ნეპალის ხელისუფლებამ მოსკოვს მოუწოდა, უკრაინაში საბრძოლველად აღარ დაიქირაოს ნეპალის მოქალაქეები და დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ მოხალისის დემობილიზაცია, რომლებმაც უკვე გააფორმეს კონტრაქტები. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ომში დაიღუპა ექვსი ნეპალელი, რომლებიც რუსეთის მხარეზე იბრძოდნენ, იტყობინება Reuters-ი.
სააგენტო შენიშნავს, რომ ნეპალელი მეომრები განთქმული არიან სიმამაცითა და საბრძოლო უნარებით, რასაც ისინი ხშირად ავლენდნენ ბრიტანეთისა და ინდოეთის არმიებში. მათ ქვეყნებთან ნეპალს შესაბამისი შეთანხმებები აქვს. რუსეთსა და ნეპალს შორის ასეთი შეთანხმება არ მოქმედებს.
რა გარემოებებში დაიღუპა ექვსი ნეპალელი, არ იტყობინებიან. ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში რუსეთს მოუწოდა, სამშობლოში დააბრუნოს მათი ცხედრები და ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს. ასევე, როგორც იტყობინებიან, ერთი ნეპალელი უკრაინის ჯარებს ჩაუვარდა ტყვედ და კატმანდუ ახლა მის გათავისუფლებას ცდილობს. ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, არცერთ მხარეს არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში.
The Kathmandu Post-ის ცნობით, რუსეთის არმიაში დაიქირავეს 200-მდე ნეპალელი მეომარი. გამოცემა ეყრდნობა ნეპალის ელჩს მოსკოვში, რომელიც თანამემამულეებს დაქირავებულ მეომრებად მოიხსენიებს. არ არის ნათელი, რუსეთის რეგულარულ არმიაში დაქირავებას ეხება საქმე თუ ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიის რიგებში. აქამდე არ გავრცელებულა ცნობები, რომ უკრაინაში ნეპალელები იბრძვიან რუსეთის მხარეზე.