რეფერენდუმში მოლდოველებს ჰკითხეს, სურთ თუ არა კონსტიტუციაში ჩაიწეროს მუხლი ევროკავშირის წევრობის შესახებ.
სოციოლოგიური გამოკითხვები რეფერენდუმამდე პროევროპელების უფრო დამაჯერებელი სხვაობით გამარჯვებას ვარაუდობდნენ.
რეფერენდუმი გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. მოქმედ პრეზიდენტს, ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერ მაია სანდუს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს, თანამდებობის შესანარჩუნებლად მეორე ტურში მოუწევს მონაწილეობა.
პირველი ტურის მონაცემებით, მაია სანდუ ხმების თითქმის 42%-ით ლიდერობს. მისი უახლოესი მდევარი, პრორუსი კანდიდატი და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოიანოღლუ, სანდუს 16%-ით ჩამორჩება.
ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 3 ნოემბერს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ასევე ნახეთ არევის მცდელობები რუსეთიდან, სანქციები პრორუსებისთვის ევროკავშირიდან - მოლდოვა არჩევნების მოლოდინშირეფერენდუმზე აქტივობამ 49.81% შეადგინა. ეს საკმარისი აღმოჩნდა მოლდოვის კანონმდებლობით დაწესებული მინიმალური ცენზის გადასალახად, რაც საერთო დარეგისტრირებული ამომრჩევლების მესამედია.
თუმცა ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებზე (51.68%). ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის, მეორე ადგილზე გასული კანდიდატის „სოციალისტების პარტიამ“, რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა. მესამე ადგილზე გასული კანდიდატის პარტიამ კი რეფერენდუმში დასმულ კითხვაზე პოზიცია არ დააფიქსირა.
პრეზიდენტი დიასპორამ იხსნა
მოლდოვაში საარჩევნო უბნები კვირას, საღამოს ცხრა საათზე დაიხურა. თავიდან, როცა პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, „არა“ (მხარე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციაში ევროკავშირის წევრობაზე ჩანაწერის გაჩენას) დიდი უპირატესობით იგებდა.
თუმცა თანდათანობით სხვაობა შემცირდა, რაც ორშაბათის დილამდე გაგრძელდა - სწორედ ამ დროს გამოქვეყნდა მოლდოვური დიასპორის შედეგები.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, უშუალოდ მოლდოვაში კვლავ „არა“ იგებს, თუმცა საბოლოო შედეგი დიასპორის მკაფიო პროევროპულმა პოზიციამ განაპირობა - სხვაობის შემცირების შემდეგ, 21 ოქტომბრის დილით, ანტიევროპულ ხმებს პროევროპულმა გადააჭარბა.
უცნობია უცხოეთში დარეგისტრირებული მოლდოველი ამომრჩევლების ზუსტი რაოდენობა, თუმცა, სხვადასხვა მონაცემით, ქვეყნის გარეთ მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. მათი უმეტესობა მეზობელ რუმინეთში - ქვეყანაში, რომელთანაც მოლდოვას მჭიდრო კავშირები აქვს. რუმინული წარმოშობის მოლდოველებს - ასეთია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა - რუმინული პასპორტის მიღებაც შეუძლიათ, რაც მათ ევროკავშირის მოქალაქეებად აქცევს.
20 ოქტომბრის რეფერენდუმში მონაწილეობა ქვეყნის გარედან 240 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო. მათგან 77%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირის წევრობის შესახებ კონსტიტუციაში ახალი მუხლის ჩაწერას. ეს 175 ათასზე მეტ ამომრჩეველს ნიშნავს, მაშინ, როცა „კის“ და „არას“ შორის სხვაობა სულ რაღაც 12 ათასი ხმაა.
საპროტესტო ხმა
პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნა იმ ფონზე გადაწყვიტა, როცა სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი, ქვეყანას დახმარების 1,8-მილიარდევროიან პაკეტს დაჰპირდა, რუსეთისგან ენერგეტიკული დივერსიფიკაციის ფონზე კი ინფლაცია შემცირებული იყო.
სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მოლდოველების უმეტესობა ევროკავშირის წევრობის მომხრეა - რეფერენდუმამდე ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 63% უჭერდა მხარს ევროკავშირის წევრობას.
ასევე ნახეთ სანდუ: რეფერენდუმის შედეგი მოწმობს, რომ მოლდოველებს კვლავაც ევროპისკენ სვლა სურთმოლდოველი პოლიტიკის ანალიტიკოსი დიონის ჩენუზა წერს, რომ რეფერენდუმით მოლდოველების ნაწილმა პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი და ეს შედეგები ნაკლებად ასახავს მოლდოვურ საზოგადოებაში ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერის კლებას.
ჩენუზა განმარტავს, რომ რეფერენდუმი ეხებოდა არა ევროკავშირის წევრობას, არამედ მის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაჩენას.
„ევროკავშირში ინტეგრაცია უმრავლესობის გეოპოლიტიკური არჩევანია, მაშინ, როცა რეფერენდუმის შოკი უფრო მეტად პროტესტი იყო სანდუს წინააღმდეგ, რასაც თან ახლდა რუსული საინფორმაციო მანიპულაცია და უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევა“, - წერს ჩენუზა X-ზე.
რუსული კვალი
„მოლდოვა ჩვენს ქვეყანასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმის წინაშეა, დღესაც და გასულ თვეებშიც“, - დაწერა არჩევნების და რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
სანდუს თანახმად, მოლდოვის მთავრობას აქვს მტკიცებულება, რომ „დანაშაულებრივ ჯგუფებს მიზნად ჰქონდათ 300 ათასი ხმის ყიდვა“.
ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო მასობრივი სქემის შესახებ მოლდოველი მაღალჩინოსნები ოქტომბრის დასაწყისიდან საუბრობდნენ.
სამართალდამცველებმა 3 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ მხოლოდ სექტემბერში 130 ათასი მოლდოველის ანგარიშზე ჯამში 15 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა. მათი თქმით, სქემის უკან ილან შორი დგას - პრორუსი ოლიგარქი და პოლიტიკოსი, რომელიც რამდენიმე წელია, მოლდოვიდან გაქცეულია.
ასევე ნახეთ საქართველოს პრემიერის შეფასებით, მოლდოვამ ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტიშორი ჩართული იყო 2014 წლის მოლდოვის საბანკო სკანდალში, როდესაც თაღლითებმა მოლდოვის სამი უმსხვილესი ბანკიდან ჯამში მილიარდი დოლარი მოიპარეს.
BBC-მ გამოაქვეყნა კადრები, სადაც რუსულენოვანი ამომრჩეველი ჰყვება, როგორ დაჰპირდა უცხო კაცი რეფერენდუმში ხმის სანაცვლოდ 1000 რუბლს (28 ლარი), შემდეგ კი აღარ გამოჩნდა.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ პროევროპული მხარის მცირე სხვაობით გამარჯვების მიუხედავად, რეფერენდუმის შედეგები გაურკვევლობას გამოიწვევს.
„რეფერენდუმზე [კონსტიტუციური ჩანაწერის სასარგებლოდ] 60%-ის მხარდაჭერა იყო საჭირო არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, არამედ პრორუსული ძალების “მისაშამათებლად”. არასათანადოდ მაღალი შედეგი, 50%, რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის არსენალს გააძლიერებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლაურენტიუ პლესკამ, მოლდოველმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა.