ალკოჰოლის ბაზრის „ჩეჩენიზაცია“ - შეელევა რუსეთი არაყს?

რუსეთის სასაზღვრო ჯარების ყოფილი ჯარისკაცი აღნიშნავს მესაზღვრის დღეს გორკის პარკის (მოსკოვი) შადრევანში.

რუსეთში სიკვდილიანობის ზრდისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების ფონზე, იზრდება როგორც ალკოჰოლის მოხმარება, ასევე ალკოჰოლის წარმოება-გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები.მოსკოვს არჩევანის გაკეთება უწევს ნახევრად „მშრალ კანონსა“ და ლიბერალურ მიდგომას შორის.  

რუსეთში ახალი ანტიალკოჰოლური კამპანიის სუნი ტრიალებს.

რეგიონული ჩინოვნიკები და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები მკაცრ განცხადებებს აკეთებენ. მათი მოთხოვნის თანახმად, დღის განმავლობაში ალკოჰოლის გაყიდვის დრო რამდენიმე საათით უნდა შემოიფარგლოს. ასეთი „ნახევრად მშრალი კანონი“ უკვე შემოიღეს ჩეჩნეთსა და იაკუტიაში.

რუსეთში ალკოჰოლის მწარმოებლებს მოსვენებას უკარგავს პრივატიზაციის შედეგების გადახედვაც, რომლის მასშტაბი უკვე მეორე წელია სულ უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება. 2024 წელს, მაგალითად, ნაციონალიზებული იქნა მსხვილი ალკოჰოლური კომპანია „ყუბანის ღვინო“, რაც ბევრი ადგილობრივი ექსპერტის თქმით, პირველი ნაბიჯია, რომელიც გადაიდგა ალკოჰოლზე სახელმწიფოს მონოპოლიის გამოცხადების გზაზე.

2024 წლის განმავლობაში რუსეთის არაერთმა რეგიონმა შემოიღო ესა თუ ის შეზღუდვა ალკოჰოლის გაყიდვაზე. საუბარია რუსეთის ფედერაციის მინიმუმ ათ სუბიექტზე (ლენინგრადის, სვერდლოვსკის, იაროსლავლის, ირკუტსკის კურგანის ოლქები, ჩუვაშია, უდმურტია და სხვა), თუმცა ჯერჯერობით ეს აკრძალვები არაა რადიკალური.

ასევე ნახეთ „შემდეგ ჯერზე საცვლები ჩამოიფხატეთო, მოსთხოვენ და გააკეთებენ“ - რატომ დაამზადეს რუსმა მასწავლებლებმა ფოლგის ქუდები

რუსი დემოგრაფები აღიარებენ, რომ აუცილებელია რუსეთში ალკოჰოლის ბაზრის შეზღუდვა, თუმცა არა იმ მეთოდებით, როგორებსაც მოითხოვენ აკრძალვის ინიციატორები. ჯერჯერობით აშკარაა, რომ რუსეთში ალკოჰოლს მხოლოდ სიტყვით ებრძვიან. ალკოჰოლის გაყიდვები განუხრელად იზრდება ბიუჯეტის შემოსავლებთან ერთად. შესაბამისად, რუსეთის მთავრობაც არ აპირებს უარი თქვას ამ ფულზე, რომლის საჭიროებას ერთიორად ზრდის უკრაინასთან გაჭიანურებული ომი და შედეგად ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები. გარდა ამისა, რუსეთში ალკოჰოლის ლობი ძალიან გავლენიანია, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე, ამიტომ, სპეციალისტების ვარაუდით, უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ მწარმოებლები შეძლებენ არსებული აკრძალვების მოხსნას, ვიდრე ოპონენტები შემოიღებენ ახლებს.

არყის ფედერალიზმი

შესაძლოა, ფედერალიზმის ერთადერთი ტიპი, რომელიც დღევანდელ რუსეთში არსებობს, ესაა რეგიონების უფლება, დამოუკიდებლად დაარეგულირონ ალკოჰოლის გაყიდვის დრო. ნებისმიერ გუბერნატორს შეუძლია შემოიღოს საკუთარი „ბედნიერი საათები“: ერთ გუბერნატორს შეუძლია ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა 21:00 საათის შემდეგ, სხვას კი შეუძლია დიდსულოვნად გაზარდოს ეს დრო 23:00 საათამდე.

„მათ არ სჭირდებათ კოორდინაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - ეს საკითხი სრულად რეგიონების ხელშია. მათი გადასაწყვეტია, რა უფრო მნიშვნელოვანია - აქციზის გადასახადები თუ პრეტენზიები, რომ ხალხი სასმელში იხრჩობა“, - ამბობენ ალკოჰოლის ბაზრის ექსპერტები.

ადგილობრივი ჩინოვნიკები და დეპუტატები ჯერჯერობით ძირითადად ზღუდავენ ე.წ. ნალივაიკების - ე.წ. ჩამოსასხმელი წერტილებისა და იაფი ალკოჰოლით (ლუდი, არაყი) მოვაჭრე საცალო მაღაზიების მუშობას. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური მასშტაბით რუსეთში აკრძალულია ალკოჰოლით უწყვეტად, დღე-ღამის განმავლობაში ვაჭრობა, ეს დაწესებულებები ჯიუტად არ წყვეტენ ვაჭრობას ღამითაც. ამ დროს ისინი „გარდაიქმნებიან“ კაფეებად და წარმატებით აგრძელებენ ძლიერი სასმელების გაყიდვას.

არაყი "პუტინკა" მოსკოვის ერთ-ერთ მაღაზიაში

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ასეთი „წერტილების“ დახურვით, ადგილობრივი ხელისუფლება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ალკოჰოლის მოხმარებაზე, რადგან, როგორც არაერთხელ ყოფილა, ამჯერადაც ყველა მსურველი თადარიგს დაიჭერს და შეიძენს ალკოჰოლს დღის განმავლობაში, აკრძალვა კი შემოსავლების გარეშე დატოვებს არა მხოლოდ „ნალივაიკებს“, არამედ ბარებისა და სხვა სახის დაწესებულებების ათასობით თანამშრომელს. ასეთი რამ უკვე მოხდა ლენინგრადისა და არხანგელსკის ოლქებში, სადაც მცირე ფართობის გამო, „აკრძალვაში მოყვნენ“ სრულიად ჩვეულებრივი ტრადიციული ბარები.

რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღო რუსეთის მხოლოდ ორმა რეგიონმა: ჩეჩნეთმა და იაკუტიამ. რამზან კადიროვის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გაყიდვების დაშვება მხოლოდ 8:00-დან 10:00 სთ-მდე. იაკუტიაში კი ალკოჰოლის გაყიდვა დაშვებულია მხოლოდ ექვსი საათის განმავლობაში - 14:00 საათიდან 20:00 საათამდე.

რიგში დგას ვოლოგდის ოლქი, რომლის ექსტრავაგანტური გუბერნატორი გიორგი ფილიმონოვი აპირებს მისდიოს ჩეჩნურ გამოცდილებას: სამუშაო დღეებში ალკოჰოლი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ორი საათის განმავლობაში (12:00-14:00 სთ), მაგრამ შაბათ-კვირასა და საზეიმო დღეებში „ბედნიერების საათები“ გაიზრდება 8:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სულთან ხამზაევმა განაცხადა, რომ საჭიროა ალკოჰოლის ბაზრის „ჩეჩენიზაცია“ მთელი რუსეთის მასშტაბით და არა მხოლოდ სამუშაო დღეებში, არამედ უქმეებზეც.

ასევე ნახეთ კარგი, ცუდი და საშიში - რა შეცვალა უკრაინის ომის 1000-მა დღემ მსოფლიოში? ინტერვიუ აშშ-ის ვიცე-პოლკოვნიკ მატიშეკთან

დემოგრაფია და არაყი

დემოგრაფების თქმით, იმისთვის, რომ ადამიანებმა დიდხანს იცოცხლონ, საჭიროა ალკოჰოლის რეალიზაციაზე გარკვეული შეზღუდვების შემოღება, მაგრამ არა ისეთის, როგორზეც ახლა საუბრობენ რადიკალი ჩინოვნიკები.

რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვები მართლა იზრდება. ეს ბუმი განსაკუთრებით შესამჩნევია 2019 წლიდან: პანდემიისა და ომის ფონზე, რუსებმა აშკარად მოუმატეს სმას. მეტიც, რეკორდებს ამყარებს ძლიერი სასმელების მოხმარება. მათი გაყიდვები 2022 წელს გაიზარდა რეკორდული 7.3%-ით, ხოლო 2023 წელს კიდევ 3.6%-ით, და მიაღწია მაქსიმუმს - 7,2 ლიტრს ერთ სულ მოსახლეზე (წელიწადში). მთლიანობაში, 2019 წლიდან 2023 წლამდე, რუსეთში ალკოჰოლური სასმელების საცალო გაყიდვები გაიზარდა 10%-ით, ასევე მკვეთრად გაიზარდა ძლიერი სასმელების მოხმარება - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ექვსჯერ მეტი ალკოჰოლი ისმევა.

რაც უფრო იაფი და ხელმისაწვდომია ძლიერი სასმელები, მით უფრო მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი

„ძლიერი სასმელებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ლუდისა და მშრალი ღვინისგან“, - ამბობს დემოგრაფი ალექსეი რაკშა, რომლის თქმითაც, სწორედ ძლიერი სასმელების ბრუნვა უნდა შეიზღუდოს: „რაც უფრო იაფი და ხელმისაწვდომია ძლიერი სასმელები, მით უფრო მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებში“.

თავის Telegram-არხში რაკშამ ჩამოთვალა ზომები, რომლებიც შეიძლება მართლაც ეფექტური იყოს: „ძლიერი ალკოჰოლი (15%-ზე მაღალი) უნდა გაიყიდოს შეზღუდული რაოდენობის ადგილებში და ცუდად მისადგომ ადგილებზე; უნდა იყოს ძვირი, არ უნდა გაიცემოდეს ვიზუალურად არაფხიზელ ადამიანებზე; უნდა შეიზღუდოს მოცულობა; აქციზის გადასახადი უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ალკოჰოლზე; გაყიდვის დროც შეზღუდული და ნაკლებად მოსახერხებელი უნდა იყოს“.

თუ ეს ყველაფერი გაკეთდება, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შემცირება, არამედ შობადობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, - დარწმუნებულია დემოგრაფი.

რაკშას თქმით, პოლიციას შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი იატაკქვეშა დაწესებულება, თუმცა, „ამას სჭირდება პოლიტიკური ნება“.

ასევე ნახეთ რატომ გახდა საჭირო ანექსირებული ყირიმის დასაცავად დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზება?

ალკოჰოლის მიმოქცევის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ადმინისტრაციული შეზღუდვებით ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი დიდად არ შემცირდება.

„თუ მკვეთრად აკრძალავ ყველაფერს, მყისიერად გამოჩნდება არყის ადგილზე მიტანის სერვისები. აკრძალვა მთლიანად გახრწნის პოლიციას, რომელიც კორუფციაში ჩაეფლობა და თვითონ „დაკრიშავს“ ამ ბიზნესს“.

ყველაფერი კი იმით დასრულდება, რომ ვაჭრობის იატაკქვეშეთში გადასვლით მკვეთრად დაეცემა მოხმარებული ალკოჰოლის ხარისხი და ვიღაც აუცილებლად მოიწამლება. „შავ ბაზარზე არავინ შეამოწმებს ეტიკეტსა და ხარისხს: თუ ბოთლი ჰგავს ნამდვილს, ის გაიყიდება, მაგრამ რა იქნება შიგნით, უცნობია, პერიოდულად ხალხი მოიწამლება და დაიხოცება“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს დარგის ექსპერტმა.

მთავარია არ გააბრაზო!

ალკოჰოლის მწარმოებლები, მოვაჭრეები და ამ ბაზრის ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, თანხმდებიან ერთ რამეზე: რუსეთის მთავრობა, სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს ფედერალურ დონეზე „ნახევრად მშრალი კანონის“ მიღების იდეას.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ფედერალური ჩინოვნიკები განიხილავენ ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვებს და აწესებენ დღეში ორ „ბედნიერ საათს“, - უთხრა რადიოს ერთ-ერთმა რესპონდენტმა, - არაფერია ცნობილი იმაზე, რომ ყველაზე აქტიური დეპუტატები და გუბერნატორები განიხილავენ ამ საკითხებს ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროს დონეზე“.

ასევე ნახეთ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის სახლში ნაპოვნი დოკუმენტები და „საქართველოს კონსტიტუცია“ ბჟანიას მაგიდაზე

რუსეთის ხელისუფლება უკიდურესად სკრუპულოზური და ყურადღებიანია ყველაფრის მიმართ, რაც ალკოჰოლის მიმოქცევასთან არის დაკავშირებული. ამის რამდენიმე გასაგები მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ოფიციალურმა პირებმა კარგად იციან, რომ ალკოჰოლური სასმელების ხელმისაწვდომობის ნებისმიერი შემცირება ძალიან აღიზიანებს მოსახლეობას, რომელიც ისედაც არ არის კმაყოფილი ცხოვრების არსებული პირობებით: მიმდინარეობს ომი და ხალხი დროდადრო კრძალავს თავის საყვარელ ადამიანებს. გარდა ამისა, მაღალი ინფლაციის გამო ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძვირი ხდება. „ნორმალურ დროშიც, ხელისუფლება ცდილობს, ძალიან არ გააბრაზოს მოსახლეობა, როდესაც ლაპარაკია მაღაზიებში იაფ არაყზე, ხოლო კრიზისულ დროში, როგორიც ახლა უდგას რუსეთს, ამის გაკეთება ნამდვილად სახიფათოა“, - ამბობს ალკოჰოლის ბაზრის ექსპერტი.

კაცი კუნელის ნაყენის ბოთლებით. 2016 წელს რუსეთის მთავრობამ მოითხოვა ასეთი ნაყენის გაყიდვიდან ამოღება ირკუტსკში 40-ზე მეტი ადამიანის სასიკვდილო მოწამვლის შემდეგ.

მან მოიყვანა მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება თავიდან აიცილოს საზოგადოების გაღიზიანება ალკოჰოლის მიუწვდომლობის გამო: ალკოჰოლის მინიმალური ფასი, როგორც წესი, იზრდება ყოველი წლის დასაწყისში. მაგრამ იმ წლებში, როცა პრეზიდენტს ირჩევდნენ, არაყი ძვირდებოდა მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ. 2018 წელს ასეთი ინდექსაცია განხორციელდა შემოდგომაზე, ხოლო 2024 და 2012 წლებში - ზაფხულში (მინიმალური ფასების დაწესება მხოლოდ 2009 წლიდან დაიწყო).

„რასაკვირველია, არჩევნებამდე არაყის ფასის გაზრდა ვერ შეაფერხებს პუტინის „საყოველთაო სახალხო მხარდაჭერას“, მაგრამ, ცხადია, ასეთი მიდგომა შემთხვევითობა ნამდვილად არაა. უბრალოდ არ უნდათ, არჩევნების წინ ხალხი კიდევ ერთხელ გააბრაზონ“, - მიიჩნევს ექსპერტი.

თუ ბოთლი ნამდვილს ჰგავს, ის გაიყიდება, მაგრამ რა იქნება მასში, უცნობია

მეორე მიზეზი - ალკოჰოლის წარმოება-რეალიზაციას სახელმწიფოსთვის დიდი ფული მოაქვს. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი ვერ იტყვის უარს ამ შემოსავლებზე ომის პირობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. 2023 წელს მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადით რუსეთის ბიუჯეტმა მიიღო თითქმის 0,5 ტრილიონი რუბლი (რაც როსალკოგოლტაბაკკონტროლის მონაცემებით, 7%-ით მეტია, 2022 წელთან შედარებით). ცხადია, ამ თანხაში არ შედის მოგების გადასახადი წარმოება-ვაჭრობიდან.

ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის უმეტესი ნაწილი რეგიონულ ბიუჯეტში შედის. როგორც წესი, რეგიონების ბიუჯეტები დეფიციტურია, რის გამოც ისინი დამოკიდებული არიან ფედერალური ცენტრის სუბსიდიებზე, რომლის ჯამური მოცულობა 2024 წელს დაახლოებით 2,5 ტრილიონი რუბლია. თუ მოსკოვი ალკოჰოლის გაყიდვას შეზღუდავს, ეს გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ჩამოშლას - ფინანსთა სამინისტროს მოუწევს გაჩენილი ხვრელის როგორღაც ამოვსება. ამ დროს რუსეთის მთავრობის პრიორიტეტი ომია. ხელისუფლება ისედაც ზრდის გადასახადებს, რათა თავი გაართვას ომის შედეგად წარმოქმნილი ხარჯების დაფარვას. ასეთ პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება იმ დეფიციტის კომპენსირება, რომელიც აუცილებლად გაჩნდება ალკოჰოლის ვაჭრობის მკაცრი რეგულირების შემთხვევაში.

ასევე ნახეთ "მტრის შესაშინებლად". რას და როგორ დაიცავს ამერიკული "ანტიბალისტიკური გუმბათის" ახალი ბაზა პოლონეთში?

რატომ არ იქნება სახელმწიფო მონოპოლია

ალკოჰოლის მწარმოებლები უბრალოდ ძლიერი ლობისტები კი არიან, რომლებმაც იციან როგორ დაიცვან თავიანთი ინტერესები ექსტრავაგანტური გუბერნატორებისა და დეპუტატების წინაშე. ისინი ასევე კარგად არიან ინტეგრირებულნი ადგილობრივ ელიტებსა და რეგიონულ ინტერესთა ჯგუფებში. „პირობითად რომ ვთქვათ, აქ ასეთი ლოგიკაა, - ამბობს ერთ-ერთი წყარო რუსეთის ალკოჰოლის ბაზრიდან, - ფედერალურ ცენტრს მიაქვს გადასახადების დიდი ნაწილი, რომელიც რეგიონებში იკრიბება, მაგრამ გუბერნატორებსაც უტოვებენ რაღაცას. ალკოჰოლის ადგილობრივი მწარმოებლები არიან სწორედ ეს „რაღაცები“, რომლებსაც ფედერალური ხელისუფლება არ ეხება. ადგილობრივმა ჩინოვნიკებმაც ხომ უნდა იშოვონ ფული როგორც თავისთვის, ასევე რეგიონული ბიუჯეტისთვის?! ასეთი დაუწერელი შეთანხმება არსებობს“.

„სწორედ ამის გამო არ არსებობს (და არც იქნება) რუსეთში სახელმწიფო მონოპოლია ძლიერი ალკოჰოლური სასმელების წარმოებაზე, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ორი წყარო - ალკოჰოლის ექსპერტი და ალკოჰოლის მსხვილი წარმოების მენეჯერი, - ამჟამად ხელისუფლებაში არ არსებობენ სერიოზული ძალები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ სახელმწიფო მონოპოლიას ალკოჰოლზე“, - ამბობს ექსპერტი, რომლის თქმითაც, ამის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო მონოპოლიას არ ძალუძს მკვეთრად გაზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები ალკოჰოლის გაყიდვიდან. „ფინანსთა სამინისტროსთვის ბევრად უფრო ადვილია, როდესაც ალკოჰოლის კერძო მწარმოებლები კვებავენ რეგიონებს. ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლებაც კმაყოფილია და - ბიზნესიც“, - ამბობს ერთი წყარო, მეორის თქმით კი, „თუ ამ შემოსავალს წაართმევენ რეგიონებს, ისინი აუცილებლად მიადგებიან ფინანსთა სამინისტროს“.

ლუდსახარშები დაუცველები არიან სახელმწიფოს წინაშე, თუმცა პუტინი გულგრილი არ არის ლუდის მიმართ

ცნობილია რუსეთში ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანიების განკულაკების ცალკეული შემთხვევები, ასეთია, მაგალითად, „ყუბანის ღვინის“ ნაციონალიზაცია, თუმცა ეს მოხდა სულ სხვა საქმის ფარგლებში: რუსეთის პროკურატურამ მოახდინა ურალელი ბიზნესმენების, იური ანტიპოვისა და ალექსანდრ არისტოვის აქტივების ნაციონალიზაცია, რომლის ფარგლებში დეპრივატიზაციის მთავარი ობიექტი იყო არა ალკოჰოლის ბიზნესი, არამედ ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული ქარხანა. როგორც ექსპერტები ამბობენ, მთელი ინდუსტრიის ნაციონალიზაცია პრობლემური და რთულია. ამის ნაცვლად მთავრობას ურჩევნიამ ბიუჯეტის შესავსებად ლუდსახარშებს გაუზარდოს აქციზის გადასახადი. რუსეთში ლუდის ბაზრის 75% სამი კომპანიის ხელშია, ამიტომ მათი შემოსავალი სრულიად გამჭვირვალეა და ხელისუფლების „მიკროსკოპის ქვეშ“ იმყოფება. შესაბამისად, ლუდსახარშებს მოუწევთ ჯიბეებზე ხელის გაკვრა.

რუსი ფედერალური ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიუჯეტის შევსებაზე, ფიქრობენ არა ნაციონალიზაციაზე, არამედ, პირიქით, რუსეთის ალკოჰოლური ბაზრის უფრო მეტ ლიბერალიზაციაზე. ფინანსთა სამინისტრო დიდი ხანია ამტკიცებს, რომ აუცილებელია ღვინით ონლაინვაჭრობის ლეგალიზება და მისი უკანონო მიმოქცევიდან ამოღება. ამასვე ლობირებენ ონლაინმარკეტპლეისები. როგორც ექსპერტები ამბობენ, Ozon-მა და Yandex Market-მა უკვე შექმნეს გუნდები ალკოჰოლის ონლაინგაყიდვების დასაწყებად და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგეს ალკოჰოლის ონლაინვაჭრობის აკრძალვის მოხსნისკენ. მათი მთავარი არგუმენტია, ის რომ რუსეთში ყვავის ალკოჰოლის გიგანტური არალეგალური ონლაინვაჭრობა, რომლის მოცულობამ 2024 წელს შესაძლოა შეადგინოს 100 მილიარდი რუბლი. ამიტომ ჯობია უკვე არსებულის დაკანონება და გაყიდვებიდან მიღებული გადასახადების ბიუჯეტში შეტანა. ასევე გაცილებით დაბალი იქნება ხარისხიანი სასმლის საფარქვეშ შხამის მიღების რისკი.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ თემაზე მოლაპარაკებები რუსეთის ოფიციალურ პირებსა და ალკოჰოლის მწარმოებლებს შორის გაყინულია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციის გამო, რომელიც შიშობს, რომ აკრძალვის მოხსნის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეები ბევრად მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ.

რუსი მეღვინეები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები აკრძალვებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ღვინო არაყი არ არის, ის არც ისე საზიანოა და, გარდა ამისა, ახდენს ადგილობრივი მრეწველობის განვითარების სტიმულირებას.

ფინანსთა სამინისტრო იცავს კიდევ ერთ „ლიბერალურ“ მიდგომას, რომლის თანახმადაც, უნდა მოიხსნას სტადიონებზე ლუდის გაყიდვის აკრძალვა. როგორც არ უნდა წარიმართოს ეს მოლაპარაკებები და დისკუსიები, ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უფრო მეტად მიდრეკილია გააუქმოს დარგში არსებული შეზღუდვები, ვიდრე შემოიღოს „ნახევრად მშრალი კანონი“ და სახელმწიფო მონოპოლია.

ასევე ნახეთ ოკუპაციის გოლგოთა