გატაცებული, გამოკეტილი და ნაწამები ჟურნალისტი - რუსეთის ტყვეობაში გარდაცვლილი ვიქტორია როშჩინას ისტორია

უკრაინული მედიის ცნობით, 27 წლის ჟურნალისტი რუსეთის ქალაქ ტაგანროგის საგამოძიებო იზოლატორიდან მოსკოვში ეტაპირებისას გარდაიცვალა.

რუსეთში პატიმრობაში გარდაცვლილი უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა, 28 წლის 6 ოქტომბერს გახდებოდა. ვიქტორიას დაბადების დღეზე მისმა მშობლებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ის ცოცხალი აღარ იყო. ცნობა შვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახმა ოთხი დღის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო.

ეს შეტყობინება ვიქტორიას მამას, ვლადიმირს, რუსეთის ხელისუფლებამ მისი წერილის საპასუხოდ 10 ოქტომბერს მისწერა.

ჟურნალისტის მამამ, შვილის მდგომარეობის გასარკვევად რუსეთის ხელისუფლებას წერილი ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გაუგზავნა.

თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ მას აცნობეს, რომ მისი ქალიშვილი 19 სექტემბერს გარდაიცვალა და ცხედარს უკრაინულ მხარეს გადასცემენ დაკავებულთა მორიგი გაცვლის დროს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიქტორიას მშობლებისთვის არაფერი მიუწერია შვილის სიკვდილის მიზეზის შესახებ.

რა არის ცნობილი ?

უკრაინის გენერალურ პროკურატურაში 11 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ჟურნალისტის გაუჩინარების შემდეგ დაწყებული გამოძიება გადაკვალიფიცირდა და ახლა უკვე იკვლევს სამხედრო დანაშაულის ნიშნებს განზრახ მკვლელობასთან ერთად.

ვიქტორია როშჩინას სიკვდილს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი სიკვდილი ნამდვილი დარტყმაა".

ორგანიზაცია "მედია ინიციატივა ადამიანის უფლებების შესახებ" იტყობინება, რომ რუსული მხარე უკრაინელ ჟურნალისტს რუსეთის ქალაქ ტაგანროგის #2 საგამოძიებო იზოლატორში ამყოფებდა და ასევე #77 გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც დაკავებულები წამების მსხვერპლები ხდებიან:

ტატიანა კარტიჩენკო, ორგანიზაციის "მედიაინიციატივა ადამიანის უფლებების შესახებ" აღმასრულებელი დირექტორი

„ტაგანროგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ადგილი, სადაც უკრაინიდან გატაცებული ადამიანები ჰყავთ დატყვევებული. მათ შორის, ქალები. მას უწოდებენ ჯოჯოხეთს დედამიწაზე. იქ ჰყავთ აზოვსტალიდან ტყვედ წაყვანილებიც. გათავისუფლებულები წამების საშინელ მეთოდებზე ჰყვებიან. იქ აიძულებენ ადამიანებს, რომ აღიარონ დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ. შემდეგ გადაჰყავთ როსტოვში და იქ ასამართლებენ“, - ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ტატიანა კარტიჩენკო „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტი ტაგანროგში, სავარაუდოდ, 2024 წლის სექტემბრიდან ჰყავდათ დატყვევებული: „სამარტოო საკანში ჰყავდათ. 13 სექტემბერს, როშჩინა, მინიმუმ კიდევ ერთ ქალთან ერთად, ტაგანროგიდან გაიყვანეს - მიმართულება უცნობია“.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, 27 წლის ჟურნალისტი ტაგანროგის საგამოძიებო იზოლატორიდან მოსკოვში ეტაპირებისას გარდაიცვალა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 10 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაგეგმილი იყო ვიქტორია როშჩინას გათავისუფლება, რუსეთთან ტყვეების უახლოესი გაცვლის მომენტისთვის და ამიტომ გადაიყვანეს ის მოსკოვში „ლეფორტოვოს" იზოლატორში.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ვიქტორია როშჩინა ტყვეობისას არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა.

„ბევრი მედიაგამოცემა ამბობს და წერს, რომ ვიქტორია გარდაიცვალა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არ არის სწორი სიტყვა, მის სიკვდილთან დაკავშირებით, მინიმუმ სიტყვა „დაიღუპა“ უნდა ვთქვათ“, - ამბობს უფლებადამცველი ვლადიმირ ოსეჩკინი youtub-არხ Grem-ის წამყვანთან საუბრისას.

ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რომ ჟურნალისტი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა:

ვლადიმირ ოსეჩკინი, უფლებადამცველი

„აუცილებელია, რომ დაველოდოთ ცხედრის უკრაინაში გადმოსვენებას, სადაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. რუსეთში ტყვეების წამების სისტემური პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, გამოვლენილი იქნება დაზიანებები, ტრავმები, სისხლჩაქცევები და წონის დიდი კლება. გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა უკრაინელი ტყვე არაადამიანური მოპყრობის, წამების მსხვერპლია, მათ აშიმშილებენ, არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე“.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, მათი ინფორმაციით, ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირებულია ეტაპირების დროს, გზად ტაგანროგიდან მოსკოვისკენ:

„ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წელს გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რასაც თან ახლა ფოტომტკიცებულებებიც, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტაგანროგის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორში გადაჰყავს უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებსაც იტაცებენ უკრაინიდან.

ტაგანროგში, სადაც ვიქტორია ჰყავდათ, მოქმედებს ტყვეთა ბანაკი, სადაც ასეულობით ადამიანი ჰყავთ გამომწყვდეული. იქ სიტუაციას სრულად აკონტროლებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური. ამ ბანაკს არაფერი აქვს საერთო საგამოძიებო იზოლატორთან და კანონთან.

ადამიანებს, რომლებსაც ისინი უკრაინიდან იტაცებენ და გადაჰყავთ იქ, არ ჩაუდენიათ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. არანაირი კანონი, მათ შორის, არც საერთაშორისო კანონი, არ აძლევს რუსეთის სპეცსამსახურებს უფლებას, გაიტაცონ ათასობით ადამიანი, გადაიყვანონ საკუთარ ტერიტორიაზე და თვითნებურად მოათავსონ ბანაკებში“, - ამბობს ვლადიმირ ოსეჩკინი.

სიტყვის თავისუფლების საკითხებში უკრაინის ვერხოვნა რადის კომიტეტის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იურჩიშინმა, Current Time-ის (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი) ჟურნალისტს უთხრა, რომ ის პირადად ესაუბრა ჟურნალისტის მამას, რომლის მდგომარეობაც „ძალიან მძიმეა“:

იაროსლავ იურჩიშინი, სიტყვის თავისუფლების საკითხებში უკრაინის ვერხოვნა რადის კომიტეტის ხელმძღვანელი

„მან სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ მოდით, ვთქვათ სიმართლე, მისი ქალიშვილი მოკლულია რუსეთის ხელისუფლების მიერ. ჩვენი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ვიქტორია ტყვეთა გაცვლის ფარგლებში მიჰყავდათ მოსკოვში და, როგორც ვხვდები, არაადამიანური მოპყრობის გამო მან ციხეში გამოაცხადა შიმშილობა. სავარაუდოდ, ის ძალიან დასუსტდა და ასე ჩანს, რომ რუსეთი დათანხმდა ჟურნალისტის გაცვლას.

ბატონ ვლადიმერს დავპირდი, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, ვინც მისი შვილის მკვლელობის ბრძანება გასცა და შეასრულა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი დაისაჯონ. რა თქმა უნდა, მთავარი დამნაშავე პუტინია, მაგრამ ასევე არიან იმ ციხეების ხელმძღვანელები, რომლებშიც ამ ხნის განმავლობაში ვიქტორია ჰყავდათ გამოკეტილი, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მას ეტაპირებისას აცილებდნენ. მათი ვინაობები ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ“, - ამბობს იაროსლავ იურჩიშინი.

როგორ გაუჩინარდა ჟურნალისტი?

ვიქტორია როშჩინა 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში გაუჩინარდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან, სადაც მასალებს აგროვებდა რუსეთის მიერ დანიშნული არჩევნების, კახოვკის ჰესის განადგურებით გამოწვეული შედეგებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობის შესახებ.

ვიქტორია როშჩინა

ქალთა და მედიის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ 2023 წლის 3 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ ვიქტორია როშჩინა გაქრა.

მამამისის ცნობით, 27 ივლისს ვიქტორია უკრაინიდან პოლონეთში გაემგზავრა და სამი დღის შემდეგ ის უნდა მისულიყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინის აღმოსავლეთით (რუსეთის გავლით). როდესაც 3 აგვისტოს მას უკანასკნელად ესაუბრნენ ახლობლები, ჟურნალისტმა შეატყობინა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა სასაზღვრო შემოწმებებს, თუმცა, არ უთქვამს, კონკრეტულად სად იმყოფებოდა.

ის, რომ ჟურნალისტი დაკავებული იყო, ვიქტორია როშჩინას მამას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 თვის შემდეგ, 2024 წლის აპრილში შეატყობინა. კონკრეტულად სად იმყოფებოდა ჟურნალისტი, რა იურიდიული სტატუსით, რაში იყო ბრალდებული და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შეკითხვებზე პასუხები არ არსებობდა.

უკრაინაში სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ ჟურნალისტს ტყვეობაში მყოფის სტატუსი მიანიჭა.

ვიქტორიას მდგომარეობის შესახებ მისი გაუჩინარებიდან მოყოლებული გარდაცვალების შეტყობინებამდე, ანუ თითქმის 14 თვის განმავლობაში, არაფერი იყო ცნობილი.

ასევე ნახეთ ზელენსკი: ევროპელ მოკავშირეებთან რუსეთთან ზავს არ განვიხილავთ

ვინ იყო ვიქტორია როშჩინა?

ვიქტორია როშჩინა სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უკრაინულ ტელეარხ Громадське-სთან, გამოცემა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიო თავისუფლებასთან. ასევე - „ქალთა საერთაშორისო ფონდთან“.

ის 1996 წლის 6 ოქტომბერს დაიბადა. ტელეარხ Громадське-ზე გამოქვეყნებულ ავტორთა შესახებ მოკლე ცნობებში, ის თავის თავზე წერს: „ჟურნალისტიკაში ვარ 16 წლიდან. ჩემი სპეციალიზაციაა კრიმინალი და სასამართლო პროცესები“.

ვიქტორია როშჩინა

2022 წელს, ქალთა საერთაშორისო ფონდისგან მიიღო პრემია „ჟურნალისტიკაში გამოჩენილი მამაცობისთვის“.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვიქტორია ამზადებდა რეპორტაჟებს ცხელი წერტილებიდან, უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან.

2022 წლის მარტში ის გზად მარიუპოლისკენ დააკავეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და გადაიყვანეს დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში. ვიქტორია მაშინ გეგმავდა, რომ რუსეთის ბლოკირებული მარიუპოლიდან რეპორტაჟი მოემზადებინა. მისი გათავისუფლება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, 21 მარტს მოხერხდა.

გათავისუფლების შემდეგ ვიქტორია როშჩინამ სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით „ერთი კვირა ოკუპანტების ტყვეობაში. როგორ დავეხსენი фсб-ს, „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს“.

„ერთ პატარა ოთახში მომათავსეს. მომცეს გადასაფარებელი, რომელიც იატაკზე გადავიფინე და ასე მეძინა. ყველა ნივთი ჩამომართვეს. როცა ვეკითხებოდი, როდის გამიშვებთ, მიპასუხებდნენ: როცა კიევს ავიღებთო“.

დროდადრო შემოდიოდნენ რუსი ოკუპანტები და მიწყობდნენ დაკითხვას. ამბობდნენ, „ჩვენთვის კანონები არ არსებობს“, „უკრაინა აღარ არსებობს“, „აქ რომ ჩაგმარხოთ, ვერც ვერავინ გიპოვის ვერასდროს“.

არ მეშინოდა, ვიცოდი, რომ ეს ზემოქმედების მეთოდები იყო. მქონდა მხოლოდ გაურკვევლობის შეგრძნება და წუხილი, რომ ვერ ვასრულებდი ჩემს საქმეს. მეუბნებოდნენ, „ფეხებზე გვკიდია, რომ ჟურნალისტი ხარ და გოგო ხარ“, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ასე არ იყო. მათ აკავებდა ის ფაქტი, რომ მე ჟურნალისტი ვიყავი“.

როგორც ვიქტორია წერს თავის სტატიაში, ერთი კვირის შემდეგ უთხრეს, რომ ჩაწერდნენ მასთან „ნეიტრალურ ვიდეოინტერვიუს“ და ამის შემდეგ გაუშვებდნენ:

„ხაზი გავუსვი, რომ არაფერს გამოვიგონებდი. დამთანხმდნენ. მოიტანეს კამერა და მომიტანეს გამზადებული ტექსტი, რაც უნდა მეთქვა. ვიდეოგადაღებისას მათ აღარ მოუთხოვიათ, მეთქვა, რომ მხარს ვუჭერდი რუსეთს და ბრალდებები წამეყენებინა უკრაინისთვის“, - წერდა ვიქტორია თავის სტატიაში.

2023 წლამდე, სანამ ვიქტორიას რუსეთის თავდაცვის ძალები კვლავ დააპატიმრებდნენ, ის სხვადასხვა გამოცემისთვის ამზადებდა მასალებს. მათ შორის, 2022 წლის გაზაფხულზე რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მოამზადა რეპორტაჟი ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკიდან.

უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის იანვარში, ვიქტორიამ გადაიღო ფილმი, სადაც აჩვენა არასრულწლოვანთა კოლონიებში მოზარდების ცხოვრება - როგორ გავლენას ახდენს იქაურობა მათზე, როგორ გრძნობენ თავს ბავშვები.

კორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ ვიქტორია როშჩინას უკანონო პატიმრობა და ტრაგიკული სიკვდილი ცხადყოფს, რა ფასად უჯდებათ ჟურნალისტებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაშუქება და სიმართლე.

პირველი და ამ ეტაპზე, ბოლო ჟურნალისტი, რომელიც რუსეთმა უკრაინას „გაუცვალა“, ეს არის რადიო თავისუფლების საიტ „კრიმ.რეალიის“ ავტორი, ნარიმან ჯელალი. ნარიმან ჯელალი, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე და ჟურნალისტი, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2021 წელს შეიპყრეს. მომდევნო წელს მას კონტროლირებადმა ყირიმის უზენაესმა სასამართლომ პერევალნიში "გაზსადენზე მომხდარი დივერსიის“ საქმეზე 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნარიმან ჯელალი უკრაინაში 2024 წლის ივნისის ბოლოს, ათამდე მშვიდობიან მოქალაქესთან ერთად დაბრუნდა.

სიტყვის თავისუფლების საკითხებში უკრაინის ვერხოვნა რადის კომიტეტის ხელმძღვანელის, იაროსლავ იურჩინის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე დღემდე ტყვედ რჩება 33 უკრაინელი ჟურნალისტი.