Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: უნგრეთმა უნდა ახსნას თავისი მონაწილეობა უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში


ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პეტერ სტანო
ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პეტერ სტანო

ევროკომისიამ განაცხადა, რომ უნგრეთმა უნდა ახსნას თავისი როლი რუსეთიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაში და ამ საკითხზე კიევთან კომუნიკაციაში.

ამის შესახებ გამოცემა Delfi-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, პიტერ სტანომ - იუწყება „ევროპეისკაია პრავდა“.

სტანომ კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომ უნგრეთში იმყოფება 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც მან რუსეთის ფედერაციიდან გაიყვანა და მათთან არ უშვებს უკრაინელ დიპლომატებს.

„რაც შეეხება უნგრეთს, მისმა ხელისუფლებამ უნდა ახსნას დეტალები და მონაწილეობა რუსეთის მიერ სამხედრო ტყვედ მყოფი უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებაში, ასევე ამ საკითხზე უნგრეთის კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან“, - განაცხადა სტანომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები და ჟენევის კონვენციების შესაბამისად უზრუნველყოს სამხედრო ტყვეებისადმი ჰუმანური მოპყრობა ნებისმიერ შემთხვევაში და არ შეუქმნას მათ სიცოცხლეს საფრთხე.

19 ივნისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან უნგრეთში გადაყვანილი უკრაინელი პატიმრების პირობები არ გვაძლევს საშუალებას, ვილაპარაკოთ მათ თავისუფალ სტატუსზე და რომ უნგრული მხარე არ ერთვება ამ საკითხში კიევთან კონსტრუქციულ დიალოგში.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მათ აცნობეს კიევს უკრაინელი სამხედრო ტყვეების უნგრეთში გადაყვანის შესახებ მაშინ, როდესაც ეს მოხდა და რომ ისინი უნგრეთში ჩასვლის შემდეგ აღარ არიან ტყვეები.

არაოფიციალურად გაჩნდა ინფორმაცია, რომ თერთმეტი უკრაინელი სამხედრო ტყვის გათავისუფლება და მათი უნგრეთში გაყვანა შეიძლება იყოს ვიცე-პრემიერის, ჟოლტ შემიენის პირადი ინიციატივა, რის შესახებაც მთავრობაში სხვამ არავინ იცოდა.

XS
SM
MD
LG