"ვოლკი" სამხედრო დაზვერვიდან და "უმართავი" ნეპალელები. რუსების დაქირავებულები დაჭრილთა ბაზაში

უცხოური დაქირავებულები უკრაინაში -კოლაჟი. მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადო სტანიჩი, დავორ სავიჩიჩი, კხადკა რამჩარდა, პახარი პრაკაში

უცხოური დაქირავებულები უკრაინაში -კოლაჟი. მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადო სტანიჩი, დავორ სავიჩიჩი, კხადკა რამჩარდა, პახარი პრაკაში

ბოსნიელი სერბი დავორ სავიჩიჩი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან მალევე შექმნა დაქირავებულების ბატალიონი "ვოლკი", რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკი აღმოჩნდა.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს (მსსს) პაციენტთა ბაზის (იგი რედაქციას გაუზიარა საფრანგეთში გაქცეულმა სამხედრო მედიკოსმა ალექსეი ჟილიაევმა) შესწავლამ აჩვენა, რომ სიაში უცხოეთის ათამდე ქვეყნის მოქალაქეები, უფრო მეტად - ნეპალელები ირიცხებიან. ერთ-ერთმა მათგანმა ტიკტოკში დეტალურად დააფიქსირა ომში თავისი მონაწილეობა და ჰოსპიტალში მკურნალობა. ერთი ნეპალელი დაქირავებული თურმე აფხაზეთში მდებარე რუსეთის ბაზაზე აღმოჩნდა მიწერილი.

ჟეტონი "B-0001"

სერბი დაქირავებულები ჯერ კიდევ 2014 წლიდან მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ მცირე მასშტაბის ომში. 2021 წლის ბოლოს, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვით ადრე, ბოსნიელმა სერბმა დავორ სავიჩიჩმა ხელი მიჰყო თანამემამულეებისა და რუსების აყვანას თავის "სახელობით" ბატალიონ "ვოლკში" (ასეთი იყო თავად სავიჩიჩის ფსევდონიმი).

კონტრაქტებს "ვოლკი" აფორმებდა არარსებულ კომპანიასთან სახელწოდებით "რედუტი", რაც 2022-23 წლებში ომში მოქალაქეთა გადაბირების "გრუსეულ" (რუსეთის სამხედრო-დაზვერვის - რედ.) სტანდარტულ სქემას წარმოადგენდა. როგორც რადიო თავისუფლებას უამბო ყოფილმა სერბმა დაქირავებულმა, მათზე გასცემდნენ სამშენებლო ფირმაში დასაქმების დამადასტურებელ ფიქციურ დოკუმენტებს.

ასევე ნახეთ გრუ-ს შეიარაღებული "კერძო" დაჯგუფებების ქსელი უკრაინაში - ჟურნალისტური გამოძიება

2023 წლის იანვარში რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტებმა "სისტემებმა" და "სქემებმა" მიიღეს დაშვება "ვოლკების" ერთ-ერთი იმ ქვედანაყოფის შიდა დოკუმენტებზე, რომელიც კიევის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში იბრძოდა. ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს, რომ "რედუტის" აბრის ქვეშ მოქმედი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) გადაბირების სისტემა 20-მდე სხვადასხვა სახის შეიარაღებულ ფორმირებას მოიცავს. "სისტემებისა" და "სქემების" მიერ იდენტიფიცირებული სულ მცირე ოთხი "ვოლკი" კი გრუ-ს მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა.

სერბმა დავორ სავიჩიჩმა ხელი მიჰყო თანამემამულეებისა და რუსების აყვანას თავის "სახელობით" ბატალიონ "ვოლკში"

მაგრამ არ იყო ცნობილი ის, რომ ზემოხსენებული დავორ სავიჩიჩი თავად არის გრუ-ს პოლკოვნიკი. ასეა გატარებული მისი წოდება და სამხედრო ნაწილი, რომელსაც მიეკუთვნება, სამხედრო-სამედიცინო მთავარი სამმართველოს ბაზაში.

სავიჩიჩმა მხარში ნამსხვრევის ჭრილობა 2022 წლის 17 ივნისს მიიღო. ამ დროს რუსეთის ჯარები ცდილობდნენ შეტევას ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკზე, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაში იყვნენ ხარკოვის ოლქის იზიუმის რაინში.

უცნობია, თუ ზუსტად სად დაიჭრა სავიჩიჩი. ჭრილობის მიღებიდან ორი დღის შემდეგ, 19 ივნისს, იგი მოსკოვის ცენტრში მდებარე ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუყვანიათ, საიდანაც ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, 7 ივლისს გაეწერა. სამედიცინო დაწესებულების ბაზაში დაფიქსირებულია ასევე მისი პირადი ჟეტონის ნომერი - "В-0001".

სავიჩიჩის გარდა, ბაზაში კერძო სამხედრო კომპანია "რედუტსა" და სხვა რუსულ სამხედრო ფორმირებებში ნაბრძოლი სერბეთის სხვა მოქალაქეებიც არიან. მაგალითად 30 წლის პრედრაგ მატკოვიჩი და 33 წლის ვლადო სტანიჩი, რომელმაც 2023 წლის აგვისტოში "ოდნოკლასნიკში" გამოაქვეყნა თავისი ფოტო. მას ხელში უჭირავს კალაშნიკოვის ავტომატი, თავზე კი ახურავს კეპი რუსეთის დროშითა და რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული წარწერით - Z. 2024 წლის აპრილში მას მრავლობითი "ნამსხვრევიანი ჭრილობები მიუღია ორივე ქვედა კიდურის რბილ ქსოვილზე".

ვლადო სტანიჩი, ფოტო სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკიდან"

სერბეთის ყველა მოქალაქეს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის სამშობლოში სისხლის სამართლის დევნა ემუქრება. 2025 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მესამე წლის თავზე, სერბეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კიევისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ მომზადებულ რეზოლუციას.

დოკუმენტი გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებასა და უკრაინისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. მოგვიანებით სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა კენჭისყრას უწოდა "შეცდომა" და პასუხისმგებლობა ამისთვის საკუთარ თავზე აიღო.

"უმართავები"

2024 წლის აპრილში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა აცნობა, რომ დაქირავებულ უცხოელ მოქალაქეებს რუსეთის არმიაში სამსახურისთვის ყოველთვიურად 2200 დოლარის შესაბამის ანაზღაურებას და რუსეთის პასპორტს ჰპირდებიან. რუსი ექიმის, გადეზერტირებული ალექსეი ჟილიაევის სიტყვებით, უცხოელი მებრძოლები 2024 წლის შუამდე, თვეში 640 ათას რუსულ რუბლს, ანუ რუს სამხედროზე სამჯერ მეტს - იღებდნენ. თანხის მოცულობის შესახებ მან ერთ-ერთი დაქირავებულებისგან შეიტყო.

"პირველი უცხოელი, ვისაც შევხვდი, ჩინეთიდან იყო, სახელად ვან სიუი. სამშობლოში ის 8 წელიწადი მსახურობდა სნაიპერად. მოჟნიაკოვკის ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ ის ჩვენთან, მეორე სარეზერვო ასეულის ოცეულში გადმოისროლეს. რუსულად არ ლაპარაკობს, მხოლოდ ორი ფრაზა იცის: "რუსეთის არმია პიზ*ეც" და "ზდოროვო ზაი...ალ".

ასე რომ, მე მას ინგლისურიდან მთარგმნელად ვედექი. ჰყვებოდა, რომ ისინი, ჩინელები, ხუთნი არიან, ყველა მსახურობს 254-ე პოლკში, სადაც მათმა ოცმეთაურმა ჩინური იცის, სამხედრო სამსახურის ერთი თვის განმავლობაში ორი მისი ჩინელი ამხანაგი დაიღუპა, თავად ის, ჭრილობის შემდეგ, როგოვოს (ლუგანსკის ოლქი - რედ.) ჰოსპიტალში, დოკუმენტების გარეშე გაგზავნეს. ყველაფრის აღდგენა შემდეგ მოგვიხდა", - იხსენებს ჟილიაევი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს (მსსს) ბაზაში ჩინელი დაქირავებულებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი, 36 წლის დუან ვეი, 2023 წლის ნოემბერში მოხვდა ჰოსპიტალში. მან რადიო თავისუფლებას მიმოწერაში დაუდასტურა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეა და მონაწილეობდა ომში. დეტალებზე კი უარი თქვა. მონაცემთა ბაზის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის 19 ნოემბერს მან სხეულის მრავლობითი საბრძოლო ჭრილობა მიიღო და ჰოსპიტალში ნოემბრის ბოლომდე დარჩა.

ჩინელი დუან ვეის გვერდის სქრინშოთი სოციალურ ქსელ "ვკონტაქტეში"

მედიკოს ალექსეი ჟილიაევის თანახმად, უცხოელი დაქირავებული მებრძოლებისთვის გაცემული მაღალი ანაზღაურება ხშირად არ ამართლებს. სამხედრო ექიმი იხსენებს, რომ 283-ე სარეზერვო ბატალიონში მსახურობდა ნეპალელთა ასეული, რომელსაც "უმართავებს" უწოდებდნენ.

"ოფიცრები ჰყვებოდნენ, რომ ხშირად, როდესაც მათ მიმართავდნენ ინგლისურად, ისინი ბრძანებას არ ასრულებდნენ, უბრალოდ რაღაცას თავისთვის ამოიძახებდნენ და აქეთ-იქით დაყიალობდნენ. 2024 წლის იანვრის ბოლოს ისინი ჯავშანტრანსპორტიორებიდან 488-ე პოლკის ახლოს საყარაულოდ გადმოსხეს.

განათავსეს წერტილებზე. 488-ე პოლკის პატრული ეკითხება მათ პაროლს, ისინი კი არაფერს ამბობენ - რუსულად არცერთი სიტყვა არ იციან. ატყდა სროლა, რის შედეგადაც სამი ნეპალელი დაიჭრა. ამის შემდეგ ნეპალელთა ასეული დაშალეს და სხვადასხვა ბატალიონში გადაანაწილეს", - ჰყვება ჟილიაევი.

მსსს-ს ბაზაში არის რამდენიმე ნეპალელი, რომლებიც ხშირად აქვეყნებდნენ ვიდეოებს და ფოტოებს სოციალურ ქსელებში. მაგალითად, საჰაერო-სადესანტო ჯარის 98-ე დივიზიის 43 წლის რიგითს, პახარ პრაკაშს ტიკტოკში ომში თავისი მონაწილეობის მთელი ვიდეოქრონოლოგია აქვს განთავსებული.

პახარ პრაკაშს ტიკტოკში ომში თავისი მონაწილეობის მთელი ვიდეოქრონოლოგია აქვს განთავსებული.

პახარ პრაკაში რუსეთში კატმანდუდან ჩაფრინდა. ერთ-ერთ პირველ ვიდეოზე, 2023 წლის 8 სექტემბერს, ის რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ცეკვავს, მეორე ვიდეოზე კი უკვე ჰოსპიტალშია ინვალიდის ეტლით.

საბრძოლო მოქმედებების ზონაში გამგზავრებამდე, პრაკაშმა ახლობელს სთხოვა გადაეღო მისთვის ფოტო. პოდმოსკოვიეს პარკ "პატრიოტში" მდებარე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ცენტრ "ავანგარდის" მთავარ შესასვლელთან ის სრული აღკაზმულობით არის გამოსახული. გარკვეული დროის შემდეგ ის უკვე ფრონტზე, ტყის ბანაკშია აღბეჭდილი.

მსსს-ს ბაზის თანახმად, პრაკაში 2023 წლის იანვარში დაიჭრა. მის ტიკტოკზე დევს იმ სამხედრო შვეულმფრენში გადაღებული ვიდეო, რომლითაც ის კუპავნეში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს დიაგნოზით "ტრავმატული ამპუტაცია ტერფისა და მუხლის დონეზე".

მის ტიკტოკში გამოქვეყნებული და რადიო თავისუფლების მიერ გეოდისლოცირებული ვიდეოს თანახმად, მკურნალობის ნაწილი კატმანდუელმა დაქირავებულმა მოსკოვის ჩრდილოეთში მდებარე ომის ვეტერანთა მე-3 ჰოსპიტალში გაატარა.

პრაკაშის ხელმომწერებს შორის მრავლად არიან სხვა ნეპალელი დაქირავებულები, რომლებიც ასევე აქვეყნებენ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში გადაღებულ ფოტო- და ვიდეომასალას. თავად მას არაერთხელ აქვს დადებული ტიკტოკში თანამემამულეებსა და სხვა დაქირავებულებთან ერთად, ფრონტის ხაზზე თუ საწვრთნელ პოლიგონზე გადაღებული ფოტოები.

აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზაზე მიწერილი ნეპალელი დაქირავებული

2024 წლის თებერვალში რუსეთის არმიაში 15 ათასამდე ნეპალელის შეკრების შესახებ ცნობა ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა. ამ რეპორტაჟის მთავარი გმირი იყო 38 წლის კხადკა რამჩადრა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, ის მართლაც მსახურობდა რიგითად რუსეთის არმიაში და მიწერილი იყო აფხაზეთში დისლოცირებულ მე-7 რუსულ სამხედრო ბაზაზე.

ნეპალელი კხადკა რამჩადრა მიწერილი იყო აფხაზეთში დისლოცირებულ მე-7 რუსულ სამხედრო ბაზაზე.

რამჩადრამ 2023 წლის აგვისტოს ბოლოს დაიჭრა, რის შემდეგაც დაბრუნდა ნეპალში. კხადკა სტაჟიანი დაქირავებულია, 1990-იან წლებში ის მაოისტების რიგებში იბრძოდა ნეპალში, შემდეგ კი ერთ-ერთმა კერძო სამხედრო კომპანიამ დაიქირავა ავღანეთში მდებარე ნატოს მრავალეროვნული ძალების დასახმარებლად.

რუსეთში ის ფულადი ანაზღაურების მიღების მიზნით გაემგზავრა, მაგრამ ბახმუტთან ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ ტყვიის და ნამსხვრევების ჭრილობები მიიღო და, როგორც ზემოთ ითქვა, სამშობლოში დაბრუნდა. ისევე როგორც სხვა, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეზე მეომარი არაერთი ნეპალელი დაქირავებული.

2023 წლის დეკემბრის ბოლოს ნეპალის ხელისუფლებამ მოსკოვს მოუწოდა, უკრაინაში საბრძოლველად აღარ დაიქირაოს ნეპალის მოქალაქეები და დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ მოხალისის დემობილიზაცია, რომლებმაც უკვე გააფორმეს კონტრაქტები. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ომში დაიღუპა ექვსი ნეპალელი, რომლებიც რუსეთის მხარეზე იბრძოდნენ, იტყობინება Reuters-ი.

ასევე ნახეთ უკრაინაში დაიღუპა რუსეთის მიერ დაქირავებული ექვსი ნეპალელი მებრძოლი

რა გარემოებებში დაიღუპა ექვსი ნეპალელი, არ იტყობინებიან. ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში რუსეთს მოუწოდა, სამშობლოში დააბრუნოს მათი ცხედრები და ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს. ერთი ნეპალელი უკრაინის ჯარებს ჩაუვარდა ტყვედ.

  • 2023 წლის ბოლოს ნეპალში დააკავეს 12 ადამიანი, რომლებიც, პოლიციის თანახმად, მოხალისეებს აგროვებდნენ რუსეთის არმიაში საბრძოლველად. რუსეთის ჯარების შემადგენლობაში ნეპალელებს უკრაინის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. 10 დაკავებული კვლავაც წინასწარ პატიმრობაშია.
  • როგორც კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელი იტყობინება, ეჭვმიტანილები ქირაობდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს, აფორმებდნენ მათ სამგზავრო დოკუმენტებს და რუსეთში აგზავნიდნენ მესამე ქვეყნების გავლით - არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის გზით. ამასთან, დაქირავებულებს თავად უნდა გადაეხადათ ცხრა ათასამდე დოლარი რუსეთის ვიზისა და თვითმფრინავის ბილეთებისთვის.
  • თანამემამულეების უკრაინაში დაღუპვის შემდეგ 2024 წლის დასაწყისში ნეპალმა მოქალაქეებისთვის რუსეთსა და უკრაინაში მუშაობის ნებართვის გაცემა შეაჩერა.