სპეციალისტების განმარტებით სტიქიური მოვლენების საფრთხე რაჭის რეგიონში მუდმივად არსებობს და მართალია, სტიქიის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ უსაფრთხოების შესაბამისი სისტემების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრაგედიის პრევენცია - პროცესების დროულად აღმოჩენა და ხალხის დროულად ევაკუაცია.
გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული“.
მდინარეების ბუბისა და ჭანჭახის ხეობაში დაძრულმა ღვარცოფმა სტიქიის ზონაში 5 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მყარი მასა ჩაიტანა.
რის მოსწრება შეიძლებოდა?
ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ლაშა სუხიშვილი ვარაუდობს, რომ 3 აგვისტოს შოვში ღვარცოფის ნაკადის სიჩქარე დაახლოებით 10 კმ/სთ იყო, რაც ადამიანის სირბილის სიჩქარეს უტოლდება და, შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემები სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს მისცემდა.
„ეს ხეობა სულ 5-7-კილომეტრიანია. იქ რომ სენსორს დაეფიქსირებინა ცვლილება და ყოფილიყო სასიგნალო [განგაშის] სისტემა, სულ მცირე, რამდენიმე წუთი იქნებოდა იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გასულიყო. ვგულისხმობ ეტაპს [სტიქიის] უკვე ჩამოყალიბების შემდეგ. ამის საშუალებას იძლევა სისტემების კომპლექსი, რომელიც არ არის ფუფუნება. ეს არის აუცილებლობა ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც სტიქიური მოვლენების რისკი მაღალია“, - ეუბნება ილია სუხიშვილი რადიო თავისუფლებას.
სუხიშვილი ჩამოგვითვლის უსაფრთხოების სისტემის სამ ძირითად საფეხურს, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:
1. ადრეული შეტყობინების სისტემა [სხვადასხვა პარამეტრით პროგნოზირება იმისა, რომ კატასტროფის ალბათობა მაღალია];
2. სასიგნალო (განგაშის) სისტემა - უკვე განვითარებულ პროცესზე ინფორმაციის რეალურ დროში მიღება;
3. ხალხის ინფორმირება - როგორ უნდა მოიქცეს ვითარებაში, რომელიც სწრაფ მოქმედებებს საჭიროებს [საით გაიქცეს, სად უნდა მოვიდეს და ა.შ.]
„ევროკავშირის პრაქტიკას რომ შევხედოთ, მუდმივად ხდება საფრთხეების გადათვლა, მოდელირებები - წყლის რა ნაკადებია მოსალოდნელი და სხვა. ცალკე ხდება გადათვლა კლიმატის ცვლილებების პროგნოზის მიხედვით. თანაც ამ მონაცემების განახლება ყოველ 5-7 წელიწადში ხდება - ამოწმებენ, რამე ხომ არ შეიცვალა“, - გვეუბნება სუხიშვილი და დასძენს, რომ განვითარებულ ქვეყნებში დიდი სიფრთხილის გამო არცთუ იშვიათია „ცრუ განგაში“, მაგრამ ასევე არის შემთხვევები - რომ სტიქია მოულოდნელად ვითარდება და სწორედ „ამ დროს არის საჭირო უსაფრთხოების სისტემის დანარჩენი კომპონენტები“.
ლაშა სუხიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენები „ძალიან დიდი მასშტაბისაა“ და ვითარებას ხეობის სივიწროვეც ართულებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლიდან ინტენსიურად ვითარდება სტიქიურ პროცესებზე დაკვირვების სისტემები და „უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში განთავსდა 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები“, „ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები“.
„ბიზნესპრესნიუსს“ სამინისტროში უთხრეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მონიტორინგის სისტემები ქვეყანას მხოლოდ 18 უბანზე აქვს, ხოლო აქედან „11 მოეწყო 2022-2023 წლებში".
სახელმწიფო სტრუქტურები არ განმარტავენ - რატომ არ იყო მონიტორინგის სისტემა უშუალოდ შოვის ტერიტორიაზე, რისკის ზონაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს (2021 წლის) ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში მითითებულია, რომ „ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს“. ამ დოკუმენტზე ყურადღება „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ გაამახვილა და იქვე დაწერა, რომ 2022 წლის მონაცემებს სააგენტო არ იძლევა.
რამდენად სწრაფად და როგორ განვითარდა ღვარცოფი?
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, „სახიფათო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრა“ მოხდა:
- გასულ თვეებში ჰაერის მაღალმა ტემპერატურულმა ფონმა და თანმხლებმა ნალექებმა ხელი შეუწყო მყინვარების ინტენსიურ დნობას, მყინვარ ბუბის ენასთან მყინვარული მასის ან/და კლდე ზვავის ჩამოშლას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მყარი ნატანის დინამიკაში მოყვანას.
- ამავე დროს, "გაირეცხა ნაპირები" - ჩაისახა და გააქტიურდა ე.წ სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესები, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.
სამინისტრო აღწერს პროცესებს, რომლებიც დროის არცთუ ხანმოკლე მონაკვეთში ვითარდებოდა; თუმცა თავის განცხადებაში ასევე მიუთითებს, რომ - გამოვლინდა „კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესები“, რისი „წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული“.
იაპონური სატელიტური მისიის (JAXA) ინფორმაციაზე დაყრდნობით, ლაშა სუხიშვილი გვეუბნება, რომ კატასტროფამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში შოვში 10-15 მმ ატმოსფერული ნალექი (წვიმა) იყო, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. ხოლო "ბოლო ერთი თვის განმავლობაში - ნალექი საშუალო მაჩვენებელს 10 მმ-ით აღემატებოდა".
ამასთან, მისი თქმით, მყინვარის დნობა მოკლე დროში ასეთი დიდი მასშტაბის კატასტროფას ვერ გამოიწვევდა.
გარემოს ექსპერტები მიუთითებენ, რომ ცუდ მოსალოდნელობაზე ბუნება წინა დღეებში თავად მიანიშნებდა. თუმცა ეს ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა.
შოვის ტრაგედიის წინა დღით სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელიც უბედურების ზონასთან ახლოს მდებარე სოფელ ჯინჭვისში, მდინარე გამრულის კალაპოტში ღვარცოფის მოვარდნას ასახავს. ხოლო „მთის ამბებთან“ საუბრისას, შოვში ადგილობრივი მოსახლეები ვარაუდობენ, რომ მდინარე ბუბის წყალი ტრაგედიამდე ორი დღით ადრე დაგუბდა და შემდეგ ერთიანად გადმოხეთქა სოფლისკენ. ამას წინა ღამით ძლიერი წვიმაც დაერთო.
შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება?
ეს შეკითხვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს. ოცნების მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ფონზე ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის და რომ დაძაბულობას „რადიკალური ოპოზიცია“ და კრიტიკული მედია ამწვავებს.
სოციალურ ქსელებში ჩანს, რომ, მომხდარი ტრაგედიის სიმძიმის გათვალისწინებით, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს აინტერესებს, შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის პრევენცია, მით უმეტეს, რომ, სპეციალისტების თქმით, მსგავსი სტიქიური მოვლენები საქართველოს მასშტაბით არც სამომავლოდ გამოირიცხება.
ასევე ნახეთ 112-ში პირველი შეტყობინებიდან 11 დაღუპულამდე - რაჭის სტიქიის პირველი 24 საათიგეოლოგები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების სისტემის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი სამაშველო ვერტმფრენების არქონის თემა არ გამწვავდებოდა.
3 აგვისტოს სამაშველო სამუშაოები 3 საათის დაგვიანებით დაიწყო და მზის ჩასვლის შემდეგ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ფრენა ვეღარ შეძლეს - ღამის ხედვის სისტემების არქონის გამო.
სახელმწიფო განმარტავს, რომ სამი ფრანგული ვერტმფრენი ყიდვის პროცესშია.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ვერტმფრენების შეძენაზე: სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დასრულდესწინასწარი ინფორმაციით, ღვარცოფმა შოვში დააზარალა 2 კმ-მდე ტერიტორია. კონკრეტული ვიზუალური მასალა ან რუკები ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.
ხეობაში ჯერ კიდევ ეძებენ 20-ზე მეტ ადამიანს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 აგვისტოს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეზობელი ქვეყნების დახმარების საჭიროებას ვერ ხედავს.
- 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარების შესახებ. სამაშველო სამუშაოები მომხდარიდან სამ საათში დაიწყო;
- შსს-ს ცნობით, მეორე დღეა, უწყვეტი რეჟიმით გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში 4 აგვისტოს ჩავიდა. მან გამოაცხადა გადაწყვეტილება სამაშველო სამუშაოებში ჯარის ჩართვის შესახებ;
- შექმნილია და ონში მუშაობს კრიზისის მართვის შტაბი;
- სამძებრო სამუშაოებში საკუთარი ინიციატივით ჩაერთნენ მოხალისეები, მათ შორის - "M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ" და "ქართველ კასკადიორთა ჯგუფი".
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი