რუსეთის „ჰიბრიდული“ ფრონტის გერმანული ხაზი

საარქივო ფოტო: კრემლის პოლიტიკის საწინააღმდეგო ერთ-ერთ პროტესტზე გამოტანილი ევროკავშირის დროშა და პლაკატი, რომელიც ვლადიმირ პუტინს ვამპირად ასახავს

გასულ კვირაში ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის და გერმანიის სპეცსამსახურებმა ჩაშალეს გერმანულ თავდაცვით კონცერნ “რაინმეტალის” (Rheinmetall) ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით მზადდებოდა.

კონცერნი “რაინმეტალი” არის ყველაზე დიდი გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც, აწვდის საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და გერმანიამ ჩაშალეს კომპანია Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მოკვლის რუსული გეგმა - CNN

კრემლმა უარყო გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კონცერნ „რაინმეტალის“ ხელმძღვანელზე თავდასხმის მოწყობის შესახებ ბრალდებას და გავრცელებულ ცნობას "ჭორი" უწოდა.

CNN-ის ცნობას ვაშინგტონში, ნატოს სამიტზე მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს ცნობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ.

"ჩვენ, ევროპელებმა რაც შეიძლება უფრო უკეთ უნდა დავიცვათ თავი და არ უნდა ვიყოთ მიამიტები", - აღნიშნა ბერბოკმა.

ამ ფონზე გერმანელი ექსპერტები აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ჰიბრიდული ომი და რამდენად არის ამ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი გერმანია საკმარისად დაცული რუსეთის სავარაუდო მტრული ქმედებებისგან?

ტროლები და ბოტები

გერმანიაში საპროტესტო აქციების ორგანიზება და მათთვის მედიის მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიმართულებაა.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე დღე პალესტინელთა მხარდამჭერების საპროტესტო ბანაკი იყო გაშლილი, შეიკრიბა 150-მდე პირი, რომლებმაც ადმინისტრაციას აუდიტორია მოსთხოვეს მიტინგის ჩასატარებლად, რაზეც უარი მიიღეს. აქციას, რომელიც წინასწარ არ იყო შეთანხმებული ადმინისტრაციასთან, მოჰყვა სასწავლო პროცესის ჩაშლა.

ასევე ნახეთ

ევროპის უნივერსიტეტებში პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციები გაიმართა

საბოლოოდ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში პოლიციამ დაშალა პალესტინელთა მხარდამჭერების საპროტესტო ბანაკი. პოლიციამ 37 საქმე აღძრა შუღლის გაღვივების და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის მუხლით.

ბერლინის ლიბერალურ-კონსერვატიული ყაიდის გაზეთმა Tagesspiegel-მა მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გაარკვია, რომ არა მხოლოდ სტუდენტები იდგნენ ამ პროტესტის უკან. გამოცემის თანახმად, ორგანიზატორებიდან კვალს პირდაპირ კრემლის პროპაგანდის ფაბრიკამდე მივყავართ.

მემარცხენე პლატფორმა „რედი“ (Red), რომელიც „დაჩაგრული ხალხების“ რუპორად ასაღებს თავს, დასაწყისიდანვე ადევნებდა თვალს ბერლინის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ ფაკულტეტზე დაწყებულ პროტესტს. პლატფორმის სოციალურ ქსელ X-ში კი საპროტესტო აქციის შესახებ ცნობების სინქრონულად ქვეყნდებოდა ანტისემიტური მოწოდების თუ უნივერსიტეტის შესასვლელთან აღმართული ბარიკადების ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა.

სტუდენტთა აქციების შესახებ დანარჩენი მედია არ იყო ინფორმირებული. მის გაშუქებას შეუერთდნენ მხოლოდ მემარცხენე გაზეთ Neues Deutschland-ისა და Berliner Zeitung-ის ჟურნალისტები, რომლებიც პრორუსული განწყობის გამო ცოტა ხნის წინ გერმანიაში უკრაინის ელჩმა გააკრიტიკა.

Tagesspiegel-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს ისიც, რომ დემონსტრანტების გეგმების შესახებ წინასწარ მხოლოდ პლატფორმა Red-მა იცოდა. დემონსტრაციებზე გაჟღერებული მესიჯები ბერლინის საპროტესტო აქციების ორგანიზატორის, ჯგუფ Student Coalition-ი ვებგვერდზე იყრიდა თავს.

Red-ის პორტალს ადრე Redfish-ი ერქვა და ეკუთვნოდა ვიდეოსააგენტო Ruptly-ს, რომელიც რუსული მედიაჰოლდინგ RT.Redfish-ის ხელში იყო. „რედფიში“ თავის მხრივ ორიენტირებული იყო ახალგაზრდა მემარცხენე აუდიტორიაზე და სოციალურ ქსელებში ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა. მას შემდეგ, რაც Ruptly ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს, პორტალს სახელი შეეცვალა და შეიცვალა მთავარი რედაქტორი, მაგრამ პრორუსული საქმიანობა არ შეუწყვეტია.

როგორც გერმანიის სპეცსამსახურებმა მოგვიანებით გაარკვიეს, კრემლის სარჩული ჰქონდა ასევე 2022 წლის 9 მაისს გერმანიის მსხვილ ქალაქებში რუსეთის დროშებით გამართულ ავტორბოლას. COVID-19-ის პანდემიის დროს რუსი პროპაგანდისტები გერმანელი ულტრამემარჯვენეებისა და მემარცხენეების საშუალებით მოსახლეობას სამთავრობო გეგმის წინააღმდეგ დემონსტრაციებისკენ უბიძგებდნენ.

"ტექნიკურად ბრწყინვალედ მომზადებული მოწინააღმდეგე"

მიმდინარე წლის იანვარში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანია გამოააშკარავა. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე პერიოდში სპეციალური პროგრამის საშუალებით გააანალიზეს გავრცელებული ცნობები ამ ქსელში, რომლებიც ამერიკელ მულტიმილიარდერ ილონ მასკს ეკუთვნის. გერმანელმა მოხელეებმა გამოავლინეს 50 ათასზე მეტი ყალბი ანგარიში გერმანულ ენაზე, რომლის საშუალებით ქსელში მილიონზე მეტი ცნობა მოხვდა. ყველაზე ხშირად გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ უკრაინისათვის დახმარებით გერმანიის მთავრობა თითქოს თავის მოქალაქეებს აყენებდეს ზიანს.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოცემა „შპიგელს“ აცნობა, რომ უშუალოდ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ რუსეთის დიპლომატების მხრიდან ყალბი ინფორმაციის კოორდინირებული გაჟონვის ათასობით შემთხვევა გამოავლინეს. გასული წლის ბოლოს მან გამოააშკარავა რუსეთის მცდელობა გავლენა მოეხდინა გერმანულ სოციალურ ქსელებზე. ამ მცდელობათა სიხშირე და ავტომატიზმი აჩვენებს, რომ საუბარია ტექნიკურად ბრწყინვალედ მომზადებულ მოწინააღმდეგეზე. ეს კამპანია გერმანელმა ექსპერტმა რუსეთის სპეცსამსახურებს დილეტანტური შეცდომის წყალობით დაუკავშირა: ინტერნეტში სადეზინფორმაციო ნაკადი მოულოდნელად რატომღაც რუსეთის სადღესასწაულო დღეებში იჩენდა ხოლმე თავს.

გერმანიის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ დეზინფორმაცია უსაფრთხოების გლობალურ ფაქტორად იქცა: „ის მოქმედებაში მოჰყავს მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“. ათობით პორტალი, რომელიც ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, საკუთარ თავს „სერიოზულ“ მედიად წარმოაჩენს, ასობით პრორუსულ პროპაგანდისტულ ტექსტს ავრცელებდა.

გერმანიისა და ევროკავშირის პოლიტიკის დისკრედიტაცია რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:

  • უკრაინისთვის დახმარების მოცულობის და ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობის შედარება;
  • საყვედური, რომ გერმანიის მთავრობას არ აინტერესებს საკუთარი ხალხის ბედი;
  • ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის სისუსტეზე ან თავად გერმანიისთვის მათგან მიყენებულ ზიანზე აქცენტის გაკეთება;
  • უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმა და რუსული პირობებით მოლაპარაკებების მოთხოვნა;
  • უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების სავარაუდო უარყოფითი შედეგების პედალირება;
  • უკრაინის დისკრედიტაცია უკრაინულ ნაციზმსა და კორუფციაზე საუბრის გზით;
  • შეთქმულების თეორიების გავრცელება და შიშისა და განგაშის ატმოსფეროს შექმნა.

ერთ-ერთ პორტალზე, რომელიც გარეგნულად „ნორმალური“ მასობრივი საინფორმაციო საშუალების შთაბეჭდილებას ახდენს, გამოქვეყნებული იყო სტატია იმაზე, თუ „როგორ იპარავენ უკრაინელები გერმანიის კეთილდღეობას“. კერძოდ, საუბარია გერმანიის ქალაქების უკრაინელი დევნილებით წალეკვაზე. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებს მოედო ასობით ათასი ყალბი ანგარიში, რომლებიც საეჭვო საიტებზე დაყრდნობით პროპაგანდისტულ დევიზებს აქვეყნებდნენ.

ზოგიერთი სათაურითაც კი აშკარა ხდება მათი ავტორების მიზნები:

  • „გერმანია უმუშევრობაში ჩაეფლო“
  • „უკვე პურიც კი მაღალი კლასის საქონელი ხდება“
  • „გერმანელები საკუთარ ბინებში გაიყინნენ“


ყველა ასეთ სტატიაში მეთოდურად ვითარდება აზრი, რომ დროა, გერმანიის მთავრობამ უკრაინის დახმარების ნაცვლად საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა დაიწყოს.


გამოცემა “შპიგელისა” და პორტალ “ინსაიდერის” ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ამ კამპანიის მიმართ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (სდს) დგას. მისი გატეხილი ანგარიშების წყალობით, გამოცემებმა მოახერხეს სდს-ს თანამშრომლების იმ მიმოწერის გაანალიზება, რომლებიც თან ახლდა "საინფორმაციო ოპერაციებს".

ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში სპეცსამსახურების ძალისხმევის მთავარი მიზანი მოქალაქეებში "ბავშვებისა და შემდგომი თაობების მომავალზე შიშის გრძნობის" გაჩენა უნდა გახდეს.

ხოლო “კოგნიტიური შეტევების” წყალობით ევროპის მოქალაქეები ქვეცნობიერმა "შიშმა და პანიკამ” უნდა მოიცვას.

პეტერ ბისტრონი, "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრი, ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ პროპაგანდასა და ევროპელ პოლიტიკოსებზე ზემოქმედების მცდელობაში.

ისტრონი, ჰოკე, კრა


კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტული პლატფორმა იყო პორტალი „ევროპის ხმა“ (Voice of Europe), რომელიც ჩეხეთის სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს.

ინტერნეტპორტალი ინფორმაციას რამდენიმე ენაზე ავრცელებდა და ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკავშირის ქვეყნების საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ჩეხეთის უსაფრთხოების ცნობით, საიტის საქმიანობა პუტინის მეგობრისა და ყოფილი უკრაინელი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის მიერ პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებოდა.

ასევე ნახეთ

სისხლისსამართლებრივი დევნის გამო გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნეს

პლატფორმა "ევროპის ხმის" (Voice of Europe) ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ მიუნხენის გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელ პოლიტიკოსებზე რუსეთის შესაძლო გავლენის გამოძიების ფარგლებში ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილე გერმანიის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, “ალტერნატივა გერმანიისათვის” (AfD) კანდიდატი პეტერ ბისტრონი.

მაისის შუა რიცხვებში სასამართლოს ორდერის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა დეპუტატის ბერლინის ოფისში, ასევე მიუნხენის, დეგენდორფის, ერდინგისა და მაიორკის საცხოვრებელ ადგილებში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო 11-მა პროკურორმა და 70-მდე პოლიციელმა. სამართალდამცველებმა კონფისკაცია გაუკეთეს დოკუმენტებსა და ელექტრონულ ფოსტას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ეჭვმიტანილის "დამამძიმებელ და გამამართლებელ მტკიცებულებებს".

მანამდე, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელ პოლიტიკოსებზე რუსეთის შესაძლო გავლენის გამოძიების ფარგლებში, ბისტრონის მიმართ ეჭვები ჩეხეთის სპეცსამსახურებს გაუჩნდათ. მარტის ბოლოს ჩეხური გაზეთი Denik N-ი სპეცსამსახურების წრეებში წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პეტერ ბისტრონმა პრორუსული ორგანიზაციებისგან, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ათასი ევრო მიიღო.

გერმანიის დრეზდენის გენერალურმა პროკურატურამ ასევე დაიწყო წინასწარი გამოძიება ევროპარლამენტის არჩევნებში AFD-ის მთავარი კანდიდატის, მაქსიმილიან კრას წინააღმდეგ. პოლიტიკოსი ასევე აღმოჩნდა დაკავშირებული პლატფორმასთან „ევროპის ხმა“ (Voice of Europe) და ეჭვმიტანილია რუსეთისა და ჩინეთისგან ფულის მიღებაში. გარდა ამისა, ბიორნ ჰოკე, AfD-ის ფრაქციის ხელმძღვანელი თიურინგიის პარლამენტში, ასევე აღმოჩნდა ეჭვმიტანილი კრემლის გავლენის გავრცელებაში. იგი, როგორც მემარჯვენე ექსტრემისტი, უკვე არის მსჯავრდადებული "არაკონსტიტუციური ორგანიზაციების სიმბოლოების გამოყენებაში".

ბისტრონი, კრა და ჰოკე რუსეთთან დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ კავშირებს. 2022 წლის ოქტომბერში ქალაქ გერაში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჰოკე სიტყვასიტყვით იმეორებდა იმ მანიფესტს, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი კირიენკოს მითითებით არის დაწერილი. დოკუმენტში აღწერილია გერმანიაში სავარაუდოდ კატასტროფული მდგომარეობა და დემოკრატიული სისტემის დამხობის მოწოდებას შეიცავს.

ასევე ნახეთ

"ალტერნატივა გერმანიისთვის" - უნდა გვეშინოდეს ახალი ნაციზმის? ინტერვიუ ისტორიკოს კატია ჰოიერთან

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფედერმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ "უცხო სახელმწიფოები, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, თავიანთ სპეცსამსახურებს გერმანიაში ჯაშუშობისა და აქ მცხოვრებ [რუს] ოპოზიციონერებზე თვალთვალისათვის იყენებენ.

ფედერმა ისაუბრა ასევე ამ ქვეყნებიდან მომდინარე კიბერშეტევების საფრთხეზე. მართლაც, მაისის დასაწყისში გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გამოავლინა ბოლოდროინდელი ძლიერი კიბერშეტევის წყარო. უცხოელმა ჰაკერებმა მიიღეს წვდომა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ოფისის ელექტრონულ საფოსტო ყუთებსა და ლოგისტიკის, თავდაცვის, საჰაერო კომუნიკაციების, კოსმოსური და საინფორმაციო მხარდაჭერის სფეროში მომუშავე საწარმოებზე. კიბერშეტევა განხორციელდა APT28 ჯგუფის მიერ (ასევე ცნობილია როგორც Sofacy, Fancy Bear, Pawn Storm ან Sednit), რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) ქვედანაყოფის შემადგენლობაში შედის. სისხლის სამართლის საგამოძიებო ფედერალურმა სააგენტომ 2023 წლის ანგარიშში "კიბერშეტევების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდის“ შესახებ განაცხადა. მანამდე რუსმა ჰაკერებმა გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და ბუნდესტაგის სერვერების ანგარიშებზე მიიტანეს იერიშები.

ასევე ნახეთ

ჰაკერებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს გერმანიის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია CDU-ზე

ჰიბრიდული ომის ზემოქმედების ეფექტი მცირეა.

მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის ექსპერტი ადრიან ჰენი აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული ომები თავისი არსით ახალი ფენომენი არ არის. ეს პრაქტიკა ეფუძნება ადრე არაერთგზის გამოყენებულ ოპერაციებს. ესენია: პროპაგანდა, დეზინფორმაცია, ფარული დაფინანსება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მოსყიდვა, საბოტაჟი (მაგალითად, უკრაინისთვის იარაღის მომარაგების ხაზების წინააღმდეგ) და ასევე მკვლელობის მცდელობა. მსგავსი მეთოდები გამოიყენებოდა როგორც მეორე მსოფლიო ომის, ასევე „ცივი ომის“ დროს.

ადრიან ჰენი

"რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური პროგრესის გამო, დამატებითი შესაძლებლობა გაჩნდა კიბერშეტევების სახით, მაგრამ ჰიბრიდული ომის პრინციპები და ფორმები, რომლებსაც ამჟამად განვიხილავთ, არის ფარული ოპერაციები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნები საუკუნეების განმავლობაში იყენებენ", - განმარტავს ექსპერტი. ახლა ასეთი ქმედებების მიზანია პროპაგანდის გამოყენება დასავლეთისგან უკრაინის მხარდაჭერისა და თავად უკრაინაში სამხედრო წინააღმდეგობის შესამცირებლად, ევროპის მოსახლეობის გახლეჩა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შენელება საბოტაჟის აქტებით ან რუსეთის არმიიდან დეზერტირების შესაძლებლობის შემცირება.

გერმანელი ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ჰიბრიდული ომის ზემოქმედების ეფექტი მცირეა. ევროკავშირში საბოტაჟების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები ფსიქოლოგიური ეფექტების მეშვეობით. მაგალითად, თუ პოლონეთში საბრძოლო მასალის საწყობები მუდმივად აფეთქდება, ეს გავლენას მოახდენს საზოგადოების განწყობაზე. თანდათანობით, ზეწოლა წარმოიქმნება მთავრობაზე, რომელიც იძულებული იქნება უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე. თუმცა, ამ დროისთვის ჰიბრიდული ომის გავლენა მეტ-ნაკლებად ექვემდებარება შეფასებას და სათანადო წინააღმდეგობაც ახლავს.

„ბევრი ოპერაცია, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით, ვერ განხორციელდა. იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი გამოაშკარავდა, გაირკვა, რომ მათ ცუდად გაწვრთნილი ადამიანები ატარებდნენ: კრიმინალები ან თუნდაც ლტოლვილები, რომლებიც, პირობითად თუ ვიტყვით, მზად იყვნენ სენდვიჩის ფასად ედევნებინათ თვალი უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე და მოეწყოთ მატარებლის აფეთქება“, - ამბობს ადრიან ჰენი.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას აცნობეს იმ „ადრეული გაფრთხილების სისტემის“ შესახებ, რომელიც საფრანგეთსა და პოლონეთთან ერთად შეიქმნა და "უცხოური გავლენის მცდელობასა და ინფორმაციით მანიპულირებაზე რეაგირებას“ ისახავს მიზნად.

მაგრამ ამჟამად უცნობია, თუ რამდენი დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება რეალურად უკავშირდებოდეს რუსეთის ჰიბრიდულ ომს. სისხლის სამართლის დანაშაულთან ბრძოლის ფედერალურმა ოფისმა რადიო თავისუფლების მოთხოვნის პასუხად აღნიშნა, რომ ასეთი სტატისტიკა არ წარმოებს. რუსეთის სამთავრობო უწყებების მიერ შეკვეთილი მკვლელობის ერთადერთი ცნობილი შემთხვევა ბერლინის ტიერგარტენის რაიონში ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაა. რუსეთის აგენტი, რომელმაც ხანგოშვილს ესროლა, ვადიმ კრასიკოვი, სასჯელს გერმანიის ციხეში იხდის.

ასევე ნახეთ

ზელიმხან ხანგოშვილის ქვრივი: "ადრე თუ გვიან, კრასიკოვს გაცვლიან. ეს პოლიტიკაა"

მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა "უცხოური ინფორმაციის მანიპულაციის ადრეული გამოვლენის ცენტრალური დეპარტამენტი", რომელშიც 20-მდე თანამშრომელი დასაქმდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ჯერჯერობით გერმანია "თანმიმდევრული ზომების საშუალებით წარმატებით იცავს თავს ჰიბრიდული საფრთხეებისგან" და ამ ზომების ადაპტირებას მუდმივად ახდენს ცვალებადი სიტუაციების კვალობაზე. ამასთან, საზოგადოება უნდა განეწყოს მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ასევე ნახეთ

რუსეთმა გააძევა 40 გერმანელი დიპლომატი, საპასუხო ჟესტის ფორმით

რუსული სადეზინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლის ანალიზითა და სტრატეგიის შემუშავებით დაკავებულია სპეციალური სამუშაო ჯგუფი (Task Force), რომელიც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაარსდა.

2022 წლის გაზაფხულზე გერმანიიდან გააძევეს 40 რუსი დიპლომატი, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც ე.წ. ლეგალური ჯაშუშები.