რუსეთის მიერ უნგრეთისთვის უკრაინელი ტყვეების გადაცემა - "დეტექტივი პოლიტიკური ქვეტექსტით"

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, შეეცადა დაერწმუნებინა ევროპარლამენტარები, რომ უნგრეთის მთავრობა არ მონაწილეობდა 11 უკრაინელი სამხედროს ტყვის ბუდაპეშტისთვის გადაცემაში.

უკრაინასა და უნგრეთს შორის მწიფდება ახალი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ამჯერად იმ 11 უკრაინელ სამხედრო ტყვეს უკავშირდება, რომლებიც მოსკოვმა ორი კვირის წინ ბუდაპეშტს გადასცა.

კიევის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბუდაპეშტი არ ჩქარობს სამხედრო ტყვეების უკრაინისთვის გადაცემას და თავის იმით იმართლებს, რომ რუსეთის ტყვეობაში მყოფი „კარპატისპირელი ტყვეების“ გადაცემა ხელისუფლების ორგანოების გვერდის ავლით, საეკლესიო და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის კონტაქტების საფუძველზე მოხდა.

კიევში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ტყვეობაში მყოფი ადამიანების უნგრეთისთვის გადაცემა არა „ქრისტიანული კაცთმოყვარეობით“, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურითაა ნაკარნახევი.

უნგრეთის ხელისუფლებამ სასაუბროდ არ მიიღო უკრაინის კონსული, ხოლო თავად უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, უწოდა „საიდუმლო ოპერაცია“, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ინტერესებში შედის.

„დრამატული დეტექტივი პოლიტიკური ქვეტექსტით“

უკრაინის ხელისუფლება ცდილობს მიაღწიოს იმ 11 უკრაინელი სამხედრო ტყვის შინ დაბრუნებას, რომლებიც უნგრეთმა რუსეთი მხარისგან კიევისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების გვერდის ავლით მიიღო.

ეს ამბავი 8 ივნისს დაიწყო: მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შუამავლობით, „იმიერკარპატული წარმოშობის უკრაინელი ტყვეების“ ჯგუფი უნგრეთში გადაიყვანეს.

ცნობაში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ისინი მონაწილეობდნენ ბრძოლებში და, რომ მათი გადაცემა „ქრისტიანული კაცთმოყვარეობის მოტივებით“ იყო ნაკარნახევი.

ამ მაღალფარდოვანი განმარტების არ სჯერა უკრაინის ხელისუფლებას. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, ზოგიერთი სამხედრო ტყვის ნათესავებისგან მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ უნგრეთში მყოფი უკრაინელი სამხედროების "თავისუფალი სტატუსის" შესახებ უნგრეთის ხელისუფლების დაპირებული გარანტიები „არ შეესაბამება რეალობას“.

„სინამდვილეში, ისინი იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციის ღია წყაროებზე, მათი ურთიერთობა ნათესავებთან ხდება მესამე პირების თანდასწრებით, მათ უარი ეთქვათ უკრაინის საელჩოსთან კონტაქტზე“, - წერს ნიკოლენკო ფეისბუკის გვერდზე.

უკრაინის კარპატისპირა რეგიონი, საიდანაც არიან ტყვეები წარმოშობით, უნგრული ეთნიკური უმცირესობითაა დასახლებული.

უკრაინისათვის ჯერჯერობით უცნობია სამხედრო ტყვეების ვინაობა. კიევს აქვს წინასწარი სია, მაგრამ ვერ ახერხებს მის დადასტურებას.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი სია, მიღებული სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ოპერატიული არხებითაც. ამას ოფიციალურს ვერ ვუწოდებთ. არსებობს იმ პირთა სია, რომელთა გადაცემასაც უნგრეთი რამდენიმე თვის წინ რუსეთისგან ითხოვდა. მასში ფიგურირებს 13 გვარი. ცალკე არის იმ თერთმეტი კაცის სია, რომელიც, სავარაუდოდ, უნგრეთს გადაეცა. ის, რომ ამ სიტუაციაზე საერთოდ ვმსჯელობთ, ძალიან შეურაცხმყოფელია. ვინაიდან მოვლენა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო აბსოლუტურად პოზიტიური, იქცევა ერთგვარ დრამატულ დეტექტივად აშკარად საგრძნობი პოლიტიკური ქვეტექსტით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი იუროვმა.

უკრაინის პოზიციას ევროკავშირიც იზიარებს.

„უნგრეთის ხელისუფლებამ უნდა ახსნას დეტალები და მონაწილეობა რუსეთის მიერ სამხედრო ტყვედ მყოფი უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებაში, ასევე ამ საკითხზე უნგრეთის კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან“, - უთხრა გამოცემა Delfi-ს ევროკომისიის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, პიტერ სტანომ.

ასევე ნახეთ ევროკავშირი: უნგრეთმა უნდა ახსნას თავისი მონაწილეობა უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, შეეცადა დაერწმუნებინა ევროპარლამენტარები, რომ უნგრეთის მთავრობა არ მონაწილეობდა 11 უკრაინელი სამხედროს ტყვის ბუდაპეშტისთვის გადაცემაში და ეს ამბავი რუსეთის ეკლესიასა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.

მაგრამ უნგრეთის ასეთი პოზიცია კიდევ უფრო აძლიერებს კიევის ეჭვს, რომ ტყვეების საკითხს უნგრეთი და რუსეთი თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ.

„გარკვეულ დასკვნებს რაც შეეხება, ისინი საკმაოდ ნათელია, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს, თავი, გარკვეული აზრით, მშვიდობისმყოფელად წარმოაჩინოს; ვიქტორ ორბანს სურს თავი წარმოადგინოს შერიგების მხრივ რამდენადმე სასარგებლო პოლიტიკოსად, ხოლო რუსეთი ცდილობს გამოიყენოს უნგრეთსა და უკრაინას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა და ეს კონფლიქტი გაამწვავოს. ამაში, გარკვეულწილად, ახალი არაფერია, მაგრამ შესამჩნევია, რომ უნგრეთი სულ უფრო მეტად თამაშობს თავის თამაშს ნატოსა და ევროკავშირის შიგნით, რადგან იცის, რომ მას ვერანაირად ვერ გარიცხავენ. რუსეთი კი ადასტურებს თავის „კაციჭამიურ არსს“, რადგან განაგრძობს ადამიანის სიცოცხლით თამაშს. და ბოლოს, საერთოდ გაუგებარია, თუ რა საერთაშორისო-სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ქმედებებს, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

ბუდაპეშტისა და კიევის „ეკლიანი“ ურთიერთობები

უნგრეთსა და უკრაინას შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გამოჩნდა რუსეთის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის ფონზე.

2023 წლის მაისის ბოლოს უნგრეთის მთავრობამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი მშვიდობისკენ მოწოდებით, რომელსაც კიევის აღშფოთება მოჰყვა. კერძოდ, ვიდეოჩანაწერს ახლდა რუკა, რომელზეც უკრაინა ანექსირებული ყირიმის გარეშე იყო ნაჩვენები.

ასევე ნახეთ კიევი აპროტესტებს უნგრეთის მიერ უკრაინის რუკის ყირიმის გარეშე ჩვენებას

უკრაინამ საპროტესტო განცხადებაში ინციდენტს „პროვოკაცია“ უწოდა და მოითხოვა, უნგრეთმა შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წევრმა - და მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მანამდე, ამა წლის 23 მაისს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ჩასულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც დასძინა, რომ „ღარიბი უკრაინა“ რუსეთის წინააღმდეგ ომში, სავარაუდოდ, ვერ გაიმარჯვებსო.

ასევე ნახეთ სიიარტო: ორბანის ნათქვამი, რომ უკრაინა ომს წააგებს, ბუდაპეშტის ოფიციალური პოზიციაა

უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება ნატოს ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგში უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხის შეტანას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მიიჩნევენ რუსეთის მიმართ თბილად განწყობილ პოლიტიკოსად. თავად ის ამას უარყოფს და ამბობს, რომ უნგრეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები უნგრელების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობები ომამდე, ჯერ კიდევ 2019 წელს, მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინამ მიიღო კანონი ენის შესახებ და ერთადერთ სახელმწიფო ენად იქცა უკრაინული ენა გამოაცხადა. ბუდაპეშტი მიიჩნევს, რომ კანონი ლახავს 150 ათასი ეთნიკური უნგრელის უფლებას, რომლებიც იმიერკარპატებში ცხოვრობენ, და მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეთნიკურ უნგრელებს შეუნარჩუნდეთ სკოლებში საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლება, რასაც მხარს ვენეციის კომისიაც უჭერს.

ბუდაპეშტი ომამდე ბლოკავდა ნატოს და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს კიევთან დაკავშირებით. ომის დაწყებიდან უარს აცხადებს კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან თავისი ტერიტორიის დათმობაზე უკრაინის არმიისთვის გამიზნული იარაღის გადასატანად. უნგრეთი გამოდის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების მოწოდებითაც.

ასევე ნახეთ უნგრეთი მხარს არ უჭერს ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხის შეტანას ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგში

ქვეყანა კვლავაც დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე.

მიმდინარე წლის 11 აპრილს უნგრეთმა გააგრძელა რუსეთთან შეთანხმება ბუნებრივი აირის დამატებითი იმპორტის შესახებ, რაზეც მოსკოვში მყოფი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო და რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი შეთანხმდნენ.

ასევე ნახეთ უნგრეთმა გაახანგრძლივა რუსეთთან შეთანხმება ბუნებრივი აირის დამატებითი იმპორტის შესახებ

სიიარტოს თქმით, გაზის მიწოდება ძირითადად განხორციელდება გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მეშვეობით.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის გასაგონად უკრაინის პრეზიდენტმა 5 აპრილს განაცხადა, უნგრეთის ლიდერს რუსეთის გავლენის ეშინიაო.

ასევე ნახეთ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი გამოიძახეს "შეურაცხმყოფელი" განცხადებების გამო