კრემლი უარყოფს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას და ტაქტიკას არ ღალატობს - ბრალდებების საპასუხოდ თითს სხვისკენ იშვერს.
„არავითარი ჩარევა [საპარლამენტო არჩევნებში] არ ყოფილა. ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა“, - უთხრა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან დაამატა, რომ არჩევნების შედეგში რუსეთი კი არა, დასავლეთი ერევა.
ეს კრემლის პასუხია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლებამ, საპარლამენტო არჩევნებზე სასურველი შედეგის მისაღებად, სავარაუდოდ, „რუსული სპეცსამსახურები“ დაიხმარა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ რუსული პროპაგანდა გამოიყენეს [არჩევნებში]“, - უთხრა ზურაბიშვილმა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ და საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერისკენ“ მოუწოდა.
ამ განცხადების გამო საქართველოს პრეზიდენტი კრემლის სხვა წარმომადგენლების სამიზნე გახდა.
ის „თანამდებობას უნდა ჩამოაშორონ და დააპატიმრონ“, - დაწერა X-ზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
პრეზიდენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და თქვა, რომ „საქართველოს ევროპულ მომავალს ვერავინ წაართმევს“.
„რითაა ქართული მომავალი ევროპულზე უარესი?“ - მიმართა მას ტელეგრამით რუსეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
მოგვიანებით ზახაროვა გამოეხმაურა ამერიკელი კოლეგის, მეთიუ მილერის განცხადებასაც და ვაშინგტონი „ნეოკოლონიალიზმში“ დაადანაშაულა.
მილერმა გააკრიტიკა 26 ოქტომბრის არჩევნები „ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და დაშინებისთვის“ და თქვა, რომ საქართველოს მთავრობა „ევროატლანტიკურ გზას“ უნდა დაუბრუნდეს. თუკი ეს არ მოხდება, არ არის გამორიცხული რომ საქართველოს ამის საფასურის გადახდა მოუწიოს - დაამატა მან.
„ოცნების“ ქება, დასავლეთის კრიტიკა
„რატომ გაიმარჯვა მმართველმა გუნდმა? ჭკვიანურმა პოლიტიკამ, რომელიც მიმართულია საქართველოს და არა ევროპის კეთილდღეობაზე, მისცა მოქალაქეებს ნათელი მომავლის იმედი, რაც ვერ მოახერხა ოპოზიციამ“, - წერს მილიტარისტული არხი „Z- სპეცრაზმის მთავარანგელოზი“.
„ქართველების უმრავლესობამ თქვა, გეი-აღლუმების თავისუფლად ჩატარებას, ლარისა ივანოვნა [ფილმ “მიმინოს” პერსონაჟი] მირჩევნიაო“, - წერს კიდევ ერთი Z-არხი.
აი, პროპაგანდისტი ალექსანდრ არტამონოვი კი ამტკიცებს, რომ „ოცნების“ გამარჯვება არ კმარა და საქართველოს მოსახლეობას ჯერ გული საკმარისად არ აუცრუებია დასავლეთზე. „მინდა, რომ ნატოზეც უარი თქვან“, - ამბობს ის.
ასევე ნახეთ „არ შეიძლება არ გვახარებდეს“ - კრემლი საქართველოს არჩევნების შედეგს ზეიმობს
მაგრამ თუკი 27 ოქტომბერს პროპაგანდისტებისთვის მთავარი სალაპარაკო ის იყო, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება კრემლისთვის კარგი ამბავია, 28 ოქტომბერს ისინი ძირითადად დასავლეთის კრიტიკაზე გადაერთნენ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მიუთითებს ამომრჩევლის მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე“ და ქვეყანაში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“.
დარღვევებზე საუბრობენ სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებიც.
ასევე ნახეთ „ჩემი ხმა“: მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა ორგანიზებული გაყალბების სქემაკრიტიკული განცხადებები ისმის დასავლეთის ქვეყნების ყოფილი და მოქმედები ლიდერებისგანაც.
მაგალითად, 28 ოქტომბერს, ევროკავშირის 12 ქვეყნის მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში დაგმეს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევა“ საქართველოში.
ასევე ნახეთ შვედეთის მთავრობა წყვეტს საქართველოსთან თანამშრომლობასდასავლეთის ეს რეაქცია კრემლსა და მის პროპაგანდისტებს გულზე არ ეხატებათ.
„ვაშინგტონი და ბრიუსელი ვერაფრით ეგუებიან იმას, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო ირჩევს განვითარების სუვერენულ გზას და უარს ამბობს, იყოს მათი ვასალი“, - დაწერა ტელეგრამზე დეპუტატმა ლეონიდ სლუცკიმ.
საქართველოში არჩევნები „მშვიდად და გამჭვირვალედ ჩატარდა“. დასავლეთს კი უბრალოდ არ მოსწონს „ქართული ოცნების“ გამარჯვება, - წერს „ფეიკებთან ბრძოლა“, ტელეგრამარხი, რომელიც კრემლის დეზინფორმაციას ავრცელებს.
კრემლის ხმალამოღებული მხარდამჭერი, რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი ამბობს, რომ საქართველოში „მორიგი ფერადი რევოლუცია მზადდება“.
საპირწონედ, ზოგი პროპაგანდისტი ამბობს, რომ დასავლეთის რეაქცია თავშეკავებულია და „ქართული ოცნება“ სტატუს-კვოს შენარჩუნებას შეძლებს.
დასავლეთის რეაქცია „საკმაოდ თავშეკავებულია“. ისინი „ჯერჯერობით არ ჩქარობენ არჩევნების არაღიარებას. როგორც ჩანს, დასავლეთმა მომლოდინე პოზიცია აირჩია“, - წერს Z-ბლოგერი მიხაილ ზვინჩუკი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ დააგროვა 53%, ანუ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლება.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, ჯამში, მიიღო 36%. ისინი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ კენჭისყრა სხვადასხვა ხერხით გააყალბა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
სერიოზულ დარღვევებზე საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც. ისინი ახლა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს აგროვებენ.