„აქ კავშირი არ მუშაობს, ვერავისზე ვერ ვახერხებთ გასვლას“, - აცნობებს რუსეთის არმიაზე მიმაგრებული ეფ-ეს-ბეს ოფიცერი უკრაინის საზღვარს იქით მყოფ თავის კოლეგას.
როგორც New York Times-ი წერს, აშშ-ის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინაში უკვე მოკლული ოთხი რუსი გენერლიდან, სულ მცირე, ერთი დაიღუპა მას შემდეგ, რაც დაუცველი კავშირიდან განხორციელებული ზარის შემდეგ, მოწინააღმდეგემ მოახერხა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ადგილმდებარეობის დადგენა.
გარდა ამისა, უკრაინაში გადასროლილ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობებს შორის კავშირის დონე სახელდება იმ მთავარ პრობლემად, რის გამოც რუსეთის შეტევის სახმელეთო ფაზა ჩაიფუშა, ხოლო ავიაციის მოქმედება დროთა განმავლობაში ნაკლებად ეფექტიანი გახდა.
ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არმიის საჭიროებებზე დახარჯული დიდი თანხების მობილიზების მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოხერხა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მთელი ძალით იჩინა თავი.
იერიში „აზარტის“ გარეშე
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომმა, სხვა ყველაფერთან ერთად, რუსეთის არმიის წინაშე კავშირგაბმულობის მხრივ მდგარი კატასტროფული პრობლემა წარმოაჩინა. ზოგიერთი ქვედანაყოფი ბრძოლის ველზე მოკლებული იყო სარდლობასთან კომუნიკაციას, ხოლო საარმიო რაციების გარდა ჯარისკაცები იძულებული იყვნენ მობილური ტელეფონებითა და „საფელდეგერო ფოსტითაც“ კი ესარგებლათ. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, იყო შემთხვევები, როდესაც სადესანტო ჯარების შტაბის ოფიცერი შვეულმფრენით ჩადიოდა ქვედანაყოფის განლაგებაში, რათა პირადად გადაეცა სამხედროებისთვის სამხედრო დავალება.
ეს პრობლემა რუსეთში ოფიციალურ დონეზეც აღიარეს. 2009 წელს რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და კავშირგაბმულობის ჯარების სარდალმა, ევგენი მეიჩიკმა, განაცხადა, რომ „რუსეთის პრეზიდენტის დავალებით სრულიად გადაისინჯა მართვის სისტემის, კერძოდ, კავშირგაბმულობის სისტემის ორგანიზების საკითხებისადმი მიდგომა. 2011 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ, ყველა საბრძოლო მანქანამდე და ყველა ჯარისკაცამდე დავიყვანოთ რადიოსადგური“, - დასძინა რუსმა გენერალმა.
იმ დროისთვის ტაქტიკურ დონეზე საარმიო რადიოკავშირის ძირითად საშუალებად ითვლებოდა „აკვედუკი“, რადიოსადგურ Р-168-ის ნაირსახეობა, რომლის შექმნასაც 2000-იანი წლების დასაწყისში მიჰყო ხელი ვორონეჟში მდებარე სამეცნიერო-საწარმო ინსტიტუტმა სახელწოდებით „სოზვეზდიე“ (თანავარსკვლავედი).
და ეს სისტემაც ფართოდ დაინერგა მხოლოდ საქართველოსთან ომის დასრულების შემდეგ, ისიც, ძირითადად, რუსეთის სადესანტო ჯარებში. მაგრამ ვიდრე Р-168 კლასის რადიოსადგურები ჯარისკაცებამდე ჯერ ნელი ტემპით აღწევდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სრულიად ახალი მეექვსე თაობის ტაქტიკური რადიოსადგურების შექმნაზე მუშაობა ზელენპოგორსკის მიკროელექტრონულ საწარმო „ანგსტრემის“ ბაზაზე, რომელსაც მანამდე რადიოსადგურების შექმნის არავითარი გამოცდილება არ გააჩნდა.
ახალი ტიპის რადიოსადგურების შექმნას აქტიურად უჭერდა მხარს იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვი, რომელიც მალე თავადვე აღმოჩნდა მსხვილ კორუფციულ სკანდალში გახვეული. სახელმწიფო დონეზე ახალი თაობის რადიოსადგურების შექმნას კურირებას უწევდა ასევე დმიტრი როგოზინი, იმხანად რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კურატორი.
2012 წლის თებერვალში მინისტრი სერდიუკოვი და როგოზინი ჩავიდნენ ზელენოგრადში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ახალი რაციების პირველი ნიმუშების პრეზენტაციაში, რაციებისა, რომლებსაც უწოდეს „აზარტ П1“, სრული კოდური სახელია Р-187-П1.
ტექნიკური მახასიათებლებით რაცია „აზარტი“ მართლაც იყო მოწინავე, მას შეეძლო ემუშავა როგორც ციფრული კავშირგაბმულობის სისტემას, თავსებადი იყო ყველა არსებულ საარმიო რადიოსადგურთან, ჰქონდა კარგი კრიპტოგრაფიული დაცვა და შეეძლო საგანგებო ალგორითმით წამში 20 000-ჯერ შეეცვალა კავშირის რადიოსიხშირე.
მინისტრი სერდიუკოვი პირობას დებდა, რომ „აზარტის“ პირველი 1000 ერთეული არმიის შეიარაღებაში 2012 წლის განმავლობაში მოხვდებოდა. 2013 წელს გაჩნდა ცნობა, რომ რადიოსადგურმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო გამოცდა და მაქსიმუმ წლის ბოლოსთვის რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქი „აზარტის“ კლასის რაციების 23 000 ერთეულს მიიღებდა. მაგრამ 2014 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ კავშირის უზრუნველსაყოფად „აზარტები“ სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს გამოიყენებოდა, ამასთან, არ არსებობდა არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ჯარებში არათუ დაპირებული 23 000-ის, არამედ თუნდაც მინიმალური ოდენობის აღნიშნული რაციების მიწოდების შესახებ.
ინტერნეტის რადიოფორუმებში მსჯელობდნენ იმაზე, რომ სერდიუკოვმა და როგოზინმა საჯაროდ არა სერიული წარმოებისთვის მზა რაციები, არამედ მათი ცალკეული მაკეტები აჩვენეს. ამას გარდა, რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა ინფორმაცია 2013 წლისთვის „აზარტის“ ტიპის ახალი თაობის რაციების შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემის თაობაზე. არაპირდაპირი ცნობებით, რამდენიმე ათასი (დაახლოებით 2000) ახალი რაცია ჯარში 2014-2015 წლებში შევიდა, რაც ყირიმის ანექსიას და დონბასსა და სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციებს დაემთხვა.
„ღმერთმა არ ქნას, მტერს ჩაუვარდეს ხელში!“
ამ პერიოდიდან ვრცელდება გამოხმაურება „აზარტების“ გამოყენების შესახებ. ბევრი მათგანი განთავსებულია უდიდეს რუსულ რადიოფორუმში Radioscanner.ru., შესაბამისად, რადიო თავისუფლებას არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს მათი ნამდვილობა. „აზარტების“ თაობაზე ამ რესურსში რამდენიმე პოსტი აქვს გამოქვეყნებული მომხმარებელს „კუზია დომოვენოკს“, რომელიც ფორუმში წარმოდგენილა, როგორც დონბასელი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლი, დონეცკის ოლქის ბინადარი. იგი Р-187-П1-ის კლასის რაციებს აღწერს, როგორც ძალიან ძვირსა და რთულ რადიოსადგურს, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე ძნელად თუ გამოიყენება, ხოლო მეთაურები მათ არ ანდობდნენ ჯარისკაცებს.
აი, მისი რამდენიმე პოსტი:
„ჩვენ ჯარში უბრალოდ არ გვაქვს ციფრული სამხედრო რადიოსადგური. ჯარისკაცის ხელში წინა ხაზზე რადიოსადგური დაახლოებით ერთ წელიწადში ღაფავს სულს. „აზარტი“ უვარგისი რადიოსადგურია, უამრავი ღილაკი აქვს, ვეებერთელა დისპლეი, ფასი უზარმაზარი. ეს არის განვითარებული ოფიცრის რადიოსადგური. საჭიროა, რომ ეს იყოს გადასატანი, მომეტებული სიმძლავრის და რეტრანსლატორიანი კომპლექსი, როგორიცაა მოდელი 169 („აკვედუკის“ კლასის მე-5 თაობის რადიოსადგური Р-168), არავითარი ამის მსგავსი არ გვაქვს“.
„ჩვენ „აზარტებს“ მშრალ, საიმედო ადგილზე ვინახავდით. რადგან ახალია და ძალიან ძვირადღირებული, ღმერთმა არ ქნას, რომ მტერს ჩაუვარდეს ხელში!“
„უბრალოდ არსებობს ამ მომენტის ამოცანა, რომელსაც ასეთ ომში „აზარტით“ ვერ შეასრულებ, სხვა პირობებში შესაძლოა მან გაამართლოს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არ გამოდგება. ეს კი ადამიანების სიცოცხლეს ნიშნავს. გასაგებად ვხსნი?“
სამხედრო ექსპერტი, ვლადიმირ ორლოვი, ასე ხსნის „აზარტების“ სირიაში გამოყენების გამოცდილებას:
„სირიაში იმყოფებიან რუსეთის კავშირგაბმულობის ნაწილები და ისინი მართლაც უზრუნველყოფენ საიმედო კავშირსა და მონაცემების გადაცემას, მაგრამ მხოლოდ ავიაბაზა ხმემიმისა და ტარტუსის ბაზის ფარგლებში, იმის იქით კი ... რუსეთის სამხედრო ძალების ბაზის გარეთ ყველა იყენებს მობილურ ტელეფონებსა და ჩინურ „ბალალაიკებს“ (ასე უწოდებენ Baofeng-ის ფირმის ჩინურ რაციებს), რომლებიც სირიის ტრანკინგური კავშირის დიაპაზონში მუშაობენ“.
რაც შეეხება „აზარტების“ ღირებულებას, მეექვსე თაობის ეს რაციები სულ უფრო ხშირად იყიდება ისეთი საიტების მეშვეობით, როგორიცაა meshok.ru. ერთი ცალი რაციის ღირებულებად ერთ-ერთ განცხადებაში მითითებულია 30-დან 70 ათასამდე რუსული რუბლი. ამასთანავე, „აზარტის“ ოფიციალური გასაყიდი ფასიც არ კლებულობს. ერთ-ერთი ბოლო ტენდერის დროს, რომელიც „გოსზაკუპკის“ საიტზე შეიძლება ვნახოთ, Р-187-П1-ის 7 კომპლექტის ფასი 2019 წელს შეადგენდა 10 მილიონ რუსულ რუბლს, ანუ ცალში მილიონ რუბლზე მეტს.
„აზარტებს“ უკავშირდება სერიოზული კორუფციული სკანდალიც.
2019 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება, რომელიც შეეხებოდა რაციების რუსეთის არმიისთვის მიწოდებას. საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, კავშირგაბმულობის ძალების სარდალი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი, ხალილ არსლანოვი.
ასევე ნახეთ რუსეთში თაღლითობისთვის დააპატიმრეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეგამოძიების თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ არმიისთვის უნდა შეესყიდათ 18 მილიარდი რუბლის ღირებულების „აზარტები“, ეჭვმიტანილებმა, რადიოსადგურების ფასების ხელოვნური გაზრდის გზით, სავარაუდოდ, 6,5 მილიარდი რუბლი მიითვისეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი კომპლექტის ღირებულება 300 000 რუბლია, მაშინ 18 მილიარდი რუბლით, რუსეთის არმიას მთლიანობაში 60 ათასი Р-187-ის კლასის რადიოსადგური უნდა მიეღო. მაგრამ იმ ჩვენებების გათვალისწინებით, რომ ბევრი „აზარტი“ არ მუშაობს, არმიის მიერ გამოყენებული ამ რადიოსადგურების რაოდენობა ბევრად ნაკლებია და ის აშკარად ვერ გასწვდებოდა იმ რაოდენობის ჯარს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში მონაწილეობს.
ყოფილი მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის დროს კავშირგაბმულობის სუპერთანამედროვე სისტემით რუსეთის არმიის გადაიარაღების პროცესი ჩავარდა, და არაფერია გასაკვირი, რომ მრავალი რუსი ოფიცერი და ჯარისკაცი წინა ხაზზე ჩვეულებრივი სამოქალაქო რადიოსადგურებით, „ბაკლანოფონებით“ სარგებლობს.
უკრაინის კავშირგაბმულობის უპირატესობა
არა მხოლოდ კომუნიკაციის თანამედროვე უსაფრთხო საშუალებების ნაკლებობა, არამედ სხვადასხვა სახეობის ჯარებს შორის ცუდი კოორდინაციაც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეტევამ სწრაფად წაიფორხილა, - ამბობს სტანიმირ დობრევი, დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი, ტელეკომუნიკაციების სპეციალისტი, შეფილდის უნივერსიტეტის ბაკალავრი და მეცნიერების მაგისტრი. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დობრევმა განმარტა, თუ რატომ დარჩნენ მოწინავე რუსული რაზმები ომის პირველ დღეებში კომუნიკაციის გარეშე და როგორ შეიძლება ეს მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთის სარდლობას ნამდვილად ჰქონდა განზრახული ელვისებური ოპერაციით უკრაინის დაპყრობა.
„რუსეთის ოპერაციის დაწყებამდეც კი, ჩვენ ვნახეთ ბევრი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის უსაფრთხო გადაცემისთვის, მაგალითად, მობილური რადიოსარელეო სადგურები R-419 ან ანტენის მოდული R-431. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში აგზავნის ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა წლებში წარმოებული იარაღით, 80-იან წლებში გამოშვებული ტანკებიდან ვიდრე თანამედროვე აღჭურვილობამდე, - კომუნიკაციების აწყობის დროს აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ძველი აღჭურვილობის მინიმალურ შესაძლებლობებზე. თუ თქვენ კოლონაში ძველთან ერთად ახალი ტექნიკაც გყავთ, მაშინ ყველა მანქანასთან კომუნიკაციისთვის, უნდა "ჩამოხვიდეთ" ყველაზე დაბალ დონეზე და გამოიყენოთ ძველი რადიოსადგურები წინასწარ დაინსტალირებული დაუცველი არხებით. ომის დაწყებამდე ველოდი ასეთ რამეს, მაგრამ არა ამ ზომით. ამ რადიოსადგურებს აქვთ მცირე დიაპაზონი, დაახლოებით 4 კილომეტრი და რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები ძალიან მალე საზღვრიდან ბევრად უფრო ღრმად აღმოჩნდნენ შეჭრილი. ამავე დროს, ჩვენ ვერ დავინახეთ ჯართან ერთად მოძრავი შესაბამისი ტექნიკა, რომელსაც შეუძლია კომუნიკაციის უზრუნველყოფა სამეთაურო პუნქტთან. როგორც წესი, ეს არის რამდენიმე რეტრანსლატორიანი მანქანა, ხოლო გზაზე უნდა დამონტაჟდეს საკომუნიკაციო კოშკები, მაგრამ ასეთი მოწყობილობა მხოლოდ უკრაინის საზღვარზე დავინახეთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოპერაციის პირველ ეტაპზე რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე ძალიან სწრაფად გადაადგილებოდა და შესაძლოა, მეკავშირეები უბრალოდ ვერ ასწრებდნენ ასეთი ტემპის ფეხის აწყობას“, - ამბობს დობრევი და დასძენს, რომ ამ და სხვა პრობლემას დაემატა კიდევ ერთი: რუსეთის არმიაში მართვის ავტომატიზებული სისტემის („ასუ“) არარსებობა.
უფრო უარესად არის საქმე ავიაციასა და ქვეით ჯარს შორის კავშირის მხრივ. თუ უკრაინის წინააღმდეგ ომის პირველ დღეებში რუსეთის ავიაცია საკმაოდ წარმატებულად მოქმედებდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის წინასწარ იყო ცნობილი მოწინააღმდეგის პოზიციები.
„მაგრამ თუ რომელიმე რუსულ ქვედანაყოფს დასჭირდება საავიაციო მხარდაჭერა და ხმელეთზე კონკრეტული სამიზნის, მაგალითად, საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურება, რომელმაც მოახერხა ადგილის შეცვლა, რუსმა მფრინავმა ეს მიზანი შესაძლოა უბრალოდ ვერ დაინახოს ხმელეთთან ნორმალური ოპერატიული კავშირის არარსებობის გამო. ლაპარაკია პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს დაცული მონაცემების უწყვეტ გაცვლას. რუსეთის ავიაციას ასეთი პლატფორმა არ გააჩნია, ხოლო უკრაინის არმიამ, როგორც ჩანს, კარგად ისწავლა პოტენციური სამიზნეების ერთი ადგილიდან მეორეზე სწრაფად გადატანა. ამ პრობლემას ამერიკული არმიაც წააწყდა სპარსეთის ყურის ომის დროს“, - ამბობს დობრევი.
ყველაფერი წესრიგში არ აქვს არც რუსეთის სპეცსამსახურებს, რომლის თანამშრომლები რუსეთის არმიის კვალდაკვალ მთელ უკრაინას არიან მოდებულნი. 8 მარტს საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის ხელმძღვანელმა, ხრისტო გროზევმა თავის ტვიტერში დაწერა, თუ როგორ მოახერხა უკრაინის უშიშროების სამსახურმა გადაეტაცა საუბარი რუსეთის ეფ-ეს-ბეს ორ ოფიცერს შორის. ერთ-ერთი მათგანი მიმაგრებული აღმოჩნდა 41-ე საერთო-საჯარისო არმიაზე.
ამ საუბარში ისინი განიხილავენ რუსი გენერლის, ვიტალი გერასიმოვის დაღუპვას.
„დიმა, „ერათი“ ვერ შევძლებთ კავშირზე გასვლას?“
„აქ კავშირი არ მუშაობს, ვერავისზე ვერ შევძლებთ გასვლას“, - პასუხობს „დიმა“.
„ერა“ - ესაა სამხედროებისათვის განკუთვნილი დაცული სმარტფონი, რომელიც დიდი ამბით წარმოადგინეს რუსეთში 2021 წლის ბოლოს. მაგრამ პრობლემა ისაა, როგორც გროზევი წერს, რომ „ერას“ მუშაობისთვის საჭიროა 3G ან 4G-ის ფიჭური ქსელი, ხოლო რუსი სამხედროების დაბომბვის გამო ფიჭური ქსელის ბევრი გადამცემი კოშკი უკრაინის ტერიტორიაზე მწყობრიდან გამოვიდა.
რუსეთის არმიამ ეს გააკეთა განზრახ, რათა, როგორც სტანიმირ დობრევი ამბობს, დაეტოვებინა უკრაინა ფიჭური კავშირგაბმულობის გარეშე, რომელიც მობილურის მქონე ნებისმიერ უკრაინელს აძლევდა საშუალებას გამხდარიყო თავისი არმიის ინფორმატორი და მიეწოდებინა ინფორმაცია რუსეთის არმიის გადაადგილების თაობაზე.
„გარდა ამისა, ჩემ მიერ ზემოთ ნათქვამს თუ დავუბრუნდებით, როდესაც არ არსებობდა სპეციალურად დაცული სამხედრო კავშირგაბმულობა, ბევრი რუსი ჯარისკაცი ვერ უძლებდა ცთუნებას, შოულობდა უკრაინულ სიმ-ბარათებს და რეკავდა რუსეთში, რაც საშუალებას აძლევდა უკრაინის დაზვერვას, რომ არა მხოლოდ იოლად მოესმინა მათი საუბრისთვის, არამედ დაედგინა მათი ადგილსამყოფელიც“, - ამბობს სტანიმირ დობრევი. „მაგრამ უკრაინის არმიას კიდევ აქვს ერთი უპირატესობა - ეს არის საკაბელო სატელეფონო კავშირი, რომელზე მიერთება ან რომლის მწყობრიდან გამოყვანა საარტილერიო იერიშებითა თუ დაბომბვით რუსებს ძნელად თუ ხელეწიფებათ“.