მოქმედებებს, მაგრამ ვეღარაფრით ამსგავსებენ დღევანდელ პოპულისტ პოლიტიკოსს, რომელიც ხშირად რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯებს დგამს.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი 2024 წლის ივლისში „სამშვიდობო ტურნეთი“ მოსკოვში ჩავიდა - უკრაინაში ომის დასრულების გეგმით - როცა დასავლელ ლიდერებს მისთვის შუამავლის როლი არასდროს დაუკისრებიათ.
ასევე ნახეთ მოსკოვში ორბანის ვიზიტის გამო ევროკავშირი უნგრეთში მინისტრების შეხვედრას აუქმებსმოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ორბანმა ევროკავშირს ურჩია, რომ უარი თქვას „აშშ-ის ომის პოლიტიკის“ გატარებაზე და აღადგინოს რუსეთთან პირდაპირი პოლიტიკური კავშირი. ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში - ამას მწვავე რეაქციები მოჰყვა.
მაგრამ ორბანს ვერავინ აჩერებს. აგვისტოში უნგრეთმა მიიღო კიდევ ერთი სადავო გადაწყვეტილება - რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა გაუადვილოს.
2022 წლის სექტემბერში, როდესაც სსრკ-ის უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა, დასავლეთის ლიდერებს შორის ორბანი ერთადერთი იყო, რომელიც მოსკოვში ჩავიდა. უკრაინაში ომის გამო, სხვებმა რუსეთში ჩასვლაზე უარი თქვეს.
ვიქტორ ორბანს არაერთხელ გადაუდგამს ევროკავშირის ფასეულობებთან შეუთავსებელი ნაბიჯები.
მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნები ღიად უჭერდნენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებდნენ, ორბანი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითხოვდა და ხშირად იმეორებდა, რომ მათ შედეგი არ აქვთ.
„ფრიდომ ჰაუსის“ 2022 წლის ანგარიშის, „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, თანახმად, უნგრეთის დემოკრატიის ხარისხი, 100-ბალიან სკალაზე 45 ქულას შეადგენს. ეს ქულა მას „ჰიბრიდული რეჟიმების“ რიგებში ახვედრებს, სადღაც „დემოკრატიულსა“ და „ავტოკრატიულს“ შორის.
ასევე ნახეთ უნგრეთში სახელმწიფო პროპაგანდას აპროტესტებენ15-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ვიქტორ ორბანს პირველად გამოუჩნდა რეალური კონკურენტი, თავისი გარემოცვის ყოფილი წევრი - პეტერ მადიარი, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტია TISZA-ს ლიდერია. მის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა იზრდება და ისიც ხშირად აწყობს საპროტესტო აქციებს.
ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე მადიარის პარტიამ თითქმის 30% აიღო და მეორე ადგილზე გავიდა, ორბანის პარტია „ფიდესის“ (44%) შემდეგ.
„საკმარისია ტყუილი, საკმარისია პროპაგანდა. ჩვენი მოთმინება ამოიწურა. დაპირისპირების დრო მოვიდა“, - განაცხადა პეტერ მადიარმა ოქტომბრის დასაწყისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე უნგრეთში. საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ინფორმაციით, უნგრეთის მედიაბაზრის 80%-ს მმართველი პარტია აკონტროლებს.
ორბანი და „ქართული ოცნება“ - მეგობრობის საფასური
ორბანი მოკავშირეებს დიდი ხანია ეძებს სხვა ქვეყნებში, თანამოაზრეთა ქსელის შესაქმნელად - მისი გავლენა აშკარაა საქართველოშიც - „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში.
ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი რამ ისწავლა ორბანისგან.
„ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით... ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხი დავიცვათ ამ რთულ დროს“, - თქვა ღარიბაშვილმა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბუდაპეშტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მართლაც ბევრი აქვს საერთო ორბანის უნგრეთთან:
- უნგრეთმა 2017 წელს მიიღო ქართული „აგენტების კანონის“ მსგავსი კანონი სახელწოდებით - Lex NGO, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში (CJEU) გაასაჩივრა; უნგრეთმა კანონი 2021 წელს შეცვალა - მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ უკმაყოფილო დარჩნენ;
- უნგრეთში უპირისპირდებიან არასამთავრობო სექტორს და მათ „უცხოეთიდან დაფინანსებულ პოლიტიკურ აქტივისტებს” უწოდებენ;
- უნგრეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გაილაშქრა ლგბტ თემის უფლებების „პროპაგანდის“ წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ უნგრული გაკვეთილი „უცხოეთიდან დაფინანსებასა“ და „აგენტებზე“ ასევე ნახეთ სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო ევროკომისია უნგრეთს ევროსასამართლოში უჩივის
ვიქტორ ორბანის უნგრეთთან სიახლოვემ ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში „ქართული ოცნების“ წევრობაც შეიწირა - როცა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, - ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, - მაინც მიიღო მონაწილეობა უნგრეთში გამართულ ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში, რომელიც ჰომოფობიური მესიჯებით გამოირჩეოდა.
PES-მა გააკეთა განცხადება, რომ გადახედავდა პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ საკითხს; თუმცა „ოცნებამ“ ევროპელ პარტნიორებს დაასწრო და გაერთიანებას გამოეთიშა.
„ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა და ასეთი დამოკიდებულება, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ“, - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა PES-ისგან გამიჯვნის შესახებ.
ასევე ნახეთ „მონათესავე სულები“ - რით გახდა ორბანის პოლიტიკა მისაბაძი საქართველოსთვის?უკვე 2024 წლის აპრილში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“ (CPAC-ზე) თქვა, რომ „ე.წ. ლიბერალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას“ და, რომ ასე ხდება საქართველოშიც.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ „უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს“.
ორბანმა კი კობახიძეს „ჭადრაკის დიდოსტატი“ უწოდა. „ირაკლი კობახიძე საქართველოში მიიჩნევა დიდ მოჭადრაკედ - ეროვნული იდენტობის შენარჩუნება ნამდვილად არის ჭადრაკის დიდოსტატის უნარი“, - თქვა ორბანმა.
ასევე ნახეთ ორბანი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“, - დაწერა ვიქტორ ორბანმა პლატფორმა X-ზე, 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
ორბანმა ყველას დაასწრო - ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ვიქტორ ორბანი თბილისში 28 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვიდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანის განცხადებები ევროკავშირის განცხადებებად არ უნდა იყოს აღქმული.
ასევე ნახეთ „ორბანმა საქართველოში ვიზიტისას რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს“ - ბორელიორბანი და სააკაშვილი
ვიქტორ ორბანი ყოველთვის „ქართული ოცნების“ მეგობარი არ ყოფილა და იყო დრო, როცა მის წინააღმდეგაც გამოდიოდა - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად. 2012 წელს ის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა.
პოპულისტ მემარჯვენე ლიდერთან - ვიქტორ ორბანთან მეგობრობას მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მომხრეებიც კი ხშირად ნაკლად უთვლიდნენ. 2012-2014 წლიდან უნგრეთმა თანდათან გააძლიერა ევროკავშირის ფასეულობებთან დაპირისპირებისა და რუსეთთან დაახლოების ტენდენცია.
2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ორბანმა ქუთაისში, სტადიონზე, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს სიტყვითაც მიმართა.
„ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უნგრელი ხალხის მოსალმება გადმოგცეთ თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ… თუ თქვენ საკმაოდ მტკიცედ ხართ ჩამოყალიბებულები, თუ გჯერათ თქვენი ხელმძღვანელობის, მხარს უჭერთ თქვენს მთავრობას და პრეზიდენტს, თქვენ შეძლებთ იყოთ წარმატებული“, - ამ სიტყვების წარმოთქმისას ვიქტორ ორბანს გვერდით მიხეილ სააკაშვილი ედგა.
2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი „ქართული ოცნების“ კოალიციის მიერ საქართველოს „წარსულში დაბრუნების“ საფრთხეებს უკავშირდებოდა.
ორბანმა საქართველოს მოქალაქეები გააფრთხილა, რომ „უკან, წარსულში დაბრუნება“ დიდი შეცდომა იქნებოდა.
„როგორც უნგრელ მეგობარს, დამიჯერეთ - ნუ დაბრუნდებით უკან; ირწმუნეთ საკუთარი თავის, ირწმუნეთ თქვენი ხელმძღვანელობის და გააკეთეთ თქვენი საქმე… თქვენ უამრავი მეგობარი გყავთ მსოფლიოს გარშემო; თქვენ ძალიან გიჭერენ მხარს ევროპაშიც. მინდა გთხოვოთ, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - მედიის არქივში ორბანის ეს სიტყვებიც იძებნება.
თავის მხრივ, სააკაშვილმა ორბანს - „ევროპის ყველაზე კაშკაშა პოლიტიკური ვარსკვლავი“ უწოდა და ხალხს მისი სახელის სკანდირებისკენ მოუწოდა - „ვიქტორ, ვიქტორ!“.
„არ მახსოვს ასეთი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა ასეთი ტიპის შეხვედრებზე გამოსულიყო ამ დონის ლიდერი და ეთქვა ქართველი ხალხისთვის, საქართველოს არჩევანი ეს არის ევროპის არჩევანი, მთელი მსოფლიო გვიყურებს, რომ არ დავბრუნდეთ უკან“, - თქვა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.
2012 წლის 27 ოქტომბერს ვიქტორ ორბანი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნას დაესწრო. პირველი რეისები კიევის მიმართულებით დაინიშნა, ფრენებს უნგრეთში დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air-ის უკრაინული განყოფილება ასრულებდა.
სააკაშვილისა და ორბანის მეგობრობა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გაგრძელდა.
2014 წელს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იყო, უნგრეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, ორბანმა „ნაციონალურ მოძრაობას“ კვლავ დაუჭირა მხარი:
„მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას. ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური ოჯახის [„ევროპის სახალხო პარტიის“] წევრი. ვგმობ და ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ზეწოლასა და დევნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გზა მომავლისკენ“, - ორბანმა მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა გააკრიტიკა.