Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ორბანის ვიზიტის გამო ევროკავშირი უნგრეთში მინისტრების შეხვედრას აუქმებს


საარქივო ფოტო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში
საარქივო ფოტო. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლისთვისაც უნგრეთს უნდა ემასპინძლა, ბელგიაში გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ღონისძიება არის პროტესტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, რუსეთსა და ჩინეთში გამართული ბოლოდროინდელი ვიზიტების გამო.

შეხვედრა აგვისტოში ბუდაპეშტში უნდა გამართულიყო. ამის ნაცვლად, როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება ჟოზეპ ბორელზე დაყრდნობით, ის გაიმართება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები მდებარეობს. "ჩვენ უნდა გავუგზავნოთ [უნგრეთს] სიგნალი, თუნდაც სიმბოლური", - აღნიშნა ბორელმა.

შეხვედრის გადავადების შესახებ განცხადება 22 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში გახმოვანდა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ბევრმა ევროპელმა მინისტრმა პირდაპირ გამოხატა თავისი პოზიცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან პირად საუბარში.

1 ივლისიდან უნგრეთი როტაციის წესით, ექვსი თვით გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. მეორე დღესვე ვიქტორ ორბანმა გამოუცხადებელი ვიზიტი განახორციელა კიევში, შემდეგ კი - მოსკოვში. ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეხვდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ვიზიტებს "სამშვიდობო მისია" უწოდა და ისაუბრა ბუდაპეშტის შესაძლო შუამავლობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. თუმცა სახელმწიფოს მეთაურებთან შეხვედრების შემდეგ მან აღიარა, რომ პუტინი და ზელენსკი უკიდურესად შეუთავსებელ პოზიციებზე დგანან.

ევროკავშირის ხელმძღვანელებმა დაგმეს ვიქტორ ორბანის მათთან შეუთანხმებელი ვიზიტები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი არ აძლევს ევროკავშირის სახელით საერთაშორისო არენაზე მოქმედების უფლებას და მას ევროკავშირისგან არ მიუღია მოლაპარაკებებში მონაწილეობის მანდატი.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი. ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებშიც. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის 6-თვიან თავმჯდომარეობას.

ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას 18 ივლისს თქვა, რომ „ეს ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მისია სხვა არაფერი იყო, თუ არა დაშოშმინების მისია, ეს იყო ნამდვილი დაშოშმინების მისია“ და მკაცრად გააკრიტიკა ორბანი.

16 ივლისს ევროპარლამენტის 63-მა დეპუტატმა ევროკავშირის ხელმძღვანელებს მოუწოდა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG