ფაილები, რომლებიც, დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არის გამოჟონილი, გარდა იმისა, რომ შესაძლო დანაშაულებსა თუ უკანონო მოსმენებზე მიუთითებს, აღწერს მომსმენების ქცევას - რა შემთხვევაში, როგორ და რატომ იწყებენ მოსმენას.
ფაილები ათეულობით ადამიანის პირად საუბრებს აღწერს. შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება იმის დადგენა, ვის უსმენდნენ მუდმივად. დოკუმენტების მიხედვით, რომელიც 12 სექტემბერს გაავრცელა უცნობმა წყარომ, დგინდება ისიც, თუ როგორ მარტივად ხდება "მოსმენაზე ჩართვა" და რომ ამისთვის სასამართლოს ნებართვა საჭირო სულაც არ არის.
თუ გავრცელებული ფაილები ავთენტიკურია, მაგალითად, 2020 წლის 14 მარტით დათარიღებული ჩანაწერის მიხედვით, პარლამენტის მოქმედ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას უსმენდნენ. ანგარიშში მოხვდა მასსა და სასულიერო პირს - დეკანოზ მამა დავით შარაშენიძეს შორის საუბარი, რომელშიც თინა ბოკუჩავა ეკითხება სასულიერო პირს, შეიძლება თუ არა, რომ იმ საკითხზე, რომელზეც მისგან რჩევის მიღება უნდა, დეკანოზის სახლში ისაუბრონ. მას შემდეგ, რაც მომსმენები იგებენ, რომ ბოკუჩავამ და სასულიერო პირმა, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, დეკანოზი მოსასმენი პირების ჩამონათვალში ხვდება.
სუს-ის თანამშრომლებს შორის ეს მიმოწერა ადასტურებს, რომ სასურველი ადამიანი მოსასმენთა სიაში ძალიან სწრაფად - სასამართლოს გვერდის ავლით ხვდება.
ფაილებიდან ამოკრებილი სხვა ფრაგმენტებიდან დგინდება, რომ უსმენდნენ ოპოზიციური პარტიის სხვა ლიდერებსაც. მაგალითად, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” წევრს - კობა ნაყოფიას.
უსმენდნენ იმ დროს „პატრიოტთა ალიანსიდან” პარლამენტის წევრსა და ვიცე-სპიკერს, ირმა ინაშვილს. როგორც ამ ფაილებიდან გაირკვა, თავად ინაშვილს ამის მოლოდინი ჰქონდა და ეს იცოდნენ მოსმენებზე პასუხისმგებელმა პირებმაც. ამის გამო ინაშვილმა სუს-ის თანაშრომლების „შექებაც” კი დაიმსახურა.
სუს-ში მოსმენების შესახებ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, თუ რა ინფორმაციას იგებენ მათგან, ვინც „მოსმენებზე ჰყავთ ჩართული”. იყო შემთხვევები, როცა მოსმენის შემდეგ გადაწყდა, რომ სასულიერო პირები „კონტროლზე უნდა აეყვანათ”. ასე მოხდა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მაღალი სასულიერო თანამდებობის პირების - მალხაზ სონღულაშვილისა და რუსუდან გოცირიძის შემთხვევაში.
საოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია” სამოქალაქო აქტივისტის, თეა ბუზარიაშვილის გადაზიარებული Facebook-პოსტის გამო სასულიერო პირის მოსმენა გადაწყვიტეს.
2021 წლის 29 იანვარს, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის განახლებამდე რამდენიმე საათით ადრე, „მოსმენებზე” პასუხისმგებელმა პირებმა გადაამოწმეს სია, ვინც მათთვის საინტერესო იყო და ამის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
ამავე მიმოწერიდან გაირკვა, რომ ნამახვანჰესის საქმეზე მათთვის საინტერესო პირის „მოსმენებზე ჩართვა” თავდაპირველად ვერ მოხერხდა. სუს-ის თანამშრომლები ეჭვობდნენ, რომ მიყურადებაზე ჩართვისას შესაძლოა ვინმემ ნომერი შეცდომით მიუთითა.
არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გაჟონილი ფაილების მიხედვით, რიგით მოქალაქეებს მხოლოდ იმის გამო უსმენდნენ, რომ მათ ახლო კონტაქტი ჰქონდათ მათთვის საინტერესო ადამიანთან. ასე მოხდა მამა ნექტარიუს მჭედლიძის შემთხვევაში - სუს-მა მარტივად ვერ დაადგინა მისი ნომერი და ამის გამო უსმენდნენ მისი ოჯახის წევრებს.
ფარული თვალთვალისა და მოსმენის შესახებ ინფორმაციას ფაილებში მოხვედრილი პირები და მაღალი თანამდებობის მქონე სასულიერო პირებიც ფლობდნენ. ამის დასტურია თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილსა და მის მეგობარს შორის სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომელიც ასევე მოხვდა სუს-ის ფაილებში.
ე.წ. სუს-ის ფაილები თითქმის ორი კვირის წინ გასაჯაროვდა. ამ დოკუმენტებმა კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირის ელჩების საუბრის მოსმენის გამო საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი "სუს-ის ფაილებზე": საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარესმედია ამ დრომდე ეძებს დოკუმენტებში საზოგადოებისთვის მაღალი საჯარო ინტერესის შემცველ ინფორმაციას - ზუსტად იმის თქმა, რამდენ ადამიანს უსმენდნენ, უცნობია, რადგან ჟურნალისტებს მხოლოდ სასულიერო პირების შესახებ შექმნილი დოკუმენტი ჩაუვარდათ ხელში.