Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიიარტო: ორბანის ნათქვამი, რომ უკრაინა ომს წააგებს, ბუდაპეშტის ოფიციალური პოზიციაა


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო

რადიო თავისუფლების მოლდავურმა სამსახურმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს, რომელიც კიშინიოვს ეწვია 24 მაისს, პრესკონფერენციაზე ჰკითხა, წარმოადგენს თუ არა ბუდაპეშტის ოფიციალურ პოზიციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ დოჰაში გაკეთებული განცხადება, რომ „ღარიბი უკრაინა“ რუსეთის წინააღმდეგ ომში, სავარაუდოდ, ვერ გაიმარჯვებს. სიიარტოს ასევე ჰკითხეს, განიხილა თუ არა ეს საკითხი მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკუ პოპესკუსთან შეხვედრისას.

სიიარტომ პასუხად თქვა: „რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს ქვეყნისა და მთავრობის ოფიციალურ პოზიციას“. შემდეგ დასძინა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის ამბობდა, რომ უკრაინის ომს „არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დამარცხებულები (მსხვერპლი)“ და ამ მსხვერპლის რიცხვი ყოველდღე იზრდება მშვიდობის არარსებობის პირობებში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მისი ქვეყნისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული პრობლემაა, რადგან უკრაინის ომის მსხვერპლთა შორის ეთნიკური უნგრელებიც არიან.

23 მაისს კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ჩასულმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.

სიიარტოს შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლდოვა გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მისი თქმით, მოლდოვა ამჟამად არ არის რუსეთის სამხედრო მოქმედებების სამიზნე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აძლიერებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს, მათ შორის - ნატოს ქვეყნების დახმარებით, როგორიცაა უნგრეთი.

რამდენიმე დღის წინ უნგრეთმა დაბლოკა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემა. ტრანშის ოდენობა 500 მილიონი ევროა.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ბუდაპეშტმა მოითხოვა გარანტიები, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი მომავალში შეინარჩუნებს გლობალურ სტატუსს და არ იქნება გამოყენებული ექსკლუზიურად კიევის შეიარაღებისთვის.

უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთადერთია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას თანმიმდევრულად არ გმობს. ქვეყანა კვლავაც დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე.

XS
SM
MD
LG