"რუსეთის ჩრდილში" - რა მოხდება, თუკი "ოცნება" ევროპული პარტიის ოჯახს გამოეთიშება?

„ქართული ოცნება“ ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან შესაძლოა გარიცხონ, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მიიღო მონაწილეობა ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში, უნგრეთში. ამ ფაქტს ექსპერტები აღიქვამენ ბოლო წვეთად ევროპული მოთმინების ფიალაში.

მაგრამ „ოცნებამ“, შესაძლოა, ევროპელი სოციალისტების პარტიას (PES) დაასწროს კიდეც. საკუთარი პოლიტიკური ოჯახის მწვავე რეაქციას „ქართული ოცნება“ ქართული იდენტობისა და ინტერესების შეზღუდვად აფასებს.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციის (CPAC) კონფერენცია, 4-5 მაისს, ბუდაპეშტში, უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით ჩატარდა. ორბანი დაძაბულ ურთიერთობებშია ევროკავშირთან და აღრმავებს ურთიერთობებს რუსეთთან.

კრიტიკულად განწყობილი ექსპერტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, „ქართული ოცნება“ PES-ისგან იზოლაციით დაშორდება ევროპულ ინსტიტუციებს, რაც საზიანო იქნება არა მხოლოდ თავად მისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.

აცდენა ფასეულობებში, მიმართულებებში

PES-ის ოფიციალური ვებსაიტის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებულ ჯგუფურ ფოტოზე თუ ვიდეომასალაში, მარჯვენა მხარეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შენიშნავთ.

აქვე არიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის - გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. ეს სიდიდით მეორე ევროპული პარტიაა, მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციით, რომლის ნაწილიც „ოცნება“ შესაძლოა მალე აღარ იყოს.

ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) 1992 წელს დაფუძნდა და ის ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, 60 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, სრული წევრის, ასოცირებული წევრისა თუ დამკვირვებლის სტატუსით.
მძლავრ ევროპულ პარტიაში „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე დამკვირვებლის სტატუსი აქვს.
ევროპარლამენტში PES-ის წარმომადგენელია პოლიტიკური ჯგუფი - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D), 26 ქვეყნის 144 დეპუტატით და სიდიდით მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ჩამოუვარდება (176 დეპუტატი).

„ჩვენი მისიაა ევროპა ემსახუროს თავის ხალხს. როგორც მსხვილი პოლიტიკური ძალა, ჩვენ განვსაზღვრავთ და ვამტკიცებთ საერთო პოლიტიკას, რათა წინ წავწიოთ ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა; ფუნდამენტური უფლებები და უკეთესი ცხოვრება ყველასთვის“, - წერია ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სწორედ პარტიის ამ საერთო ღირებულებებთან შეუთავსებლად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც აერთიანებს კონსერვატიულ, პოპულისტურ და ულტრამემარჯვენე პერსონებს მთელი მსოფლიოდან“ და რომელსაც „უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უჭერს მხარს“.

ასევე ნახეთ ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში CPAC-ზე გამოსვლისთვის

„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ქმედებები მიუღებელია და ეს მას სრულად აქცევს ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს მიღმა. PES-მა უკვე გადაწყვიტა, რომ პარტიის პრეზიდიუმის მომავალ სხდომაზე [ივნისში] შეაფასოს "ქართული ოცნების" სტატუსი პარტიაში. ეს ცხადად აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის მხრიდან დღევანდელი ჩარევის შემდეგ“, - განაცხადა PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ.

სტატუსზე მსჯელობა, ექსპერტებისთვის, დიდი ალბათობით, ევროპული პარტიის შემადგენლობიდან „ქართული ოცნების“ გარიცხვას ნიშნავს.

განცხადების ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ ღარიბაშვილი ამ კონფერენციაში მონაწილეობას რეკლამას უწევდა და ორბანს მან „ევროპის ჭეშმარიტი დამცველი უწოდა“.

იყო თუ არა მოსალოდნელი?

„ჩვენთვის, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე ვმუშაობთ, PES-ის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან ვიცით, რომ ევროპულ პარტიაში უკვე დიდი ხანია ფიქრობენ, რომ მათ ფასეულობებს ძალიან ასცდა „ქართული ოცნების“ როგორც საჯარო გამოსვლები, ასევე რეალური პოლიტიკა და დემონსტრაციული გამიჯვნის სახე მიიღო. ამის შესახებ, ფორმალურადაც და არაფორმალურადაც არაერთხელ აცნობეს „ქართულ ოცნებას“ და მარტში მომხდარი მოვლენების [ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებული] შემდეგ მათ ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნის გადაწყვეტილებაც მიიღეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) ხელმძღვანელი და „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე; თუმცა ახლა მან უკვე აღარ იცის, შედგება თუ არა ივნისისთვის დაგეგმილი ეს ვიზიტი.

ექსპერტის შეფასებით, PES-ისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ შეუერთდა „ოპორტუნისტი, ავტორიტარი ლიდერების ანტიდემოკრატიულ პლატფორმას“, რომელსაც „საერთო არაფერი აქვს ნამდვილ კონსერვატიზმთან“ და შენიღბულად, ვითომ ოჯახის, ტრადიციებისა და ქრისტიანობის დაცვის სახელით მოქმედებს.

PES-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სტატუსის საკითხი მანამდე წამოყენებული იყო პრეზიდიუმის სხდომაზე - მარტში და დამატებით განიხილეს ასევე გასულ კვირაშიც.

ექსპერტებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ „ოცნების“ მიმართ ევროპელი სოციალისტების პარტიის კრიტიკა იზრდებოდა და ბოლო თვეებში განსაკუთრებით გამწვავდა.

  • 23 მარტს გამართულ სხდომაზე, PES-ის წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, დაემტკიცებინა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რიტორიკაც - „ევროპარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის დამცველი სხვა მოთამაშეების“ წინააღმდეგ. ითქვა, რომ PES-ის ხელმძღვანელობა ყურადღებით დააკვირდება „ქართული ოცნების“ ქმედებებს.
  • ასევე მარტში, ევროპელი სოციალისტების პარტიის ჯგუფმა ევროპარლამენტში (S&D) „ყალბი და დამაზიანებელი“ უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში გახმაურებულ ბრალდებას, რომ ევროპარლამენტს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

იმავე პერიოდში, სწორედ S&D-მ მოითხოვა საქართველოს შესახებ დებატებიც, სტრასბურგში.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში შეთქმულების თეორია გაავრცელა. კიდევ რა თქვა პრემიერმა

„ქართული ოცნების“ მესიჯებით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არ არის, რომ მმართველმა პარტიამ დაასწროს და თავის ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს თავადვე გამოეთიშოს.

„თუკი ეს მათი [ევროპული სოციალისტების პარტიის] მკაფიო ხაზია და ეროვნულ ღირებულებებში ისინი რუსულსა და ანტიდასავლურს ხედავენ, ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვქონია უფრო მეტად, ვიდრე ისინი ლაპარაკობენ ჩვენი მისამართით - გაღმა შედავების პრინციპით“, - უთხრა 5 მაისს ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მსგავსი განცხადება მან აპრილის ბოლოსაც გააკეთა, PES-ის წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი მაინც წავიდა კონფერენციაზე.

მდინარაძე ამბობს, რომ ახლა „ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში“ და საქართველო უნდა იყოს „საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს“. ის თვლის, რომ „ნაცმოძრაობის კლასტერი, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკოსიან მედიიანად“ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ცდილობენ „ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს დაარქვან რუსული“, ხოლო „არაჯანსაღ პროპაგანდას და მის სხვადასხვა მიმართულებას დაარქვან ევროპული და სწორედ ეს არის ანტიევროპული“.

„ეს იქნება „ქართული ოცნების“ პარტიული და პოლიტიკური დასამარება... ეს იქნება ბოლო მხარდამჭერების დაკარგვა ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში, სადაც ბოლოს, ისედაც ძალიან ცოტა მეგობარი შემორჩათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ლელოს“ საგარეო ურთიერთობების მიმათულების ხელმძღვანელი, გრიგოლ გეგელია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ PES-ის გადაწყვეტილება არის „დასასრული და არა დასაწყისი პროცესისა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციების დონეზე თუ სხვა განცხადებებსა და ქმედებებში, სულ უფრო მზარდი კრიტიკით გამოირჩეოდა“.

ევროპელი პარტნიორების ამ კრიტიკას „ოცნებაში“ არასოდეს იზიარებდნენ.

PES-ის მისიის შესახებ ტექსტში ხაზგასმულია, რომ ევროპელი სოციალისტების პარტია „მხარს უჭერს სოციალისტებისა და დემოკრატების არჩევას ევროპის მასშტაბით, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციებში“.
ასევე ნახეთ როგორ მიაჩვია ორბანმა 10 მილიონი უნგრელი მეზობლად მიმდინარე ომს

საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას, უკვე კარგა ხანია, აღარც ითვალისწინებს ორბანის უნგრეთი, რომელიც ევროკავშირში დემოკრატიული უკუსვლითა და უმცირესობების უფლებების შეზღუდვით გამოირჩევა.

  • 2021 წელს, ორბანის ლიდერობით მოქმედმა პარტიამ („ფიდესი“) ევროპის ყველაზე დიდი მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია (EPP) და მოგვიანებით, ევროპარლამენტის შესაბამისი ფრაქციაც დატოვა.
  • 2021 წელს, ვიქტორ ორბანმა მემარჯვენე ორიენტაციის ახალი პლატფორმის, ორგანიზაციის შექმნის იდეა გაახმაურა და თანამოაზრეებთან მოლაპარაკებებს შეუდგა. ითქვა, რომ ახალი პლატფორმა იქმნება ადამიანებისთვის, რომლებსაც - „ტრადიციული ევროპის სჯერათ“.
ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ახალი პლატფორმა, ორგანიზაცია, დავიწყოთ პროცესი, რომლითაც შესაბამისი წარმომადგენლობა ეყოლება იმ ადამიანებს, რომლებსაც ტრადიციული ევროპისა სჯერათ“, - აცხადებდა ორბანი 2021 წელს.

ლევან ცუცქირიძის შეფასებით, თუკი „ქართული ოცნება“ ევროპელი სოციალისტების პარტიას გამოეთიშება, მას მხოლოდ ორბანის მხარდაჭერა ვერ უშველის, დაზარალდება თავადაც და ქართული სახელმწიფოც:

„კიდევ უფრო გართულდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, რადგან ამ ქვეყნის ხელისუფლება დგას [ვიქტორ] ორბანის გვერდით, ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და ანტიდემოკრატიულ პლატფორმაზე ამაყად გამოდის სიტყვით... ახლა თუ ევროპული პარტიას გამოეთიშებიან, უფრო თამამად ინავარდებენ ორბანთან და მის მსგავსთა გვერდით... მაგრამ ჩვენ უფრო დავზარალდებით, რადგან ორბანის ქვეყანა, უნგრეთი, უკვე არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი“, - ეუბნება ცუცქირიძე რადიო თავისუფლებას.

ექსპერტი მოელის, რომ „ქართული ოცნება“ დარჩება „ევროპული პოლიტიკური ოჯახის სოლიდარობის ძლიერი ინსტრუმენტის გარეშე“; ეს ინსტრუმენტი კი, „ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს ინტერესების წინ წასაწევად“.

ასევე ნახეთ „მონათესავე სულები“ - რით გახდა ორბანის პოლიტიკა მისაბაძი საქართველოსთვის?

CPAC-ის ფარგლებში, ვიქტორ ორბანი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს აქებდნენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქართველი კოლეგისგანაც ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი და კერძოდ, „როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები”.